არაერთი კვლევით დამტკიცებულა, რომ უბედური შემთხვევების რიცხვი სადღესასწაულო დღეებში იზრდება. ამიტომ სიფრთხილე ერთ-ერთი მთავარი გამოცდილებაა, რაც სადღესასწაულო აჟიოტაჟის დროს უნდა გავიზიაროთ.
მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებს ყოველთვის მართებთ სიფრთხილე და გამონაკლისი არც ახალი წელია. პატარა ბავშვებთან განსაკუთრებულ საფრთხეს ნაძვის ხის მსხვრევადი სათამაშოები, „წვიმები“, მძივები და წვიმისგან გაკეთებული მოსართავები ქმნის.
როცა სახლში პატარა ბავშვია, ნაძვის ხის ქვედა ნაწილი თავისუფალი უნდა იყოს ზემოჩამოთვლილი დეკორისგან და მათ შორის, ნათურებისგან.
ზოგადად, ბავშვიანმა ოჯახებმა ნაძვის ხის მსხვრევადი სათამაშოებით მორთვას, ჯობს, თავი აარიდონ – შეიძლება სათამაშო ჩამოვარდეს, ან თავად გაგიტყდეთ და იატაკზე ნამსხვრევები დარჩეს. ნამსხვრევის გადაყლაპვის შემთხვევები არაერთხელ დაფიქსირებულა, რასაც შინაგანი დაზიანების და შინაგანი სისხლდენის რისკი ახლავს.
ჯობს, ნაძვის ხის სათამაშო მაღალი ხარისხის პლასტმასისგან, ხისგან, ტექსტილისგან იყოს დამზადებული. ყურადღება მიაქციეთ აგებულებასაც: მათ უნდა ჰქონდეთ ერთგვაროვანი სტრუქტურა, მძივების, ბრჭყვიალების და სხვა მცირე ნაწილების გარეშე. ცალკე საშიშროებას წარმოადგენს საახალწლო „წვიმები“. თამაშისას ბავშვებმა შეიძლება შემთხვევით ჩაყლაპონ ან გადასცდეთ ამ დეკორაციების ფრაგმენტი.
არაერთი სამედიცინო შემთხვევა ყოფილა, როცა ბავშვები კლინიკაში ფილტვების ანთებით მოხვდნენ და მთელი რიგი გამოკვლევების შემდეგ ირკვევა, რომ ბავშვს ბრონქებში საახალწლო „წვიმის“ ფრაგმენტები აქვს.
თუ ბავშვი გადაყლაპავს უცხო საგნებს, სასწრაფოს გამოძახებაა საჭირო, ექიმების მოსვლამდე არავითარ შემთხვევაში არ უნდა მისცეთ საკვები და წყალი. „თუ ენაზე საგანი ჩანს, ფრთხილად მოაშორეთ იგი, გადაცდენის შემთხვევაში კი დაიჭირეთ ბავშვი პირით ქვემოთ და შეანჯღრიეთ. გრავიტაციის გავლენით უცხო ობიექტი, შესაძლოა, თავისითაც გადმოვარდეს გარეთ.