"ჩემთვის გამორჩეული ადამიანი ჩემი მეუღლეა, შეიძლება მკითხველმა არც დაიჯეროს, მაგრამ მასთან არც კი მიჩხუბია" - როგორც მოხვდა "ველიჯანა" ჩცდ-ში და რას ჰყვება ცნობილ მეუღლეზე, ოჯახსა და ახალ როლზე - მშობლები

"ჩემთვის გამორჩეული ადამიანი ჩემი მეუღლეა, შეიძლება მკითხველმა არც დაიჯეროს, მაგრამ მასთან არც კი მიჩხუბია" - როგორც მოხვდა "ველიჯანა" ჩცდ-ში და რას ჰყვება ცნობილ მეუღლეზე, ოჯახსა და ახალ როლზე

2023-12-09 21:13:08+04:00

"ბავშვობიდან ველიჯანას მეძახიან, გვარის შემოკლებული ფორმაა, რაღაც ბუნებრივად დამკვიდრდა და მომწონს" - გვეუბნება მსახიობი, ტელე-რადიოწამყვანი დავით ველიჯანაშვილი. მრავალმხრივი ადამიანია - აქტიური, შრომისმოყვარე და საქმიანი. ამიტომაც იცნობენ სპექტაკლებიდან, სერიალიდან, ტელევიზიიდან, რადიოდან, ამასთან, ცნობილი ხმაა, წლებია, სერიალებს ახმოვანებს.

მეცხრამეტე სეზონზე "ჩემი ცოლის დაქალებიშიც“ აღმოჩნდა. არც ისე მარტივი პერსონაჟის თამაში უწევს. თუმცა მიაჩნია, რომ ამ როლზე მუშაობისას საინტერესო პროცესს გადის. დავით ველიჯანაშვილი AMBEBI.GE-ს სტუმარია და ჩვენს კითხვებს პასუხობს.

- "ჩემი ცოლის დაქალებში“ ბევრი წლის წინ ვიყავი. ოღონდ, ერთადერთი ეპიზოდი მქონდა, მგონი, მე-5 სეზონზე, მსახიობ თინა მახარაძესთან ერთად ვითამაშე. ეს მაყურებელმა ინტერნეტში დაწერილ კომენტარებშიც გაიხსენა. მოკლედ, ახლა ის პერსონაჟი სხვა ცხოვრებით და სხვა ამბებით დაბრუნდა... ამ ჯგუფთან "ხელოვნურ სუნთქვაზეც“ ერთი სეზონი ვიმუშავე. მაღალი დონის სერიალი იყო, სწორი და აუცილებელი მესიჯები ჰქონდა - ჟანრობრივად სოციალური დრამა იყო... ახლა „ჩემი ცოლის დაქალების“ მეცხრამეტე სეზონი მიდის. მაყურებლისთვის მართლა საკულტო სერიალი გახდა. მას ძალიან ნიჭიერი ადამიანები აკეთებენ. ეს სეზონი საკმაოდ საინტერესო გამოდის, ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მე ვმონაწილეობ. ვერც იმას ვიტყვი, რომელიმე სეზონი მეტი თუ ნაკლები იყო. თანაბრად წარმატებული და მრავალმხრივია. მებისმიერი ადამიანი აქ ისეთ ხაზს და ხასიათებს დაიჭერს და აღმოაჩენს, რომელიც მისთვის საინტერესოა და ის ამბები ჩვენ გარშემო ხდება.

- როლი როგორ მიიღეთ?

- იმ წუთისთვის შთაბეჭდილება აღმაფრთოვანებელი იყო. ქასთზე ეკა მჟავანაძემ მიმიწვია, მერე ირაკლი საღინაძეს შევხვდი და რა პერსონაჟის შესახებ ვისაუბრეთ. მიწვევას დიდი სიხარულით დავეთანხმე იმიტომ, რომ როგორც მსახიობს, მიმაჩნია, რომ რაც ჩემთვის ნაცნობი და პროფესიულად გათელილი როლია, იმის მიმართ შეიძლება ნაკლები ინტერესი მქონდეს. როცა მსახიობს შემოქმედებითად საინტერესო შემოთავაზებასთან გაქვს საქმე, ცხადია, მიმზიდველია. მოკლედ, უნდა შემექმნა გმირი, რომლის მსგავსი არასდროს შემიქმნია, რომელიც ჩემი პიროვნებისგან, დავით ველიჯანაშვილისგან აბსოლუტურად შორსაა. მივხვდი, რომ სხვა ადამიანის თამაში მომიწევდა, რაც საინტერესო გამოწვევაა.

