ბავშვები, რომლებსაც თავსატეხების ამოხსნა ეხერხებათ, ცხოვრებაშიც წარმატებას აღწევენ კომპიუტერი, ტელევიზორი და გაჯიუტებული ბავშვი, რომელიც ეკრანს არაფრის დიდებით არ თმობს - ეს სურათი ბევრ ოჯახში ყოველდღიური აურზაურის მიზეზია. არც არის გასაკვირი, ყველა დედას უნდა, შვილი წიგნთან ატარებდეს თავისუფალ დროს და არა კომპიუტერთან. ასევე ყველა დედის ოცნებაა, შვილი კარგად სწავლობდეს და ჰარმონიულადაც ვითარდებოდეს. ფსიქოლოგების ერთი ნაწილი ამ პრობლემით შეწუხებულ მშობლებს გარკვეულ გამოსავალს სთავაზობს. ეს გონებამახვილური, თავსატეხი თამაშებია, რომლებიც ერთდროულად გასართობიცაა და გონების სავარჯიშოც.
არაერთი ცნობილი ფსიქოლოგის რჩევით, თუ ბავშვს ასეთ ალტერნატივას სისტემატურად შესთავაზებთ, გონებრივი თამაში მის სერიოზულ გატაცებად იქცევა და სარგებლობასაც მოუტანს. ხოლო თუ ამ გასართობს ბეჭდური ფორმატით მიაწვდით, მომავალში წიგნისადმი, ჟურნალისადმი და საერთოდ კითხვისადმი სწორ ჩვევებსაც ჩამოუყალიბებთ.
3 წლის ბავშვს უკვე ყურადღების კონცენტრირება და ლოგიკური აზროვნება შეუძლია. მას ყველაფერი აინტერესებს, რაც ირგვლივ ხდება, უჩნდება ათასი შეკითხვა, რაც იმის ნიშანია, რომ დროა, მის ცნობისმოყვარე გონებას სათანადო საზრდო მისცეთ. ფსიქოლოგების აზრით, ამ მისიას ყველაზე უკეთ საბავშვო შემეცნებით-გასართობი ჟურნალები ასრულებენ, რადგან ერთდროულად მოიცავენ როგორც პატარებისთვის საკითხავს, ასევე გონების გასავარჯიშებელ თამაშებს. გარდა ამისა, ჟურნალს კითხვისადმი სიყვარულის გაჩენაშიც შეუძლია წვლილის შეტანა. იქ მოცემული ტექსტები ხომ გაცილებით პატარაა და წიგნისგან განსხვავებით, მათი მოცულობა პატარას არ აშინებს.
ქართულ ბაზარზე საბავშვო შემეცნებით-გასართობი ჟურნალების არცთუ დიდი არჩევანია. შეუძლია თუ არა ქართულ ჟურნალებს ბავშვისთვის სასარგებლო ალტერნატივად იქცნენ და უწყობენ თუ არა ხელს მის განვითარებას? ამ თემაზე სასაუბროდ ჟურნალ "საბავშვო კარუსელს" ვეწვიეთ.
შორენა ბურდილაძე, "საბავშვო კარუსელის" მთავარი რედაქტორი:
- ჟურნალში მნიშვნელოვან ადგილს ვუთმობთ დავალებებს, რომლებიც სასარგებლო უნარების განვითარებაზეა ორიენტირებული. ვეყრდნობით როგორც ქართველი, ასევე უცხოელი პედაგოგ-ფსიქოლოგების მიერ შემოთავაზებულ მეთოდებსა თუ ტესტურ სამუშაოებს. გვაქვს კროსვორდები, რებუსები, სხვადასხვაგვარი თავსატეხი, რომელთა ამოხსნას ან ამოკითხვას გონების დაძაბვა სჭირდება. თავსატეხი ამოცანები კარგად მოქმედებენ ლოგიკაზე, კრიტიკულ აზროვნებაზე, ყურადღების კონცენტრაციასა და შემოქმედებით უნარზე. სპეციალისტები აღიარებენ, რომ ბავშვები, რომლებიც ალღოს უღებენ და სწრაფად ხსნიან თავსატეხებს, ცხოვრებაშიც სწრაფად და მარტივად პოულობენ პრობლემის გადაწყვეტის გზებს, უვითარდებათ პრინციპული და ძლიერი ნებისყოფა, უადვილდებათ ცხოვრებისეული ამოცანების გადაწყვეტა, რაც წარმატების მთავარი წინაპირობაა.
ჟურნალის პირველსავე გვერდზე მშობლებს ვურჩევთ, ბავშვებთან ერთად მიიღონ მონაწილეობა ჟურნალის დავალებების შესრულებაში. ამას თავისი დატვირთვა აქვს. ჯერ ერთი, უფროსთან ერთად ამოხსნის პროცესი უფრო საინტერესო ხდება. უფროსებს ვურჩევთ, ბავშვთან ერთად იმსჯელონ, ხმამაღლა იფიქრონ, ერთად მოსინჯონ სხავადასხვა ვარიანტი. გამოცნობა ხომ ნამდვილი სიამოვნებაა, რომელსაც კომპიუტერულ თამაშზე ნაკლები ტკბობა არ მოაქვს.
- უამრავი სათამაშო არსებობს, რომლებსაც იგივე დატვირთვა აქვთ. ჟურნალის უპირატესობა რაში მდგომარეობს?
