კარდიოლოგი, რითმოლოგი, ხათუნა ჯალაბაძე გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" საუბრობს, იწვევს თუ არა წყლის ნაბახუსევზე დალევა გულის გაჩერებას:
- ამ პასუხს 3 ძირითადი მოთამაშე ჰყავს. პირველი, ეს არის გულის გაჩერება, მეორე, ცივი წყალი და მესამე ნასვამი. გულის გაჩერება უეცარ სიკვდილს ნიშნავს. ამბობენ, ცივი წყალი დალია და გარდაიცვალა... ეს უეცარი სიკვდილის ფორმაა, როდესაც ადამიანი უგონოდ ვარდება და იღუპება. მაგრამ მონაწილე ცივი წყალია. ცივი წყალი გულის გაჩერების მიზეზი ვერაფრით ვერ გახდება, თუ ადამიანს რაიმე წინაპირობა არ ჰქონდა, რომლის გამოც შესაძლოა, სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის პროვოცირება მომხდარიყო, რომელსაც ჩვენ ცუდ არითმიებს ვეძახით. აქ იგულისხმება ნებისმიერი წყალი, შეიძლება ეს იყოს გაზიანი სასმელი, ნებისმიერი ლუკმა, წვნიანი.
ნასვამი არის ადამიანი, რომელმაც იმაზე ჭარბი ალკოჰოლი მიიღო, ვიდრე მისი ორგანიზმი მოიხმარდა. შესაბამისად, ეს ალკოჰოლური ინტოქსიკაციაა, რომლის ფონზეც რაღაც გადაუდებელი მდგომარეობა ვითარდება. შესაბამისად, ცივი წყალი, ნებისმიერი სითხე, საკვები, შესაძლებელია პროვოცირების მიზეზი გახდეს. ამიტომ, ამ შემთხვევაშიც წყალი არ არის დამნაშავე. დამნაშავეა მდგომარეობა, რომელიც ნასვამი ადამიანის ორგანიზმში ვითარდება. ტყუილად არ ვამბობთ, რომ გული პირველი აღიქვამს ჩვენს ორგანიზმში მიმდინარე რაიმე პათოლოგიურ ცვლილებას. მათ შორის, ზედმეტი დოზით სასმელის მიღებას. ყველაზე ცუდი დამოკიდებულებაა, როდესაც წყალს ადანაშაულებენ მაშინ, როდესაც ძალიან ბევრი ნაბახუსევის დროს ალკოჰოლს მიიღებს იმისათვის, რომ მდგომარეობიდან გამოვიდეს. რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში გულის გაჩერების, ან არასასიამოვნო გამოსავლის პროცენტი, სამწუხაროდ, ძალიან მაღალია.