18 წლის ნია ჯიქია ამერიკის Ivy League-ის უნივერსიტეტმა, Cornell University-მა სრული, 384 000$ დაფინანსებით მიიღო. ნია სწავლას აგვისტოდან ხელოვნებისა და მეცნიერებების დეპარტამენტში, კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით გააგრძელებს. იქამდე კი გვიყვება, რა გზა გაიარა წარმატების მისაღწევად და როგორია მისი მოლოდინები:
- საქართველოში კომაროვის სკოლა-პანსიონი დავასრულე. Cornell University-ში კი სრული დაფინანსებით ჩავირიცხე. დაფინანსება გულისხმობს როგორც სწავლის, ასევე საკვების, საცხოვრებლის გადასახადს, ჯანმრთელობის დაზღვევას...
მე-10 კლასიდან მინდოდა, ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩამებარებინა და EducationUSA Georgia-ს ედვაიზერების, ქალბატონი დალი ხომერიკისა და თათია რთველაძის დახმარებით, საჭირო ინფორმაცია მივიღე, გავიგე, როგორ უნდა შემედგინა აპლიკაცია, რაზე გამეკეთებინა აქცენტი, რა მონაცემები უნდა შემეგროვებინა. ასევე, კლასგარეშე აქტივობებში ყოველთვის აქტიურად ვიყავი ჩართული. გარდა იმისა, რომ უმაღლესი აკადემიური მოსწრება მქონდა, ვცდილობდი, მოხალისეობრივ საქმიანობებშიც ხშირად მიმეღო მონაწილეობა. გამოვდიოდი საერთაშორისო კონფერენციებზე და აბსოლუტურად ყველა შესაძლებლობას ვიყენებდი, რომ აქტიური ვყოფილიყავი, ბევრი ახალი რამ გამეგო და აღმომეჩინა.
მე-11 კლასში FLEX-ის პროგრამაში გავიმარჯვე და ამერიკის შეერთებულ შტატებში წავედი. ინდიანას შტატში ერთი აკადემიური წლის განმავლობაში ვიცხოვრე. სწავლის პარალელურად, კლასგარეშე აქტივობებშიც ხშირად ვერთვებოდი, გავხდი ჩემი სკოლის თვის მოსწავლე, შევასრულე 100-ზე მეტი მოხალისეობრივი საათი და ამერიკის დეპარტამენტმა მადლობის სერტიფიკატი გადმომცა. ასევე, გავხდი FLEX-ის პროგრამის სტიპენდიატი და ამერიკის შეერთებულ შტატებში, სამოქალაქო განათლების კვირეულში მივიღე მონაწილეობა, რაც ასევე სრულად დაფინანსდა. დიდი ხნის განმავლობაში Helping Hand-ის მოხალისე ვიყავი. 2021 და 2023 წელს წლის საუკეთესო მოხალისის ჯილდოზე ვიყავი ნომინირებული. ის, რასაც საქართველოში ვაკეთებდი და შემდგომ უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებში განვაგრძე, ჩემს აპლიკაციაში აისახა და შესაბამისი შედეგიც მივიღე.
- პირველ რიგში, აპლიკაციის გადაგზავნა ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. აპლიკაცია კომპლექსურია და შეიცავს მე-9-მე-12 კლასის ოფიციალურ ნიშნებს. ასევე, იგზავნება სარეკომენდაციო წერილები. იწერება ესეები, იგზავნება კლასგარეშე აქტივობების სრული სია. ამავდროულად, მიღება ითვალისწინებდა უნარებისა და ინგლისური ენის გამოცდებსაც.
- სწავლის დაწყებას განსაკუთრებით ველი. Cornell University-ში ტექნოლოგიების, მათემატიკის, სხვადასხვა მეცნიერების მიმართულებით არაერთი ძალიან კარგი შესაძლებლობაა. ვფიქრობ, შევძლებ, როგორც ტექნიკური მხარის მიმართ ინტერესების დაკმაყოფილებასა და შემეცნებას, ასევე ჰუმანიტარული მიმართულებითაც განვაგრძობ სწავლას, იქნება ეს ენების შესწავლის, საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით და თუ სხვა. მგონია, Cornell University სწორედ ის ადგილია, სადაც ჩემს მრავალმხრივ ინტერესებს სრულად დავიკმაყოფილებ და კიდევ უფრო მეტს გავიგებ.
- მათემატიკა და ფიზიკა განსაკუთრებით მომწონდა, მაგრამ ისტორია, ინგლისური, ქართული, სოციალური მეცნიერებებიც ყოველთვის მაინტერესებდა. ვფიქრობ, ჩემს აპლიკაციაში აისახა ის, რომ მხოლოდ ერთი მიმართულებით არ ვიყავი დაინტერესებული და გამოწვევებისა და მრავალმხრივი შემეცნებისთვის ღია ვიყავი.
ეს შედეგი საოცრად დიდი შრომის ნაყოფია. ვფიქრობ, შრომისმოყვარეობის, პასუხისმგებლობისა და მიზანდასახულობის გარეშე, არაფერი გამომივიდოდა. მგონია, ყველაფერს პატიოსნად ვაკეთებდი. მთელი გულით მინდოდა, გამომსვლოდა და ბევრი ვიშრომე. ყველა მოსწავლეს ვურჩევდი, რომ თუ რაიმე ოცნება აქვთ, აუცილებლად მიჰყვნენ და დაბრკოლებებს არ შეუშინდნენ.
- ოჯახს საოცრად დიდი როლი აქვს. ჩემი მშობლები ჩემთვის პირველი მხარდამჭერები იყვნენ. არა მხოლოდ ისინი, არამედ ბებიები, ბაბუები, ნათესავები ყოველთვის დიდ მოტივაციას მაძლევდნენ და ჩემს განვითარებას ხელს უწყობდნენ. ამერიკელი ოჯახისაც ძალიან მადლიერი ვარ იმიტომ, რომ იქ ყოფნის დროს ძალიან დამეხმარნენ. მათთან დღემდე მაქვს კომუნიკაცია.
- ბევრი კომპონენტია გასათვალისწინებელი. ინგლისური ენის კარგად ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენმა თაობამ ეს ენა საკმაოდ კარგად იცის. გარდა ამისა, თუკი უცხოურ უნივერსიტეტებში ჩაბარებას გეგმავენ, ჯობს მოკვლევა, ინფორმაციის მოძიება, მათი მოთხოვნების გაცნობა წინასწარვე დაიწყონ. ასევე, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ იყვნენ აქტიურები, ჩაერთნონ სხვადასხვა პროექტში, რადგანაც უნივერსიტეტში მიღების წინაპირობა მხოლოდ კარგი აკადემიური მოსწრება არ არის.
ამერიკულ უნივერსიტეტებში განსაკუთრებით აინტერესებთ, როგორი ადამიანი, მეგობარი ხართ, რა პასუხისმგებლობები გაქვთ, როგორ ერთვებით სოციალურ აქტივობებში. მხოლოდ იმის გამო არ მიგიღებენ უნივერსიტეტში, რომ, პირობითად, მათემატიკაში 10 ქულა გაქვთ იმიტომ, რომ მაღალი აკადემიური მოსწრება ბევრ ბავშვს აქვს. მათ მთლიანი კონტექსტი აინტერესებთ. ამიტომ, ყველას ვურჩევ, რომ სულ ეძებონ რაღაც ახალი, არასდროს გაჩერდნენ და ჰქონდეთ მიზანი.
თამარ იაკობაშვილი