მიმდინარე წლის ზაფხულში მომხდარმა შოვის ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წარმოქმნილმა ღვარცოფმა 35 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მათ შორის, ორი მაშველიც იყო - მათ გაუჭირდათ ამ უმძიმესი ემოციების გადატანა, დაღუპულების მეწყრის მასაში ძებნა და აღმოჩენისას დათვალიერება ორივე მათგანს ინფარქტი განუვითარდა.
გია დუდაშვილი, თოჯინით ხელში, ტალახის მასაში ოჯახის წევრების ძებნისას ამ ტრაგედიის სიმბოლოდ იქცა. მეუღლისა და სამი შვილის ერთად დამკარგავმა მამამ 2 წლის შვილის, aნასტასიას თოჯინა იპოვა და თან დაატარებდა. გია დუდაშვილის მეუღლე ნატო ჭელიძე და უფროსი შვილი, 7 წლის ლუკა ტრაგედიიდან მხოლოდ მეოთხე დღეს იპოვეს, შემდეგ 4 წლის ანდრია… სულ ბოლოს კი თოჯინას პატრონი, 2 წლის ანასტასია, რომელიც მამამ ექსპერტიზაზე 24 აგვისტოს ამოიცნო.
ჩვენს საზოგადოებაში ალბათ არავინ მოიძებნება, ვისაც ამ დროს სამი შვილის დამკარგავი მამისთვის ნუგეშის მიცემა და გვერდით დგომა არ სურდა. მაგრამ ეს სამწუხაროდ, შეუძლებელია, არ მოიძებნება არც ერთი სიტყვა, რომელიც ამ მდგომარეობაში მყოფს ანუგეშებს. არც თავად უძებნია. ამ მოკრძალებულ ადამიანს არავისთვის მიუმართავს, თავისი ტრაგედია ერთი სიტყვითაც არავისთვის მოუხვევია. ვიდრე შვილები ცოცხლები ეგონა, ხელისუფლებას სთხოვდა, რომ სტიქიის ზონაში ვერტმფრენი დროულად გაეგზავნათ.
ჩვენ კი გია დუდაშვილის ახლობელი გვესაუბრა. მან არ ისურვა ვინაობის გამხელა, ჩვენი საუბრით შვილების დამკარგავ მამას ტკივილი არ განვუახლოო...
- სამწუხაროდ, სიმართლეს წერდნენ. ასეთ უბედურებებში ადამიანი თითქოს რაღაც მიზანს ხავსივით ეჭიდება და ეს აძლებინებს. გიას ჯერ ის მიზანი ჰქონდა, რომ ცოლ-შვილი მოეძებნა და ამოეცნო. 11 დღე გაგრძელდა ეს კოშმარი, ამასობაში კი დრო გადიოდა. ამის შემდეგ დაკრძალვაა საჭირო და ამაზე ფიქრსაც დრო და ძალა სჭირდება. საფიქრალი და საზრუნავი დაკრძალვის შემდეგაც ბევრია: ვინც გიყვარს, იმ ადამიანებს იმქვეყნადაც ხომ სჭირდებათ ზრუნვა?!
ჰოდა, გიამაც იზრუნა. ვერ გეტყვით, რა ძალით ან რატომ მოხდა ეს ყველაფერი მის თავს, ეს აუხსნელია, მაგრამ ის ცოცხალია და ის უნდა გააკეთოს, რასაც სიცოცხლე ადამიანს სთხოვს. არადა, მარტოა, მშობლებიც კი ადრე დაეხოცა. მხოლოდ ერთი და ჰყავს და ისიც ემიგრანტია, ირლანდიაში ცხოვრობს ოჯახთან ერთად. რა თქმა უნდა, გიას დაც იყო დაკრძალვაზე, დადუმებული და გაქვავებული იჯდა; მაგრამ ის წავიდა. და უნდა წასულიყო, ოჯახი ჰყავს.