კარგი მზის სათვალე, ერთი ჭიქა ღვინო, სიმშვიდე... - ფრანგი ქალების სილამაზისა და ახალგაზრდობის რამდენიმე საიდუმლო - მშობლები

კარგი მზის სათვალე, ერთი ჭიქა ღვინო, სიმშვიდე... - ფრანგი ქალების სილამაზისა და ახალგაზრდობის რამდენიმე საიდუმლო

2024-01-17 13:27:04+04:00

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ფრანგი ქალები საშუალოდ 2 წლით მეტხანს ცოცხლობენ, ვიდრე თუნდაც ინგლისელი ქალები. გარდა ამისა, ისინი, სხვებთან შედარებით, ნელა ბერდებიან და ფიზიკურ სიჯანსაღეს დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებენ. ამიტომაც, ხშირად ინტერესდებიან, რაშია მათი სილამაზისა და ახალგაზრდობის საიდუმლო და როგორ ახერხებენ დიდი ხნის განმავლობაში შესანიშნავი ფორმის შენარჩუნებას. დღეს ფრანგი ქალების რამდენიმე საიდუმლოს შესახებ ვისაუბრებთ:

ნუ დაგენანებათ ფული ხარისხიან სათვალეზე

ალბათ, ხშირად გინახავთ, რომ ფრანგი ქალები დიდი ზომის სათვალეს ატარებენ. თუმცა, ამას მხოლოდ იმიჯისა და სილამაზის გამო არ აკეთებენ. სათვალე ბევრი ქალის განუყოფელი აქსესუარია, თუმცა, იმაზეც ღირს დაფიქრება, რამდენად ხარისხიანი და უსაფრთხოა ჯანმრთელობისათვის. ფრანგმა ქალებმა შესანიშნავად იციან, რომ ხარისხიან სათვალეში, რომელიც თვალებს მზის გამოსხივებისაგან დაიცავს, კანის ნაადრევ დაბერებასა და მხედველობის პრობლემებს თავიდან არიდებს, ფულის გადახდა არ უნდა დაენანოთ და ეს საუკეთესო ინვესტიციაა.

ყველაზე კარგი პარამეტრებით, სათვალის ჩარჩო წარბებამდე უნდა აღწევდეს, რათა კანი მაქსიმალურად დაიცვას. გარდა ამისა, რაც უფრო ფართოა ჩარჩო, მით ნაკლები სინათლე შედის გვერდებიდან. ამიტომაცაა, რომ ფრანგი ქალები, ძირითადად, დიდი ზომის სათვალეს ატარებენ.

უმჯობესია, მინა მაქსიმალურად ხარისხიანი იყოს. ასევე, კარგია, თუ ის ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება. ამიტომ, ჯობს, სათვალეს CE მარკა ჰქონდეს და ლინზა მსუბუქად იყოს შეფერილი.

1-1705483806.jpg

ალკოჰოლის მიღებისას სიფრთხილე გამოიჩინეთ

ფრანგები ალკოჰოლს აფასებენ და ამის თქმის არ ერიდებათ. თუმცა, მათ ზუსტად იციან ზომაც და რაოდენობაც. უყვართ ღვინო, მაგრამ დალევას არ აჭარბებენ. ისინი მხოლოდ მცირე რაოდენობით სინჯავენ, რომ დააგემოვნონ, მისი გემოვნური თვისებები ამოიცნონ და სიამოვნება მიიღონ. როგორც წესი, მხოლოდ 1 ჭიქა ღვინოს ნელ-ნელა სვამენ. ასე სისხლში ალკოჰოლის დონე შეუფერხებლად იმატებს და ადამიანიც სიამოვნებას იღებს.

ფრანგი ქალები ხშირად მიირთმევენ ნიორს

ფრანგული სამზარეულოს ყველაზე ცნობილი და პიკანტური ინგრედიენტი ნიორია, რომელსაც ხორცეულს, სალათებსა, წვნიანებს ხშირად უმატებენ. ანტიოქსიდანტებით მდიდარი პროდუქტი დაბერების პროცესსა და თავისუფალ რადიკალებს შესანიშნავად ებრძვის. როგორც უმი, ასევე მოხარშული ნიორი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს ამცირებს და კუჭ-ნაწლავს სიმსივნის განვითარებისაგან იცავს. ასევე, შანხაის კიბოს ცენტრის თანახმად, ნიორი ძუძუსა და პროსტატის კიბოს პროფილაქტიკისთვის სასარგებლო პროდუქტია.

