სადღესასწაულო დღეები გვიახლოვდება და როგორ წესი, ამ პერიოდს ბავშვები განსაკუთრებით აღნიშნავენ. თოვლის ბაბუას, საჩუქრების მიღებას ელოდებიან. გართობა, საყვარელ ადამიანებთან, თანატოლებთან ერთად ყოფნა სურთ. თუმცა, შესაძლოა, ამ პერიოდს გარკვეული იმედგაცრუებებიც თან ახლდეს. როგორ უნდა მივუდგეთ ბავშვს, რომ გადაჭარბებული მოლოდინები არ ჰქონდეს და ემოციურადაც და ფიზიკურადაც ზედმეტად არ გადაიღალოს - თემაზე მწერალი, ფსიქოლოგი და წერის საავტორო სკოლის დამფუძნებელი გურამ მეგრელიშვილი გვესაუბრება:
- გადაჭარბებული მოლოდინები შფოთვას იწვევს, რომელიც შესაძლოა, მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდეს. ორი საკითხი უნდა განვსაზღვროთ და შევეცადოთ, ზღვარი გავავლოთ. პირველი - ბავშვს ოცნება საერთოდ არ უნდა მოვუკლათ და პატარა ასაკშივე არ უნდა ვუთხრათ, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს. მეორე - არ შევუქმნათ ილუზია, რომ რასაც ინატრებს, ყველაფერი აუსრულდება. პირველ რიგში, როდესაც მსგავს საკითხზე ვსაუბრობთ, ასაკი უნდა განვსაზღვროთ. ლოგიკურია, რომ 5 წლის ბავშვი შეიძლება, თოვლის ბაბუას ელოდებოდეს. მაგრამ, თუ 16 წლის მოზარდი კვლავ თოვლის ბაბუას ელოდება, მაშინ ან მანიპულაციას აქვს ადგილი, ან გარკვეული ტიპის ინფანტილიზმთან გვაქვს საქმე. შესაბამისად, ის მიდგომა, რომ ზოგიერთი მშობელი შვილს თავიდანვე ეუბნება, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს და ფიქრობს, მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს, გარკვეული ტიპის ოცნებების მსხვრევას უკავშირდება. თუ ბავშვს თოვლის ბაბუის სჯერა, მაგრამ ითხოვს ისეთ ნივთებს, რომელთა შეძენასაც მშობელი ვერ ახერხებს, შეუძლია, უთხრას, რომ თოვლის ბაბუასაც გარკვეული რესურსები აქვს და შეიძლება, მიტანა ვერ შეძლოს. ამიტომ, შესთავაზეთ ორი ალტერნატიული წერილის დაწერა, რომ არჩევანის შესაძლებლობა ჰქონდეს. ერთის მიტანას თუ ვერ შეძლებს, მეორე ხომ აუსრულდება. თუ ბავშვს თოვლის ბაბუის არ სჯერა, მაშინ ხვდება, რომ საჩუქარი მშობელმა უნდა მიუტანოს. ამ შემთხვევაში, მშობელმა შეიძლება, შვილს უთხრას, რომ მას გარკვეული შეზღუდული რესურსები აქვს. თუმცა, ეს უნდა მივაწოდოთ ისე, რომ სტრესული არ იყოს და ბავშვს დანაშაულის შეგრძნება არ ჰქონდეს. არ იფიქროს, რომ საჩუქრის გამო დედას ან მამას წვალება უწევთ. დამუნათება, რომ მის გამო რაღაცას აკეთებთ, რაიმეზე უარს ამბობთ, ძალიან სტრესულია. შეიძლება ბავშვს მთელი ცხოვრების განმავლობაში ვალდებულებისა და დანაშაულის განცდა ჰქონდეს. ამიტომ, კარგი ვარიანტია, თუ მშობელი შვილს ეტყვის, დაახლოებით, რა ბიუჯეტის ფარგლებში აპირებს საჩუქრის შერჩევას და შერჩევის პროცესში თავადაც ჩართავს.
