ახალგაზრდა მზარეული ნინი კახბერიძე საზოგადოებამ პროექტიდან "სამზარეულოს ომები" გაიცნო და შეიყვარა. გარდა იმისა, რომ მაყურებელს ნინისა და მისი მეწყვილის, ელენეს კულინარიული ექსპერიმენტები მოსწონს, ვიდეოები, სადაც ნინი პროექტის მონაწილეებსა და შეფებს შეკითხვებზე იუმორით პასუხობს, განსაკუთრებით პოპულარულია. დღეს ნინი კახბერიძეს უფრო ახლოდან გაგაცნობთ:
- დავიბადე და გავიზარდე სვანეთში. ამჟამად, მე-3 კურსის სტუდენტი ვარ. კავკასიის უნივერსიტეტში ევროპისმცოდნეობაზე ვსწავლობ. სკოლის პერიოდში სპორტით, ციგით სრიალით ვიყავი დაკავებული. საქართველოს ნაკრებში ვიყავი და 11 წლიდან საზღვარგარეთ სხვადასხვა შეჯიბრებაზე დავდიოდი. როცა სრულწლოვანი გავხდი და გადავწყვიტე, რომ უნივერსიტეტში ჩამებარებინა, სპორტს თავი დავანებე, რაც ძალიან განვიცადე...
- როდესაც სტუდენტი გავხდი და ოჯახიდან შორს, ქალაქში დამოუკიდებლად ცხოვრება მომიწია, მაშინ კერძების მომზადება, სწავლა დავიწყე და ეს ყველაფერი ძალიან მომწონდა. მოყვარული მზარეული ვარ. სვანეთში ცხოვრების პერიოდში, ძირითადად, დედა ამზადებდა და რაღაცებში მეც ვეხმარებოდი, მაგრამ უფრო მეტად ამ სფეროთი მაშინ დავინტერესდი, როდესაც თბილისში გადმოვედი და დამოუკიდებლად ცხოვრება დავიწყე.
- ელენე სვანეთში გავიცანი. ვიდრე ჩემი მასწავლებელი გახდებოდა, სხვადასხვა პროექტიდან ვიცნობდი. ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში კი, მან მასწავლებლობა დაიწყო. მაშინ დავმეგობრდით და უფრო ხშირი კონტაქტი გვქონდა. პროექტი დამთავრდა, მაგრამ ურთიერთობა გავაგრძელეთ და დღეს კარგი მეგობრები ვართ. ელენემ გადაწყვიტა, რომ "სამზარეულოს ომებში" მონაწილეობა ჩემთვის შემოეთავაზებინა და მეც დავთანხმდი.
- თავიდან, ალბათ, ვერ წარმოვიდგენდი, თუ საზოგადოების მხრიდან ამხელა ყურადღებასა და სითბოს მივიღებდი. პროექტებში მონაწილეობაზე ყოველთვის თავს ვიკავებდი. ძალიან ემოციური ადამიანი ვარ და ნეგატიური შეფასებების მისაღებად მზად არ ვიყავი, უარყოფითი კომენტარების მეშინოდა. მაგრამ ახლა ბედნიერი ვარ. ადამიანები უამრავ დადებით სიტყვას მწერენ და მიხარია, რომ ჩვენი პროექტში ყოფნა ასე მოსწონთ.
- ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ დადგმული არაფერია. ის ყველაფერი, რასაც მაყურებელი ხედავს, ჩემი აბსოლუტურად ბუნებრივი რეაქციაა.
- რა თქმა უნდა, ფინალში მოხვედრა ძალიან გვინდოდა და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებდით. შრომას შედეგი ყოველთვის მოაქვს და ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა ამის ნათელი მაგალითია. ძალიან ბევრი ვიშრომეთ, დამოუკიდებლად ვრეპეტიციობდით, იმდენ რაღაცას ვაკეთებდით, რომ ღამეებს ვათენებდით. თანდათან ვიხვეწებოდით და ნელ-ნელა ამბიციებიც გვიჩნდებოდა, რომ ფინალში მოვხვედრილიყავით.
- ოჯახის მხარდაჭერას სულ ვგრძნობ. 2 ძმა და 1 და მყავს. სვანეთზე ვგიჟდები. აუცილებლად დავბრუნდები და ჩემს ცოდნასა და გამოცდილებას მოვახმარ. იქ ჩემთვის საყვარელი ადამიანები ცხოვრობენ, ბევრი მეგობარი მყავს და სვანეთში ყოფნა განსაკუთრებით მიყვარს.
- დიპლომატია არის სფერო, რომელიც მაინტერესებს. ამ მიმართულებით ვსწავლობ და მუშაობასაც აქ ვაპირებ.
თამარ იაკობაშვილი