ივახშმეთ ფრანგულად

ეს ნიშნავს იმას, რომ საკვები მიირთვათ სუფრასთან და არა ტელევიზორის წინ! ფრანგმა ქალებმა შესანიშნავად იციან, რომ ამ გზით საკუთარ თავს ზედმეტი პროდუქტების მიღებისაგან დაიცავენ.

მიირთვით მცირე ულუფებით

შეიძლება, გაგიჩნდეთ შეკითხვა, ფრანგები, რომლებსაც კრუასანი, ცხიმიანი ფუა-გრა უყვართ, როგორ ახერხებენ შესანიშნავი ფორმის შენარჩუნებას. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის მოსახლეობის მხოლოდ 7%-ს აწუხებს სიმსუქნე, მაშინ, როცა ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს მაჩვენებელი 22%-ს უტოლდება. საიდუმლო ულუფებშია! მიუხედავად იმისა, რომ კვების რაციონი ცილებით, ცხიმებითა და ნახშირწყლებითაა მდიდარი, ზომიერებას ყველა მიმართულებით იცავენ. მიირთმევენ ყველაფერს, თუმცა მცირე ულუფებით.

ხშირად დაასუფთავეთ მაცივარი

ფრანგი ქალები, როგორც წესი, მაცივარს საფუძვლიანად ალაგებენ და ზედმეტი პროდუქტები სახლიდან გააქვთ. შესაძლოა, მაცივარში ხშირად მოგროვდეს ისეთი საკვები, რომლებსაც აღარ ვიყენებთ, მაგალითად, სხვადასხვა მწვანილი, ქილა და ასე შემდეგ. ჭუჭყიანი მაცივარი მიკროორგანიზმებს აერთიანებს და ადამიანის ჯანმრთელობაზე სერიოზულ გავლენას ახდენს. ამავდროულად, მაცივრის დასასუფთავებლად ქიმიურ საწმენდ საშუალებებს ნუ გამოიყენებთ. შესაძლოა, მისი გავლენა პროდუქტებზეც გადავიდეს და საფრთხე შეგიქმნათ. უმჯობესია, თუ მხოლოდ სველ, სუფთა ტილოს მიანიჭებთ უპირატესობას.

2-1705483825..jpg

იზრუნეთ დეკოლტეს ზონაზე

როგორც ცნობილია, სხეულის ამ ნაწილზე კანი ყველაზე ნაზია, ცხიმოვანი ჯირკვლები ნაკლებია და შესაძლოა, ნაოჭები იმაზე ადვილად გაჩნდეს, ვიდრე სხვა ზონაზე.

ამიტომაც, მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღიურად გამოიყენოთ დამატენიანებელი, რომელსაც კანზე წრიული მოძრაობით დაიტანთ. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ხუთი წუთი სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად და კოლაგენის გამომუშავების სტიმულირებისთვის სრულიად საკმარისი იქნება. ასევე, პერიოდულად გამოიყენეთ სკრაბი, რათა კანი ზედმეტი ნაწილაკებისაგან გაათავისუფლოთ.

აუცილებლად გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალება. გარდა ამისა, უმჯობესია, თუ სუნამოს უშუალოდ დეკოლტეს ზონაზე, კანზე არ მიიპკურებთ, რადგანაც როგორც სპეციალისტები ამბობენ, ის ეპიდერმისს აშრობს.

დაკავდით სპორტით ფრანგი ქალების მსგავსად

ფრანგ ქალებს აკვაველოსიპედი ყველაზე მეტად მოსწონთ. მათი თქმით, ეს სხეულის გაჯანსაღებისა და ზედმეტი კილოგრამებისაგან გათავისუფლებისათვის შესანიშნავი საშუალებაა. ველოსიპედის მსგავსი მოწყობილობა წყალში დგას, პედლებიც აქვს და როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ასეთი ფორმის ფიზიკური აქტივობა სახსრებს ჯანმრთელობას უნარჩუნებს, ხსნის დაღლილობას, აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას და ზედმეტი ცხიმის დაკლებაშიც გეხმარებათ. ზოგადად, ფრანგი ქალები სპორტსა და ფიზიკურ აქტივობას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ.