- თანაუგრძნობთ მას?

- რაღაც ეტაპზე კი თანავუგრძნობ, თუმცა როგორ შეიძლება იმ ადამიანის მიმართ ემპათია გაგიჩნდეს, რომელმაც ის ჩაიდინა, რაც უკვე ჩაიდინა... აქ უფრო მნიშვნელოვანია გავიგოთ, ასეთი ადამიანების უკან რა დგას და საიდან მოდიან ისინი. ასეთ ნაბიჯს რატომ დგამენ. სადამდე შეიძლება ადამიანი მიიყვანოს არასწორმა გადაწყვეტილებებმა - ეს უნდა გავიაზროთ, რომ მსგავსი რამ არ დაგვემართოს.

- პროფესიით თეატრის მსახიობი ხართ - როდის მოვიდა ეს სფერო თქვენს ცხოვრებაში?

- 2002 წელს დავამთავრე თეატრალური უნივერსიტეტი. მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი თეატრის შტატში არ ვყოფილვარ, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ძალიან აქტიური თეატრალური ცხოვრება მქონდა, ასე აეწყო, თან პარალელურად ბევრი სხვა საქმეც მქონდა. სხვადასხვა თეატრალურ დასთან მიწვევის ფორმატით ვიყავი ხოლმე... პანდემიის მერე აღარ დავბრუნებულვარ, რაღაც არჩევანი მქონდა გასაკეთებელი და ინტერესების სფეროც ცოტა სხვაგან გადაიხარა. თუმცა სამომავლოდ შეიძლება რაღაცები ისევ იყოს თეატრში, არ გამოვრიცხავ.

- მასობრივად ასევე ტელეწამყვანობით გიცნობენ და რადიოს წამყვანიც ხართ...

- 19 წლის წინ მივედი „პირველ არხზე,“ პარალელურად მაშინ დავიწყე რადიოშიც მუშაობა და მას მერე ეს კავშირი არ შემიწყვეტია. რადიო გადაცემების მიმართულებით უამრავი რამ გამოვიარე - წამყვანობაც, საკუთარი გადაცემის წამყვანი და პროდიუსერიც ვიყავი. მაყურებელზე და მსმენელზე ყოველთვის ვფიქრობდი და ვფიქრობ. ტელეწამყვანობას რაც შეეხება, გაჩნდა იდეა საბავშვო გადაცემასთან დაკავშირებით, რომელმაც რამდენიმე წელი იარსება. მერე გეიმ-შოუ დავიწყეთ - ლიცენზირებული და საგანმანათლებლო პროექტი. საინტერესო იყო მასზე წლების განმავლობაში მუშაობა. რამდენიმე სეზონი მიდიოდა. კარგი პროექტი იყო - მოსული სტუმარი, როდესაც ბავშვებთან ერთად თამაშობდა, რაღაც თანხას რომ იგებდა, ქველმოქმედებაში დებდა. ეს სეგმენტი ჩვენ დავუმატეთ. ამ შოუთი ბევრი კარგი საქმე გაკეთდა. საერთოდ ცხოვრების მანძილზე უამრავ ადამიანთან მომიწია ურთიერთობამ და ამ ურთიერთობებით მიღებული გამოცდილება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია - განსაკუთრებულია მოზარდებთან ურთიერთობა.

- ამ ყველაფრის მიღმა დროს რას უთმობთ?

- დანარჩენ დროს და ენერგიას ოჯახს ვუთმობ, ოჯახს, რომელიც ჩემთვის ძვირფასია. ცხოვრებაში ხომ შვილები არიან ყველაზე მთავარი. მათ ისეთი მამა სჭირდებათ, რომელიც იმას მისცემს, რაც აინტერესებთ და სჭირდებათ. ამის გარდა მეგობრებთან ყოფნაც მნიშვნელოვანია და ცხადია, ძილი, დასვენება. ასევე არის კიდევ რაღაც ჰობიც. იხილეთ სრულად