ხშირად გაიგონებთ უფროსი თაობისგან, რომ ადრე უფროსებიც და პატარებიც უფრო ჯანმრთელები იყვნენ. გადავხედოთ რამდენიმე ძველ ტრადიციას, რომელიც წინა თაობას ცხოვრების წესად ჰქონდა და რომელსაც კარგი ჯანმრთელობის საფუძვლად თვლიდნენ.
ბავშვების ჯანმრთელობის ერთ-ერთ მთავარ საფუძვლად დღის რეჟიმი ითვლებოდა: დილით ადრე ადგომა, გამამხნევებელი ვარჯიშები, კვება გარკვეულ საათებში და ერთსა და იმავე დროს დაძინება. ბებიები და ბაბუები იცავდნენ ამ რეჟიმს და ყოველ მომავალ თაობასაც ასწავლიდნენ: ნუ მიირთმევთ კვებათა შორის, არ დაიძინეთ შუაღამემდე, სიბნელეში არ უყუროთ ტელევიზორს და არ იკითხოთ, თუ კარგი განათება არ არის.
მიუხედავად მკაცრი რეჟიმისა, სოფელში ბავშვებს ზაფხულში თითქმის სრულ თავისუფლებას აძლევდნენ. ბავშვებს სახლში ნაკლები გასართობი ჰქონდათ და გული სულ გარეთ მიუწევდათ. დიდ სივრცეში და ბევრ ადამიანთან კომუნიკაცია მეტ დამოუკიდებლობასა და დროის მართვის უნარს უმუშავებდა. უმეტესობა ბავშვებისა არა სასტუმროებში, არამედ სოფლებში ისვენებდა, სადაც მდინარეში ცურავდა, ტყეში დახეტილობდა და ძალის გამოცლამდე არემარეს იკვლევდა, უფროსებისთვის ბაღ-ბოსტანში დახმარება, ფიზიკური აქტივობა ავარჯიშებდა მზარდ ორგანიზმს.
თბილი ტანსაცმელი, შალეული და ბეწვეული წარსულში ძალიან გამოსადეგი ნივთები გახლდათ. თავს იცავდნენ გაციებისგან, რადგან მკურნალობას დიდი დრო და სკოლის ან სამსახურის გაცდენა სჭირდებოდა, ეს კი მკაცრად კონტროლდებოდა. ამიტომ ბავშვებს, განსაკუთრებით, გოგოებს, ფეხი ყოველთვის თბილად ჰქონდათ, არც ახალდაბანილი თავით გადიოდნენ გარეთ, ყოველთვის ეხურათ ქუდები და შარფები ეკეთათ. თუ მაინც შეხვდებოდათ გრიპი, არავინ ჩქარობდა ანტიბიოტიკის დალევას.
თუ საქმე გაციებას ეხებოდა, პირველ რიგში მცენარეებით და ხალხური საშუალებებით მკურნალობდნენ. ფეხები ცხელ წყალში, რძე და სოდა, მკერდისა და ზურგის დაზელვა, მდოგვის საფენები. ინჰალაციები კარტოფილის ნახარშით, ოფლის მოდენა - ეს მეთოდები დღეს სერიოზულად აღარავის ეჩვენება, მაგრამ ფაქტია, მაშინდელი ადამიანები ასე ჯანმრთელდებოდნენ.
შელოცვები, გამოლოცვები, ბავშვების ბაგაზე დაბმა ენის ამოსადგმელად და სხვა საოცრებები, ძირითადად, წარსულში დარჩა, თუმცა საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ბევრი ამტკიცებს, რომ პრობლემა სწორედ ასეთი გზით მოაგვარეს.
სამაგიეროდ, ასევე ტრადიციული გზებით მოჰყავდათ ხილი და ბოსტნეული, შინაურული საკვებით ზრდიდნენ ქათმებსა და საქონელს. შესაბამისად, ჯანსაღ პროდუქტს ჭამდნენ, რაც, ალბათ, მათი ჯანმრთელობის მთავარი საყრდენი იყო .
ბაბუები და ბებიები გაყინულ ინგრედიენტებს, ნახევარფაბრიკატებს არ იყენებდნენ. არ ეზარებოდათ ყოველდღე და დღეში სამჯერაც საკვების მომზადება და ბევრ საბჭოთა შვილიშვილს ჯერ კიდევ ახსოვს ახალმომზადებული, ნამდვილი, ნატურალური გემოები.