მედეა ჩახავას შვილიშვილის გულისტკივილი, მის ოჯახში და სრულიად საქართველოში არსებული სიდუხჭირის გამო ეკა ჩხეიძე ორი შვილის დედაა. თავად არ უღალატა ბებიის - მედეა ჩახავას პროფესიას და მსახიობი გახდა, თუმცა შვილის მსახიობობა არაფრით არ დაუშვა, წინააღმდეგი წავიდა, ინანომაც დაუჯერა, ჯერ ბიზნესის განხრით ისწავლა, ახლა კი იტალიაში არქიტექტურასა და დიზაინს ეუფლება. ეკასთან ინტერვიუ სწორედ განთლების თემაზე ჩავწერეთ და გავარკვიეთ, რა სირთულეებთანაა დაკავშირებული შვილისთვის კარგი განათლების მიცემა ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
- ჩემი შვილი მეორე წელია სასწავლებლად რომშია წასული, ინტერიერის დიზაინს სწავლობს.
- სკოლა აქ დაამთავრა?
- კი, სკოლაც და კავკასიის ბიზნესუნივერსიტეტიც, მერე მხატვრობამ დააინტერსა, ჩემი მეუღლე არქიტექტორია და შეიძლება ითქვას, მამის კვალს გაჰყვა. სურვილი გაუჩნდა დიზაინი შეესწავლა, ხატვა დაიწყო. მივხვდი, რომ ძალიან იყო დაინტერესეული ამ ყველაფრით. აქ ვერაფერი ნახა ისეთი, სადაც ისწავლიდა. ვგულისხმობ იმას, რომ ინანოს არ უნდოდა, ნულიდან დაეწყო, სურდა მაგისტრატურაში ესწავლა. ხატვის საფუძვლებისა და ანბანის შესასწავლად ცოტა ხანს გუგა კოტეტიშვილთან იარა, მერე კი წავიდა იტალიაში, ენები იცის გადასარევად და არ გაუჭირდა კომუნიკაცია. იქ სწავლა საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, ეს თანხა შეიძლება ვიღაცისთვის ერთი თვის შემოსავალია, მაგრამ ჩვენთვის ასე არაა. იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვს ძალიან უნდოდა სწავლა და ეს არ იყო უბრალო კაპრიზი, ან "ოღონდ წასულიყო" თემა, ყველანაირად გვერდში დავუდექით. თვითონ ეძება უნივერსიტეტი, ჯერ გერმანიაში ეძებდა, რადგან იქ სწავლა უფასოა, ჩვენი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, რასაკვირველია, გვერჩივნა გერმანია, მაგრამ ის ფაკულტეტი, რაც თვითონ აინტერესებდა და რაზე სწავლის სურვილიც ჰქონდა, იტალიაში აღმოაჩინა... ჩვენც ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ წასულიყო. შეიძლება, ასე მარტივად სათქმელია, მაგრამ რად გვიჯდება მისი იქ სწავლა და ცხოვრება, ეს კიდევ ცალკე თემაა. მოგვიწია ბინის ბანკში ჩადებამ, კრედიტის აღებამ და მართლა ყველაფრის გაკეთებამ, რომ განათლება მივცეთ, ისწავლოს ის, რაც ძალიან უნდა. ისიც თავის მხრივ ყველაფერს აკეთებს, როდის მძინავს და როდის ვჭამ, მავიწყდებაო, ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვს, სულ სწავლობს, ბევრს მეცადინეობს. ეს სასწავლებელი სამწლიანია, იმისათვის, რომ სამის ნაცვლად ორი წლის საფასური გადავიხადოთ, საგნები დაიმატა, ზედმეტად სწავლობს ახლა, რომ ორ წელიწადში მოასწროს იმის სწავლა, რასაც სამი წელიწადი სჭირდება. ზოგადად, არ მჩვევია საკუთარი შვილის ქება, მაგრამ საუკეთესო მაჩვენებლები აქვს, უმაღლეს ქულებზე სწავლობს. თავს იკლავს სწავლით, საკუთარ თავსაც და ჩვენც გვიმტკიცებს, რომ ეს ფული გადაყრილი არაა, ამართლებს მოლოდინს. ძალიან იღლება, ფიზიკურად დრო არ რჩება ძილისთვის, ჭამისთვის...
- არის პერსპექტივა, რომ იქ დარჩეს და სამსახური დაიწყოს?
