რვა წლიანი პატიმრობის შემდეგ ახლახან ციხიდან გათავისუფლდა ჯიპსი როუზ ბლანჩარი - გოგონა, რომელსაც დედამ 23 წელი ეტლში გაატარებინა და ჯანმრთელ ადამიანს უამრავ სამედიცინო პროცედურას თვითნებურად უტარებდა. როგორც ცნობილია, ჯიპსი და მისი ბოიფრენდი გოგონას დედის მკვლელობის გამო გაასამართლეს.
ციხიდან გამოსვლის შემდეგ როუზ ბლანშარმა გამოცემა People-ს გაუმხილა, თუ რას გრძნობდა დედის წნეხის ქვეშ მყოფი. "ეს იყო პანიკა და სასოწარკვეთა, ის ჩემთვის კიდევ ერთი ოპერაციის გაკეთებას გეგმავდა, რომელიც არ მინდოდა და ვეხვეწებოდი, რომ გადაეფიქრებინა." - განუცხადა როუზ ბლანშარმა გამოცემას.
წლების განმავლობაში ჯიპსის დედა, დი-დი ბლანჩარი ქალიშვილს ექიმებთან დაატარებდა და გოგონას უამრავ არასაჭირო სამედიცინო პროცედურას უტარებდა. ქალმა დაარწმუნა ქალიშვილი და სხვა ადამიანები, რომ გოგონას მრავალი სერიოზული დაავადება აწუხებდა. ვარაუდობენ, რომ ჯიპსი როუზი მუნჰაუზენის გახანგრძლივებული სინდრომის მსხვერპლი გახდა - ეს ძალადობის იშვიათი ფორმაა, რომლის დროსაც ადამიანი იგონებს თავის ან ბავშვის ავადობას, რათა სხვების ყურადღება მიიპყროს.
ჯიპსი როუზმა, რომელმაც ათწლიანი სასჯელი რვა წელიწადში მოიხადა, იმ ოპერაციის შესახებ ისაუბრა, რომელიც დედამისს მისთვის უნდა გაეკეთებინა, თუმცა აღარ დასცალდა. „დაგეგმილი იყო ოპერაცია ხორხზე, რადგან დედაჩემი თვლიდა, რომ ხმის იოგებზე რაღაც მჭირდა. ზედმეტად მაღალი ხმა გაქვსო. მეუბნებოდა, რომ მალე სუნთქვა გამიჭირდებოდა, მაგრამ მაინც არ მინდოდა ამ ოპერაციის გაკეთება. ამის შესახებ დედაჩემს ვუთხარი“.
მაგრამ ჯიპსი როუზის დედამ ოპერაციის საჭიროების განხილვაზეც კი უარი თქვა. „ მაშინვე მითხრა, მაინც მოგიწევს ამის გაკეთებაო... მაშინ გავიფიქრე, რომ ასე ცხოვრებას ვეღარ გავაგრძელებდი“ - ამბობს ჯიპსი.
მისივე თქმით, დედისგან თავის დასაღწევად მხოლოდ მკვლელობაზე არ უფიქრია, სხვა ვარიანტებზეც ფიქრობდა, მაგრამ ამბობს, რომ სხვა გზა ვერ იპოვა. როგორც ჯიპსი ამბობს, კიდევ ერთი არასაჭირო ოპერაციის გარდა, ემოციური და ფიზიკური შეურაცხყოფასის გაძლებაც უწევდა. ამიტომ სთხოვა თავის ბოიფრენდს, ნიკოლას გოდეჯონს, მოეკლა დი-დი, სანამ თავად ჯიპსი აბაზანაში იმალებოდა.
2016 წელს ჯიპსიმ დანაშაული აღიარა მეორე ხარისხის მკვლელობაში, ხოლო გოდეჯონი პირველი ხარისხის მკვლელობისთვის გაასამართლეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ჯიპსიმ People-ს განუცხადა, რომ ძალიან ნანობდა იმ ქმედებებს, რამაც დედის სიკვდილი გამოიწვია.
„გამოსწორების შანსი რომ მქონდეს, დავბრუნდებოდი ბავშვობაში და ხმამაღლა ვიტყოდი, რომ ავად არ ვარ. ან ნიკს ვეტყოდი, მოდი პოლიციაში წავიდეთთქო... სულ ამაზე ვფიქრობ. არავის ეგონოს, რომ მოხარული ვარ მისი სიკვდილით ან ვამაყობ იმით, რაც მე გავაკეთე. ყოველდღე ვნანობ ამას." - ამბობს ჯიპსი.
გათავისუფლების შემდეგ ჯიპსი სოციალური ქსელებში გამოჩნდა და უკვე გააზიარა რამდენიმე პირადი ფოტო, მათ შორის პირველი „თავისუფალი“ სელფი. მან ასევე გამოაქვეყნა ფოტო მეუღლესთან, რაიან ანდერსონთან ერთად, რომელიც შეშფოთებულია მათი ცხოვრების ყურადღების ცენტრში მოქცევის გამო.
„დიდი ყურადღება იქნება. ჯერ კიდევ ძალიან ვღელავ ამის გამო, რადგან ძალიან ჩაკეტილი ადამიანი ვარ. მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ყოველ საღამოს ვისაუბროთ ამაზე და გავამხნევოთ ერთმანეთი“, - განუცხადა 37 წლის ანდერსონმა People-ს.