ჰიგიენური ნორმების დაცვა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. თუმცა, როგორც მეცნიერები ამბობენ, შხაპის მიღების ხანგრძლივობასა და წყლის ტემპერატურას, ასევე - გამოყენებულ საშუალებებს, ადამიანზე განსაკუთრებული გავლენა აქვს. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ძალიან ცხელი წყლით და ასევე, ხანგრძლივი დროით ბანაობა ადამიანის ჯანმრთელობას აზიანებს. მაქსიმალური უსაფრთხო ტემპერატურა ბანაობისთვის 37-38 გრადუსია. თუ განსაკუთრებით ცხელი წყლით ბანაობას ხართ მიჩვეული, უნდა გაითვალისწინოთ, რომ მაღალი ტემპერატურის წყალი ლიპიდურ ბარიერს, ცხიმის ყველაზე თხელი ფენას ანადგურებს, რომელიც კანს ატენიანებს და გარემოს აგრესიული ზემოქმედებისაგან იცავს. შედეგად, შესაძლოა, სიწითლე, კანის სიმშრალე, აქერცვლა და ქავილი აღგენიშნებოდეთ. იგივე შედეგი შეიძლება მიიღოთ, თუ შხაპის ქვეშ 20 წუთზე მეტ ხანს გაატარებთ.
გარდა ამისა, კიდევ ერთი საფრთხე უხეში საწმენდი საშუალებებია. თუკი სხვადასხვა საშუალებას, რომლებსაც კანის გასასუფთავებლად იყენებთ, უხეში ზედაპირი აქვს, არა მხოლოდ ლიპიდური ბარიერი, არამედ მიკრობიომიც ირღვევა. კანი ჩვენი უდიდესი ორგანოა, რომელზეც მრავალი ტიპის ბაქტერია სახლობს და ბალანსის შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს ბალანსი შესაძლოა, ზედმეტი ჰიგიენის გამო დაირღვეს. დადასტურებულია, რომ გადამეტებული სტერილურობა, ბავშვების სახლში გამოკეტვა იმ მიზეზით, რომ არ დაისვარონ, რაიმე არ დაემართოთ, მათ იმუნურ სისტემაზე განსაკუთრებით ცუდად აისახება და სხვადასხვა დაავადებასთან გამკლავება უჭირთ. ბუნებაში დროის გატარება, გარშემო არსებული სამყაროს შეცნობა საუკეთესო გზაა, რომ ბავშვს იმუნიტეტი გამოუმუშავდეს. გამუდმებით დასუფთავება, ძალიან ხშირი დაბანა მას პირიქით, ხელს უშლის.
რა თქმა უნდა, მეცნიერები არავის მოუწოდებენ, რომ ჰიგიენური ნორმები არ დაიცვან, თუმცა ადამიანებს ურჩევენ, რომ სისუფთავის გადაჭარბებული სურვილის გამო, ბანაობის ტემპერატურას, რაოდენობასა და ხანგრძლივობას არ უნდა გადააჭარბონ. მეცნიერების თქმით, შხაპის გელის ყოველდღიურად გამოყენებაც საჭირო არ არის და რამდენიმე წუთის განმავლობაში მხოლოდ სუფთა წყლით ბანაობა საკმარისია. აგრესიული ფუნჯები, დასაბანი საშუალებები, სკრაბები ყოველდღიური გამოყენებისთვის ნამდვილად საზიანოა. წყლის ტემპერატურა კი სხეულის ტემპერატურას უნდა უახლოვდებოდეს. ასე იდეალური ბალანსის დაცვას შეძლებთ და ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას თავიდან აირიდებთ.