ვხვდები, სულ უფრო მალე მოვა დრო, როცა ჩემი ჩაწნილი ნაწნავი აღარაფერში დაგჭირდება ვზივარ ხოლმე და გიყურებ, როგორ ზიხარ, ჩემნაირად წამოხრილი, ფეხებმოკეცილი, თავდახრილი და იყურები შენს აიპადში, ყურსასმენები გიკეთია და მგონია, რომ მაგ მოკეცილ ფეხებზე გკიდივარ. ვაკვირდები შენი თვალების მოძრაობას, თითების გადაადგილებას აიპადზე, ტუჩების მიმიკას და მგონია, რომ ჩემი არ ხარ. ვზივარ ხოლმე საღამოობით და ვცდილობ მოგეკრა. მოგეკრა მაგ ტანზე, რომელიც სულ უფრო და უფრო ემსგავსება დიდი გოგოს ტანს, მაისური სულ უფრო და უფრო რომ ეტმასნება, შენ კი იდაყვით მიცილებ, შენდაუნებურად, იმიტომ, რომ თამაშში გართულს, ხელს გიშლი. ვზივარ ხოლმე შენს გვერდით, შენს სქელ და გრძელ ნაწნავს ვუყურებ, დილით, სკოლაში წასვლის წინ რომ ჩაგიწანი და ახლა რომ ნახევრად ჩამოშლილა და ვხვდები, სულ უფრო მალე მოვა დრო, როცა ჩემი ჩაწნილი ნაწნავი აღარაფერში დაგჭირდება. ვზივარ ხოლმე ჩუმად და შენ სუნს ვიმწყვდევ ფილტვებში - პარფიუმის სურნელში გარეულ ოდნავ მომჟავო, ჯერ კიდევ ბავშვის, მაგრამ აღარც მთლად პატარა ბავშვის სუნს. ვზივარ და გიყურებ, როგორ არ მგავხარ. და არც მინდა, მგავდე. მე არ მომწონდა შენხელას ჩემი თავი... და ღამე, ძილის წინ, როცა ნაჩქარევად გადაიცვამ ხოლმე საღამურს მაგ გამოთლილ ტანზე, ხიჭვივით გამოზნექილი მკერდი რომ არავინ დაგინახოს, ვერაფრით ვხვდები, სად ქრება დრო... მაგრამ საწოლში შეწოლილი, საბანს რომ გადაშლი და გამომძახებ, ორი წუთით მოდი, ვითომ ძალიან ცივა და ჩავიფუთნოთო, მაშინ ვიცი, დარწმუნებით ვიცი, რომ დედა გიყვარს. შენი სულელი, სენტიმენტალური დედა.
ნინო თარხნიშვილი