სოციალური მედიის ვარსკვლავმა და მოდის გავლენიანმა ინფლუენსერმა, რომელსაც უამრავი გამომწერი ჰყავს, მილიონობით ევრო საშობაო ნამცხვრებისა და კვერცხების გაყიდვით გამოიმუშავა. თანხა საქველმოქმედო მიზნებისთვის უნდა დაეხარჯა, თუმცა, ქალმა ყველას მოატყუა...
კიარა ფერანი იტალიელი მოდის ბლოგერი, ტანსაცმლის დიზაინერი, მოდისა და კოსმეტიკური ბრენდების ელჩი, ბიზნესმენი, ცნობილი რეპერის ცოლი და ორი შვილის დედაა. სულ რაღაც 6 წლის წინ, მან Forbes-ის სიაში Top Fashion Influencers კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა. ახლა მისი შემოსავალი გაცილებით დიდია.
1
კიარა აქტიურად აგრძელებს ბიზნესის მიმართულებით განვითარებას, მოდის კვირეულებისა და სოციალური ღონისძიებების სასურველი სტუმარია და მისი ბლოგიც წარმატებით ვითარდება. მიუხედავად იმისა, რომ მას არა მხოლოდ მილანში აქვს მდიდრული ბინა, არამედ ლოს-ანჯელესშიც ცხოვრობს, მსოფლიო მას მაინც იტალიელ ვარსკვლავად მიიჩნევს.
ქალს, დაახლოებით, 300 მილიონი გამომწერი ჰყავდა, თუმცა ახლა ის ძალიან დიდ სკანდალში გაეხვა. მთელი ქვეყანა საუბრობს იმ თაღლითობაზე, რომელიც კიარამ განახორციელა. კერძოდ, ცნობილმა ბლოგერმა ბრენდირებული საშობაო ნამცხვრები და კვერცხები გაყიდა და საქველმოქმედო კამპანია წამოიწყო. მისი თქმით, აღნიშნული თანხა ტურინის ბავშვთა საავადმყოფოსთვის სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად უნდა გამოეყენებინათ.
საკონდიტრო ბრენდი Balocco მრავალფეროვან კულინარიულ პროდუქციას აწარმოებს. მათი ჩვეულებრივი საშობაო ნამცხვრები 5 ევრომდე ღირს. მაგრამ, კიარამ საკუთარი ბრენდის ლოგოთი ის ლამაზ ყუთებში ჩადო და 9 ევროდ გაყიდა. როგორც ქალი ამბობდა, ფასებს შორის არსებული განსხვავება, მთლიანად საქველმოქმედო მიზნისაა და ადამიანები კონკრეტული საშობაო ნამცხვრის შეძენით ბავშვთა საავადმყოფოს დაეხმარებოდნენ.
თუმცა, ჟურნალისტმა სელვაგია ლუკარელიმ გაარკვია, რომ გაყიდვიდან მიღებული თანხა სამედიცინო დაწესებულებაში არ გადაურიცხავთ. Balocco-მ საავადმყოფოს საშობაო ნამცხვრების გაყიდვამდე 1 თვით ადრე 50 ათასი ევრო შესწირა. ფერანის კომპანიები კი, რომლებმაც აღნიშნული გარიგებით დიდი თანხა გამოიმუშავეს, არავის დახმარებია.
ლუკარელის სტატიამ მთელი იტალია აღაფრთოვანა და საერთაშორისო მედიის გვერდებზეც კი მოხვდა. ამის შემდეგ ანტიმონოპოლიურმა ორგანომ საკონდიტრო ბრენდსაც 420 000 ევროს ოდენობით ჯარიმა დააკისრა. საქმეში მილანის პროკურატურაც ჩაერთო და ახლა შესაძლოა, ცნობილი ბლოგერის მიმართ სისხლის სამართლის საქმეც აღიძრას.
კიარამ საკუთარ ბლოგზე ემოციური ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ მომხდარის შესახებ არაფერი იცოდა და წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ მისმა კომპანიამ საავადმყოფოს ფული არ გადაურიცხა. ფერანმა პირობა დადო, რომ ტურინის ბავშვთა საავადმყოფოს 1 მილიონ ევროსაც გადაურიცხავს და პერიოდულად, საკუთარი ბიზნესებიდან საქველმოქმედო საქმიანობაში ჩაერთვება.
36 წლის ბლოგერი ამბობს, რომ ანტიმონოპოლიური ორგანოს მიერ გამოწერილ ჯარიმას არ ეთანხმება და აპირებს, ეს გადაწყვეტილება გაასაჩივროს.
შესაძლოა, ამბის შესახებ მართლაც აღარ გაგრძელებულიყო მსჯელობა, ადამიანებს დაეჯერებინათ, რომ კიარა არაფერ შუაში იყო და რეალურად, არაფერი იცოდა. მაგრამ, იმავე ჟურნალისტმა ახალი საგამოძიებო მასალა გამოაქვეყნა, სადაც უკვე საუბარი სააღდგომო კვერცხების თაღლითობაზეა. იმ დროისათვის, ფერანი აცხადებდა, რომ ტკბილეულს I Bambini delle Fate-ის მხარდასაჭერად ყიდდა. აღნიშნული ასოციაცია აუტიზმის მქონე ბავშვებს ეხმარება.
ბლოგერმა Dolci Preziosi-ის ბრენდის მიერ წარმოებული ულამაზესი სასაჩუქრე ყუთებით ძალიან დიდი თანხა გამოიმუშავა. თუმცა, საქველმოქმედო მიზნებისთვის მხოლოდ მცირედი გაიღო. 2021 წელს კიარამ მარათონით 500 000 ევრო მიიღო, თუმცა ფონდში 12 ათასი გადარიცხა, 2022 წელს - დაახლოებით 700 000 ევროდან კი მხოლოდ 24 ათასი გადაურიცხა ორგანიზაციას...
ახლა ცნობილი ბლოგერის თაღლითური სქემის შესახებ უამრავი ადამიანი ლაპარაკობს და გამომწერების მხრიდანაც დიდი აგრესია დაიმსახურა. თუმცა, ყველაზე მთავარი, რამაც საზოგადოება შოკში ჩააგდო, კიარას ქმრის, იტალიაში ცნობილი რეპერის Fedez-ის კომენტარი იყო.
"ეს მე არ მეხება, ჩემი ცოლი დამოუკიდებელი ქალია." - თქვა მან.