- ამ თემაზე ლაპარაკის დაწყება არ ღირს. როდესაც ბავშვობაში ზღაპარს ვკითხულობდით, სხვანაირად გვესმოდა. წარმოიდგინეთ, მშობელმა შვილს ზღაპარი წაუკითხოს და თან უთხრას, რომ იქ რაც წერია, ყველაფერი ტყუილია. ძალიან კარგია, როცა მას რაიმე დიადის სჯერა. თოვლის ბაბუის მოლოდინიც ასეთია. მოლოდინის ხელოვნურად მოკვლა სრულ დისონანსს იწვევს. ბავშვი ამას თავად უნდა მიხვდეს. იმის გააზრება, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს, მისთვის ზრდასრულობის ეტაპზე გადასვლასთან უნდა ასოცირდებოდეს და არა იმედგაცრუებასთან. შევთანხმდეთ, ბავშვმა უფროს ასაკში უნდა გაიგოს, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს, მაგრამ ამას დროთა განმავლობაში, თავად მიხვდება.
ზოგადად, ახალი წლის "ზეგანსაკუთრებულობის“ იდეა არ მომწონს. ვფიქრობ, ეს ბიზნესმა მოიგონა იმიტომ, რომ კონკრეტულად ერთი დღისთვის უფრო მეტი პროდუქტი გაიყიდოს. ამას ვერ შევცვლით და ბავშვისთვის ახსნაც ძალიან რთულია. ამიტომ, ამ დროს ერთ-ერთი გამოსავალია, რომ მშობელს შვილთან სწორი კომუნიკაცია ჰქონდეს. თუმცა, ეს "თავის მოსაწყლებით“ არ უნდა მოხდეს. ასაკს, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა აქვს - როცა მშობელი მას უხსნის, რომ უნდა, რაღაცით გაახაროს, საყოველთაო ზეიმში ჩართოს და გარკვეულ პირობებს აწესებს, ბავშვიც უკეთესად იგებს. შესაძლოა, პროცესში ჩართვა, რაიმეში მომზადება შესთავაზოს. თუ ბავშვი ძვირად ღირებული ტელეფონის ყიდვას ითხოვს, მშობელმა უნდა აუხსნას, რომ ამ ეტაპზე ამის საშუალება არ აქვთ. პრიორიტეტებს თავად განსაზღვრავენ. შესაძლოა, ოჯახში საცივის გაკეთებაზე უარი თქვან და დაზოგილი თანხით შვილებს რაიმე საჩუქარი გაუკეთონ. 90-იან წლებში მშობლები სახლში არსებული რესურსებით ძალიან მარტივ საჩუქრებს გვიმზადებდნენ და ეს დღე მაინც განსაკუთრებული იყო, ყველას გვიხაროდა. პატარა ბავშვისთვის ნივთის ფასს მნიშვნელობა არ აქვს და მატერიალურ კონვერტაციას ვერ ახერხებს. რომ ამბობს, რომ მანქანა უნდა, ფასი ძვირია, თუ იაფი, ვერ იგებს. ამიტომ, ასეთ შემთხვევაში რაიმე ორიგინალური, ისეთი საჩუქრის გაკეთებაა კარგი იდეა, რომელსაც ხალისსა და მხიარულებაში გადავიტანთ. სესხი რომ აიღოს მშობელმა იმის გამო, რომ ბავშვს ბოლო მოდელის ტელეფონით კლასელების გაოცება უნდა, ალბათ, არასწორი მიდგომაა. სინამდვილეში, ბავშვებს მშობლების შესანიშნავად ესმით, თუკი მათ ინფორმაციას დამუნათების გარეშე, გასაგებად ავუხსნით, რომ ახლა ვაკეთებთ იმას, რისი საშუალებაც გვაქვს და სამომავლოდ, შესაძლოა, უკეთესი გვქონდეს.
