22 დეკემბერს ზამთრის მზებუდობაა. ზამთრის მზებუდობის დროს ყველაზე გრძელი ღამე და ყველაზე მოკლე დღეა. 22 დეკემბრის შემდეგ, დღის ხანგრძლივობა ნელ-ნელა იმატებს. აღნიშნული დღე უძველესი დროიდან განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს და ადამიანები ფიქრობდნენ, რომ ბუნების გაღვიძება, აღორძინება სწორედ ამ პერიოდიდან იწყება. ამიტომაც, ზამთრის მზებუდობისთვის არაერთი ტრადიცია და რიტუალი შეიქმნა, რომლებსაც ყოველწლიურად მიმართავდნენ, რომ სახლში ბარაქა, იღბალი და წარმატება მოეზიდათ.
თუკი ზამთრის ბუნიობას პოზიტიური განწყობით შეხვდებით, აღნიშნული დღის ჯადოსნურობასა და მაგიას სრულად იგრძნობთ. ეს მოვლენა ზამთრის ერთ-ერთ უძველეს დღესასწაულად ითვლება და მსოფლიოს სხვადასხვა კულტურაში დღემდე აღინიშნება. ამავდროულად, ადამიანებს ყოველთვის თავიანთი რწმენა და წარმოდგენები ჰქონდათ. მაგალითად:
თუ ზამთრის ბუნიობის დღეს მზიანი ამინდი იქნება, მაშინ წლის ბოლომდე ასეთივე ამინდი გაგრძელდება.
- თუ ზამთრის ბუნიობის დღეს თოვს, ეს ნიშნავს, რომ წარმატებული და ბევრად უფრო ნაყოფიერი წელი გველის.
- თუ ზამთრის მზებუდობის დღეს მზეს ბეჭდით გახედავთ, არსებული წარმოდგენების მიხედვით, ამას შეუძლია, მომავალიო წლისთვის იღბალი და ჯანმრთელობა მოგიტანოთ.
- თუ ზამთრის ბუნიობის დღეს ფანჯარასთან სანთელს აანთებთ, მას შეუძლია, თქვენს სახლში სითბო და კომფორტი შემოიტანოს.
- თუკი ამ დღეს ვინმეს საჩუქარს გაუკეთებთ, ამ გზით შეძლებთ, წარმატება და კეთილდღეობა მოიზიდოთ.
რიტუალები, რომლებიც ზამთრის მზებუდობის დღეს წარმატების მოზიდვაში დაგეხმარებათ:
- ფანჯარასთან სანთელი აანთეთ. იფიქრეთ თქვენს ოცნებებზე, წარმოიდგინეთ მიზნები, სურვილები და მზეს ასრულებაში დახმარება სთხოვეთ.
- სხეულისა და ემოციების გაწმენდისათვის, მიიღეთ აბაზანა ზღვის მარილისა და სურნელოვანი ზეთების დამატებით. ითვლება, რომ ეს უარყოფითი გავლენისა და ემოციებისაგან გაგათავისუფლებთ და მოგცემთ ძალას, რომ ცხოვრება კვლავ შემართებით განაგრძოთ.
- თუ გსურთ, სიყვარული მოიზიდოთ, ფანჯარასთან ორი სანთელი აანთეთ, იფიქრეთ საყვარელ ადამიანზე და მზეს დახმარება სთხოვეთ.
- სიმდიდრის მოსაზიდად, აიღეთ მონეტა და ფანჯარაზე ისე დადეთ, რომ მზის სხივი პირდაპირ მას უყურებდეს. ძველი წარმოდგენების მიხედვით, ამ რიტუალს შეუძლია, მთელი წლის განმავლობაში ფინანსური კეთილდღეობა მოგიტანოთ.
- თუ გსურთ, ჯანმრთელობა მოიზიდოთ, მაშინ წყლით სავსე ჭიქა ფანჯარასთან მოათავსეთ ისე, რომ მზის სხივი მოხვდეს. იფიქრეთ საკუთარ მდგომარეობაზე და მზეს დახმარება სთხოვეთ. შემდეგ კი წყალი დალიეთ.
- გაისეირნეთ ბუნებაში - თუ თავისუფალი დრო გაქვთ, შვილებთან, მეგობრებთან ერთად წადით პარკში, მოაწყვეთ ლაშქრობა. გასულ წელზე იფიქრეთ და დაფიქრდით იმაზეც, თუ რისი განხორციელება გსურთ სამომავლოდ.
- გარდა ამისა, ზამთრის მზებუდობის დღეს შეგიძლიათ, თქვენი სურვილები, ოცნებები სუფთა ფურცელზე დაწეროთ, შემდეგ გადაახვიოთ, სანთელი აანთოთ და ფურცელს ერთი ბოლოდან მოუკიდოთ. დაელოდეთ, ვიდრე მთლიანად არ დაიწვება. ამ პერიოდის განმავლობაში კი იფიქრეთ მიზნებზე. ფერფლი ფანჯრიდან მიმოფანტეთ. ითვლება, რომ ამ გზით სამყაროს თქვენს სურვილებს ყველაზე უკეთ გააგებინებთ.
- ზამთრის მზებუდობა გამოცოცხლებასთან, აღორძინებასთან ასოცირდება. ამიტომ, ამ დღეს ძალიან კარგია, თუ რაიმე მცენარეს სახლში მიიტანთ, ან ქოთანში, ბაღში დარგავთ, ეს თქვენს ოჯახში განახლებულ ენერგიას, სითბოსა და მზის სხივებს შემოიტანს.
- შეეცადეთ ზამთრის მზებუდობის დღე მშვიდად, კონფლიქტის, აგრესიის გამოვლენის გარეშე გაატაროთ,მადლიერება, კეთილგანწყობა გამოხატოთ და უკანაც იგივე დაგიბრუნდებათ.