- არა მგონია, მაინც ევროპაა, ამერიკაში უფრო მეტი შანსი შეიძლებოდა ყოფილიყო, ევროპაში ჯერ თავისებს აკმაყოფილებენ სამსახურით და მერე ჩასულებს, მით უმეტეს, რომ მთელ მსოფლიოში კრიზისი და უმუშევრობაა. ამ ფონზე არ მგონია, იქ სამსახური დაიწყოს, ასეთი ადვილი არაა... მაგრამ, ძალიან მეცოდება, აქ რომ ჩამოვა და უსაქმოდ იქნება... ჩემი ქმარია არქიტექტორი და ვხედავ, რომ ამ მხრივ აღარაფერი კეთდება, არადა ჩემი მეუღლე კარგ არქიტექტორად ითვლება და ყოველთვის ბევრი კლიენტი ჰყავდა, მეტიც, უდროობის გამო ბევრისთვის უარის თქმაც უწევდა, ფიზიკურად ვერ ასწრებდნენ ამდენი საქმის აღებას. ბოლო ორი წელია უკვე არაფერი კეთდება, ყველაფერი გაჩერდა და მგონი ყველაფრის ფასი დავარდა და გაუფასურდა. ბევრი დაწყებული საქმე გაჩერდა, ფული არაფერში იდება და ცოტა უპერსპექტივობაა ამ სფეროში. გლობალურად არ ვსაუბრობ, მე რასაც ვეხები და რასთანაც კონტაქტი მაქვს, იმაზე ვლაპარაკობ. ინანო აქ რომ ჩამოვიდეს, ასეთი ნასწავლი და ნაწვალები, 300-ლარიან ხელფასზე რომ დაჯდეს, შეიძლება გამიგიჟდეს, არ ვიცი რა იქნება... ამაზე ფიქრიც არ მინდა. ცოდნას ვაძლევთ, მაგრამ მერე როგორ გამოიყენებს, ეს გარკვეულწილად იღბალზეცაა დამოკიდებული. რამდენად დასჭირდება საქართველოს მისი ცოდნა, არ ვიცი... ხშირად იძახიან, ყველა გაქცევაზეაო, ხალხი იმიტომ გარბის, რომ მაქსიმლაური ცოდნა შეიძინონ, მაგრამ თუკი ამ ცოდნის რეალიზების საშუალება მიეცემათ, სხვა ქვეყანაში აღარ დარჩებიან...
- ფინანსური მხარე რომ გამოვრიცხოთ, მშობლის გადმოსახედიდან რამდენად რთულია, შვილი გაუშვა ამხელა გზაზე?
- მე ვიცი, რომ იქ წავიდა თავისი სურვილით, აკეთებს იმას, რაც ძალიან უნდა, სწავლობს არა იმიტომ, რომ უნდა ისწავლოს, არამედ იმიტომ, რომ მისი სურვილია ასეთი, შესაბისად, მეც უფრო მშვიდად ვარ. როცა ავად არის და ვიცი, იქ მარტოა, რა თქმა უნდა, ვნერვიულობ, მაგრამ ვიაზრებ, რომ აკეთებს საქმეს, რომელიც უყვარს, გადაწყვეტილება თვითონ მიიღო და შედარებით წყნარად ვეგუები ყველაფერს.
- ამბობენ, რომ ევროპაში წასული ბავშვები იცვლებიან...
- კი, იცვლება, ოღონდ რა ასპექტში, გეტყვი. ზაფხულში რომ ჩამოდის, გიჟდება, უსაქმურობა მკლავსო, იძახის, მიჩვეულია იქაურ ტემპორიტმს, ცხოვრების წესს და უკვე უკვირს, როგორ სხედან კაფეებში და როგორ საუბრობენ ერთსა და იმავე თემაზე მთელი დღეების განმავლობაში. ერთ-ორ თვეში თვითონაც აჰყვა აქაურ რეჟიმს, მაგრამ უსაქმურობა მაინც აღიზიანებდა, აგიჟებდა.