3-1705483841.jpg

სწორად აარჩიეთ ბალიში

ბალიშის ხარისხსა და მის ფორმას ფრანგი ქალები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ, რათა ძილის პრობლემები არ შეექმნათ და კარგად დასვენება შეძლონ. გარდა ამისა, აუცილებელი პირობაა, რომ საწოლი საძინებელში ისე იყოს განლაგებული, ერთი მხარე კედელს ებჯინებოდეს, დანარჩენი სამი მხრიდან კი თავისუფალი სივრცეები იყოს. ოთახში კომპიუტერი, ტელევიზორი განლაგებული არ არის და ცდილობენ, დაძინებისათვის მშვიდი და მყუდრო გარემო შექმნან.

დამშვიდდით!

ნებისმიერ სიტუაციაში, ფრანგი ქალები ცდილობენ, სიმშვიდე შეინარჩუნონ. თუმცა, 3 პრინციპს განსაკუთრებით იცავენ:

  • არავინაა იდეალური. ამაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაარწმუნოთ საკუთარი თავი. მუდმივად იმაზე ნერვიულობა, ყველას მოსაწონ საქმეს აკეთებთ თუ არა, დიდ სტრესს განიჭებთ.
  • ადამიანებს მხოლოდ კარგი ან ცუდი თვისებები არ აქვთ. ჩვენ ყველას შეგვიძლია, ერთმანეთში დადებითი მხარეები აღმოვაჩინოთ.
  • მიჰყევით საკუთარ სურვილებსა და ინტერესებს - ადამიანებს ხან ერთი რამ მოსწონთ, ხან მეორე. მთავარია, რისი გაკეთება გსურთ თავად და რაზე ფიქრობთ, რომ გამოგივათ.

მოცემული რეკომენდაციების საილუსტრაციოდ, გაჩვენებთ ფრანგ ქალებს, რომლებიც სწორედ ამ რჩევებს იყენებენ და შესანიშნავად გამოიყურებიან:

მარიონ კოტიარი მზის დიდი სათვალით - ის ამბობს, რომ მზის სათვალის რეგულარული გამოყენებით საკუთარ კანს ნაოჭებისა და გამოშრობისაგან იცავს.

4-1705483854.jpg

ჟულიეტ ბინოშის დეკოლტე 59 წლის ასაკში ისე გამოიყურება, თითქოს 30 წლის გოგონაა. მსახიობი აღნიშნავს, რომ რეგულარული დატენიანება, გასუფთავება და მზისგან დამცავის გამოყენება შესანიშნავი შედეგის მიღწევაში ეხმარება.

5-1705483866.jpg

52 წლის შარლოტა გინსბური პარიზის ქუჩებში ველოსიპედით გადაადგილდება.

6-1705483878.jpg

ევა გრინი ამბობს, რომ სილამაზისა და ახალგაზრდობის შენარჩუნებაში ძილი ეხმარება. ის მხოლოდ აბრეშუმის თეთრეულსა და ბალიშებს ყიდულობს.

7-1705483891.jpg

სოფი მარსო 57 წლის ასაკში შესანიშნავად გამოიყურება. ის ამბობს, რომ კვების ულუფებს აკონტროლებს და საკუთარ თავს პერიოდულად უფლებას აძლებს, რომ ერთი ჭიქა ღვინო მიირთვას.

8-1705483902.jpg

ოდრი ტოტუ - ფრანგი რეჟისორების საყვარელი მსახიობი 47 წლის ასაკში ისე გამოიყურება, თითქოს, ამ ასაკთან შედარებით, 10 წლით ახალგაზრდაა.

9-1705483912.jpg

80 წლის ლეგენდარული მსახიობი კატრინ დენევი კვლავ ბრწყინავს, შესანიშნავად გამოიყურება და არც ჯანმრთელობას უჩივის.

10-1705483925.jpg

ჟულიეტ ბინოში დახურული კაბით საკუთარ სილამაზესა და ელეგანტურობას საუკეთესოდ წარმოაჩენს.

11-1705483938.jpg

56 წლის კარლა ბრუნი რეგულარულადაა სპორტით დაკავებული და შესანიშნავად გამოიყურება.

12-1705483951.jpg

შესაძლოა, დაჯერება გიჭირდეთ, მაგრამ მარიონ კოტიარი 48 წლისაა.

13-1705483962.jpg

სოფი მარსო ამბობს: "ცხოვრება მშვენიერია, როცა მას თავად ქმნი." სწორედ ამ პრინციპს იზიარებს მსახიობი.

14-1705483982.jpg