- ბუნებრივია, ბავშვის განვითარებისთვის ათასგვარი საშუალება არსებობს და ღმერთმა ნუ ქნას, მხოლოდ ჟურნალების იმედად იყოს ყველა. უბრალოდ, მას თავისი დანიშნულება აქვს. ჯერ ერთი, სათამაშოები და წიგნები გაცილებით ძვირია და ყოველ კვირა ან გნებავთ, თვეში ერთხელაც ბევრი მშობელი მათ შეძენას ვერ ახერხებს. ჩვენი ჟურნალი კი პერიოდული გამოცემაა და ყოველკვირეულად ახალ-ახალ გასართობს სთავაზობს პატარას. გარდა ამისა, ჟურნალი ბევრად მალე დააახლოვებს ბავშვს წიგნთან და კითხვასაც გაუადვილებს. რაც მთავარია, სჯობს დაიწყოთ ჟურნალითა და წიგნით, ვიდრე კომპიუტერული თამაშებით. კომპიუტერთან დაახლოებას დიდი ძალისხმევა არ დასჭირდება, აი კითხვის ჩვევა კი მოგვიანებით ძნელად უყალიბდებათ ბავშვებს.
- რომელი ასაკიდან შეიძლება გახდნენ პატარები საბავშვო ჟურნალის მკითხველები, ანუ რამდენი წლის ბავშვს შეუძლია თავი გაართვას თავსატეხებს, რომლებსაც "საბავშვო კარუსელი" სთავაზობს.
- "საბავშვო კარუსელის" მკითხველის ძირითადი ასაკი 4 -დან 8 წლამდეა, თუმცა ბავშვის თავისებურებებიდან გამომდინარე, გვყავს უფრო პატარა, უფრო ხშირად კი უფროსი მომხმარებელიც. რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უკეთესია, რომ დავალებებს უფროსების დახმარებით ასრულებდეს. მას ხომ კითხვაც არ შეუძლია. ბევრი რუბრიკა განკუთვნილია სასკოლო უნარ-ჩვევებისათვის, მათ შორის კალიგრაფიის დასახვეწადაც. ბავშვს შეუძლია, ისწავლოს თვლა, კითხვა და შეიმეცნოს გარემომცველი სამყარო. ბავშვები, რომლებიც მიჩვეულნი არიან ასეთ თამაშებს, ადვილად ეგუებიან სკოლის გარემოს, უადვილებათ მიცემული დავალების გააზრება. არის რუბრიკები, რომლებსაც უკვე წერა-კითხვის მცოდნე ბავშვი დამოუკიდებლად გაართმევს თავს. მათი დანიშნულება ცოდნის გაღრმავება ან შემოწმებაა. საბოლოოდ ყველაფერი "შეფუთულია" ლამაზად, რათა ბავშვისთვის გარეგნულადაც მიმზიდველი იყოს და მისი გართობაც შეეძლოს. ყველა თამაში არ მოითხოვს გონების დაძაბვას. თუნდაც სამაგიდო თამაშები, რომლებიც თითქმის ყველა ნომერში გვაქვს.
- ამ თამაშებსაც თავისი დატვირთვა აქვთ?
- მაგიდის თამაშების მთავარი სარგებელი ურთიერთობის დამყარებაა. ისინი მინიმუმ 2 მოთამაშეზეა გათვლილი, ანუ ბავშვი მარტო ვერ ითამაშებს, ვიღაცამ პარტნიორობა უნდა გაუწიოს. კარგი იქნება, თუ ამ ადგილს მშობელი დაიკავებს. დღეს ხომ მშობლებს ბავშვებთან ურთიერთობისთვის დრო ნაკლებად ჰყოფნით. საუბარია სრულფასოვან ურთიერთობაზე და არა რამდენიმე განკარგულებასა და ფრაზაზე. მაგიდის თამაში ამ ურთიერთობის დანაკლისს მარტივად შეავსებს. სულ რამდენიმე პარტია საკმარისია, რომ მშობლებთან ურთიერთობას მონატრებულმა პატარამ მთელი კვირის დანაკლისი აინაზღაუროს.
გარდა ამისა, ყველა თამაშს თავისი წესები აქვს. ასე რომ, თამაშისას ბავშვი პირველ რიგში წესების დაცვას სწავლობს. გარდა ამისა, უვითარდება მოთმინება (როცა თავის რიგს ელის), ეჩვევა მოგებისკენ სწრაფვას და წაგებასთან შეგუებას.
ეს ერთგვარი გაკვეთილებია, რომლებიც ასწავლის სწორად რეაგირებას გამარჯვებასა თუ მარცხზე. ბავშვი იწყებს იმის გაცნობიერებას, რომ მომავალში კიდევ ექნება მოგების შანსი. დამეთანხმებით, ეს მნიშვნელოვანი უნარია. გამარჯვება ხომ იმედგაცრუების შემდეგ მოდის, რაც ცხოვრებაში ბევრჯერ დამტკიცებულა.
ასე რომ, ძვირფასო მშობლებო, ნამდვილად ღირს, რომ ბავშვებთან ერთად გადაშალოთ ჟურნალი და შესთავაზოთ მას ლოგიკური თამაშები. ამით სარგებლობასაც მოუტანთ და სასიამოვნოდაც გაატარებთ დროს.
გაზეთი "კვირის პალიტრა"