სხვათა შორის, ჩვენს დროს არ იყო სასწავლებლად წასვლის ტენდენცია და არც საშუალება, ალბათ მე ვერც შევძლებდი მარტო წავსულიყავი სადმე და გადავყოლოდი სწავლას, შეიძლება, უფრო ზარმაცი ვარ. მაგრამ როცა ბავშვს უნდა და შენ ხელს ვერ უწყობ, ეს ძალიან რთულია. ხომ გეუბნებით, მე ბინა ჩავდე და გავუშვი, რა იქნება ხვალ არ ვიცი, მაგრამ სხვანაირად არ შემძელო. დატოვა ყველა: მეგობრები, ახლობლები, ნათესავები, საკუთარი სურვილით წავიდა ამხელა გზაზე, სრულიად უცხო გარემოში, ერთი ქართველი არ ჰყავს იქ გვერდით, მისთვისაც ძალიან რთულია ეს ყველაფერი, მაგრამ უნდა სწავლა და არ ეზარება, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ცოდნა მიიღოს. მისი მიზანი იქ დარჩენა არაა, უნდა საქართველოში დაბრუნება. ამბობს, იქნებ რამე ფირმა გავაკეთოო, თუმცა იმ ტექნიკით, რაც ნასწავლი აქვს, აქ არაფერს არ აშენებენ, ეგ კი არა, რაც შენდება, ისიც საშინელებაა, ბოლშევიკებიც კი არ აშენებდნენ ასე. კიდევ უფრო დიდი უბედურება ისაა, რომ არაფერი შენდება და როდემდე შეიძლება იმუშაო ისე, შემოსავლის გარეშე, არ ვიცი... როცა შრომობ, ენერგიას დებ და სანაცვლოდ ვერ იღებ ვერაფერს, საშინელებაა, თავმოყვარეობაზე მოქმედებს. მგონი ყველგან ეს პრობლემაა, ჩემს პროფესიაშიც ასეა, უბრალოდ ძალიან მიყვარს ეს საქმე და ახლა ნამდვილად ვერ შვიცვლი პროფესიას, თორემ მსახიობობაში მარტო სიყვარული და ენთუზიაზმი დევს. მსახიობის ხელფასი და დღევანდელი მდგომარეობა საქართველოში ყველამ კარგად იცით, უბრალოდ მთელ ქვეყანაში ასეთი ვითარებაა და მსახიობმა იყვირო, ხელფასი არ მყოფნისო, სისულელეა. ბოლო დროს არც ერთი პროფესია არაა დაფასებული, პოლიტიკაში ვერ შევძვრები და ვერ დავჯდები პარლამეტში იმიტომ, რომ მაღალი ხელფასი მქონდეს. ჩემი სიმართლით ვცხოვრობ და ისე, როგორც შემიძლია. გარედან შეიძლება ყველაფერი კარგად ჩანს და ვიღაცამ შეიძლება თქვას, მაგას რა უჭირს, შვილი საზღვარგარეთ ჰყავს გაშვებული სასწავლებლად და რა ენაღვლებაო, მაგრამ გითხარით, რა გზითაც გავუშვი, ნახევარ საქართველოს კრედიტი აქვს და ჩემს დღეშია. ბევრი არ გვაქვს, რაც გვაქვს გვყოფნის საარსებოდ, ამიტომ ზედმეტად რომ დამჭირდა თანხა, ბავშვს უარი არ ვუთხარი და ასეთი გამოსავალი მოვძებნე. ვმუშაობ რვა ადგილას, თეატრებში, ტელევიზიაში ნესტიან სარდაფში ვზივარ და ვახმოვანებ ელემენტარული ხელფასის გამო, გამოდის, რომ ვწუწუნებ, რაც არ მიყვარს, მაგრამ შორიდან სხვანაირად ჩანს, რეალურად კი დიდი წვალების ფასად გვიჯდება ყველაფერი.
ერთადერთი, რაც ჩემს შვილს დავუშალე და რაც ძალიან უნდოდა – მსახიობობაა. ვუთხარი, გავწვები და არ შეგიშვებ თეატრალურში-მეთქი, იმიტომ, რომ ვიცი, რაც ხდება ამ სფეროში. დავამთავრებინე ბიზნესის უნივერსიტეტი. გარდა ამისა, ბევრი რაღაცის ნიჭი აქვს, შემეცოდა იმისთვის, რომ თეატრში მჯადარიყო ხელფასიდან ხელფასამდე და ყოფილიყო როლის მოლოდინში. მერედამერე მიხვდა, რასაც ვეუბნებოდი და დამთანხმდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ მაინც ხელოვნებისკენ აქვს მიდრეკილება, ალტერნატიულ მუსიკას წერს, ესეც ისწავლა. გარდა ამისა, წერს თავისთვის რაღაცებს. უამრავი რამ აქვს დაწერილი, რასაც მეც კი არ მაკითხებს, მეტიც - ინგლისურად წერს, რომ არ წავიკითხო. ასეთი ტიპია, ხატვა აღმოჩნდა ის, რაც ვეღარ დამალა და გაჰყვა ამ გზას... ვისურვებდი, საქართველოში ყოფილიყოს იმ ნიჭისა და ცოდნის რეალიზების საშუალება, რასაც ეს ახალგაზრდები იღებენ, ახალგაზრდებში მართლაც ძალიან დიდი პერსპექტივაა.
ციცი ომანიძე