სეზონური ინფექციების გააქტიურებასთან ერთად, ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას სულ უფრო მეტი ადამიანი უჩივის. ხშირად აღნიშნავენ, რომ მაღალი ტემპერატურა, საერთო სისუსტე და რესპირატორული ინფექციებისათვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები გაუხანგრძლივდათ და ბინაზე მართვა გაუჭირდათ. ექიმი-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა გვესაუბრება, როგორია ამ ეტაპზე სეზონური ინფექციებით მიმართვიანობა, რა ჩივილები აღენიშნებათ ძირითადად პაციენტებს და რა შეიძლება გავაკეთოთ პრევენციისთვის:
- აცივებასთან ერთად, ზამთრის პერიოდში, რესპირაციული ინფექციების რაოდენობა იმატებს და ეს ყოველ წელს ასეა. წელსაც მომართვიანობის მატება აღინიშნება როგორც ამბულატორიულად, ასევე სტაციონარში. ამ ეტაპზე, წამყვანი რესპირატორული ინფექცია A გრიპია, რომელსაც, როგორც წესი, მწვავე დასაწყისი ახასიათებს. პაციენტებს მაღალი ტემპერატურა, 39-40 გრადუსი აღენიშნებათ. დაავადებას შესაძლოა, თან ახლდეს მშრალი ხველა, ყელის ტკივილი, სახსრების, კუნთების, თავის ტკივილი და ზოგადი საერთო სისუსტე. აღნიშნული სიმპტომები, გაურთულებელ შემთხვევაში, 3-დან 5 დღემდე ხანგრძლივდება. გართულებულ შემთხვევაში კი, შესაძლოა, 1-დან 2 კვირამდეც კი გაგრძელდეს. განსაკუთრებით რისკის ქვეშ ასაკოვანი, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები არიან. ასევე, 2 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებთანაც შესაძლოა, მაღალმა ტემპერატურამ გარკვეული პრობლემები შექმნას და ბინაზე პაციენტის მართვა გართულდეს. პირველ რიგში, დაავადება სიმპტომურად უნდა ვმართოთ. ზოგადი მდგომარეობა შევაფასოთ, მაღალ ტემპერატურაზე სიცხის დამწევი მივცეთ, სითხეების, საკვების მიღება ვაკონტროლოთ. თუ ბინის პირობებში ტემპერატურას ვერ ვიმორჩილებთ, ან გამოიხატება ძლიერი სისუსტე, ძილიანობა, სუნთქვის გაძნელება, ასეთ დროს აუცილებელია, რომ პროცესში ექიმი ჩავრთოთ და მისგან მივიღოთ რეკომენდაციები. მცირეწლოვანი ბავშვები, გრიპის დადასტურების შემთხვევაში, მაინც ჯობს, რომ პირველივე დღეებიდან პედიატრის მეთვალყურეობის ქვეშ იყვნენ, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობას, თუნდაც ბინის პირობებში გააკონტროლებს და გართულებებს თავიდან აიცილებს.
რესპირაციული ინფექციების დროს პრევენცია მსგავსია. ჰიგიენური ნორმების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. ხელების ხშირი დაბანა, დახურული სივრცეების განიავება, დიდი თავშეყრის ადგილებში ყოფნისაგან თავშეკავება, განსაკუთრებით, თუ სიმპტომები აღგვენიშნება. რისკ-ჯგუფებში ვაქცინაციის ჩატარება მნიშვნელოვანია, რომელიც დაავადების მძიმე მიმდინარეობისაგან გვიცავს. გართულება საკმაოდ მრავალფეროვანია. ყველაზე ხშირად შეიძლება გაგვირთულდეს მწვავე ბრონქიტით, ფილტვების ანთებით, სინუსიტებით, ფრონტიტით, ჰაიმორიტით და ასე შემდეგ. თუმცა, გრიპს კიდევ სხვადასხვა ორგანოსა და ორგანოთა სისტემის დაზიანება ახასიათებს. ეს შეიძლება იყოს გულ-სისხლძარღვთა სისტემა, გასტროინტესტინული სისტემა და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ჯობს გრიპზე ვაქცინაცია იქამდე ჩავიტაროთ, ვიდრე ეპიდსიტუაცია გაუარესდება. ამისთვის შემოდგომის პირველი ნახევარი ყველაზე კარგი პერიოდია, თუმცა ინდივიდუალურად, ამ ეტაპზეც შესაძლებელია, რომ ჩატარდეს. თუმცა, რისკი გაზრდილია იმ კუთხით, რომ შეიძლება, ადვილად დავინფიცირდეთ იმიტომ, რომ ვირუსი უკვე ბევრ ადამიანს აქვს და ვაქცინამ ჩვენი დაცვა, იმუნიტეტის ჩამოყალიბება ვერ მოასწროს. მოგეხსენებათ, ანტისხეულების გამომუშავებისათვის 2 კვირაა საჭირო. პარალელურად, ჯანსაღი კვება და სითხის ადეკვატური რაოდენობით მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ადამიანმა, როცა მაღალი ტემპერატურა აქვს, იმაზე მეტი სითხე უნდა მიიღოს, ვიდრე სხვა შემთხვევებში. განსაკუთრებით ბავშვებში, მაღალი ტემპერატურის ფონზე, დეჰიდრატაციის რისკი არსებობს.
თუ გაქვთ მაღალი ტემპერატურა, რომელიც 5 დღეზე მეტხანს ხანგრძლივდება, ან თუნდაც 5 დღემდე და ამ ტემპერატურის ფონზე, ძლიერი საერთო სისუსტე, ცნობიერების დაბინდვა, სუნთქვის გაძნელება აღინიშნება, ან თუ პაციენტს რაიმე ფონური დაავადება აქვს, ეს არის ის მდგომარეობები, როდესაც სამედიცინო დაწესებულებას დროულად უნდა მივმართოთ.
საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ყველა ადამიანისათვის უფასოა, თუმცა როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გვითხრეს, შესაძლოა, მარაგები ყველა კლინიკაში ხელმისაწვდომი აღარ იყოს და ამიტომაც, ინფორმაცია სასურველ კლინიკასთან წინასწარ გადაამოწმეთ.
თამარ იაკობაშვილი