- მე ვფიქრობ, ახალ წელს მშობლები უფრო აჟიტირებულები არიან, ვიდრე შვილები. რეჟიმი შვილს მშობელმა თავად უნდა შესთავაზოს. არის ოჯახები, სადაც ზოგიერთი ბავშვი ღამის 3 საათზე იძინებს იმიტომ, რომ მშობლებმა მიაჩვიეს ამ რუტინას.
- ჩემი აზრით, ეს ბავშვზე გარკვეული ტიპის ძალადობაა. ისევ მშობელს სჭირდება, რომ სცენაზე გამოვიდეს, გამოჩნდეს... ჩვენს ინტერესებსა და მოლოდინებს თავს ვახვევთ. ისიც ცდილობს, მშობელს თავი მოაწონოს. იმის გამო, რომ მშობელი "ასახელა“, უფრო მეტ სითბოს იღებს. ეს დამოკიდებულება კი ვფიქრობ,არასწორია. როდესაც ახალი წლის შემდეგ ბავშვები სკოლაში ბრუნდებიან, განსაკუთრებით გადაღლილები არიან. ახალი წლისთვის არდადეგები ხომ იმიტომაა, რომ დაისვენონ, განიტვირთონ... ისინი, პირიქით, გადაღლილები, გასავათებულები მოდიან. თებერვლის შუა რიცხვებამდე, ფაქტობრივად, გვჭირდება, რომ ჩვეულ რიტმს დაუბრუნდნენ და ფორმაში ჩადგნენ. მშობლები ბავშვებს დასვენების შესაძლებლობას არ აძლევენ.სხვადასხვა წრეზე, აქტივობაზე დაატარებენ. რა თქმა უნდა, მათ ეს განვითარებისათვის სჭირდებათ, მაგრამ მტანჯველი, დამქანცველი არ უნდა იყოს.
- ეს ასაკი უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ სანამ ის ბავშვია, სანამ ფანტაზიებში, ოცნებებშია, ითამაშოს. ჩვენ ამ დროს ვართმევთ და ვცდილობთ, მაქსიმალურად დავტვირთოთ. რომ გაიზრდება, მერე იწყებს თამაშს, თუმცა სხვა მიმართულებით...ბავშვი უფრო მეტად უნდა ერთობოდეს და სწავლის პროცესი სასიამოვნო იყოს, ნელ-ნელა კი ეს დატვირთვა გაიზარდოს. იმის თქმა, რომ ბავშვს ენერგია აქვს და ბევრი რამის გაკეთება უნდა მოასწროს, არასწორია. ხშირად მინახავს, ქუჩაში, მანქანაში ჭამენ, ერთი ადგილიდან მეორეში გარბიან და თავისუფალი დრო საერთოდ აღარ აქვთ. ჩემი აზრით, ჩვენი, მშობლების მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ ბავშვი გავაბედნიეროთ. მეტ-ნაკლებად, ყველა მშობელი იცნობს შვილს და ალბათ, იცის, როგორ უნდა გახადოს ბავშვი ბედნიერი. შესაძლოა, მისთვის განსხვავებული ტანსაცმელი საერთოდ არ იყოს ძვირფასი და უფრო მნიშვნელოვანი ერთი კონკრეტული სათამაშოს ყიდვა იყოს. ჯობს, ვუყიდოთ ის სათამაშო, რომელიც ძალიან უნდა, შეიძლება, მოგვიანებით გატეხოს და გადააგდოს, მაგრამ შინაგანად ბედნიერი და კმაყოფილი იქნება. ეს კი სამომავლო ცხოვრებისთვის განსაკუთრებით გამოადგება. მთელი ჩვენი ცხოვრება ხომ ბავშვობაში აუხდენელი ოცნებების ძიებაა.
თამარ იაკობაშვილი