როგორც ცნობილი გახდა, ბრიტანეთის პრინცესა ქეით მიდლტონი, რომელსაც უამრავი გულშემატკივარი ჰყავს, კლინიკაში მოხვდა. ოფიციალური ცნობებით, კიდევ ორი კვირა დარჩება ჰოსპიტალში. საზოგადოების წინაშე წარდგენას კი მხოლოდ მარტში გეგმავს.
ბოლო სამი კვირა პრინცესა არ ჩნდებოდა არსად. 14 იანვარს ის და მისი მეუღლე ბრუნეის პრინცის ქორწილს უნდა დასწრებოდნენ, თუმცა ქორწილმაც მათ გარეშე ჩაიარა. აღმოჩნდა, რომ მიზეზი საკმაოდ სერიოზულია. სამეფო ოჯახმა გამოაქვეყნა მიმართვა და საზოგადოებას აცნობა, რომ მიდლტონმა მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაიტარა. ისიც დასძინეს, რომ ოპერაცია დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი, თუმცა საზოგადოებას ეჭვი გაუჩნდა, რომ სინამდვილეში ეს სასწრაფო ჩარევა იყო. სწორედ იმ მიზეზის გამო, რომ მანამდე იუწყებოდნენ, თითქოს 14 იანვარს სამეფო წყვილი ბრუნეიში უნდა ყოფილიყო.
დიაგნოზს და კონკრეტულ მიზეზს ოფიციალური წყარო არ იუწყება. "ქეითს იმედი აქვს, რომ საზოგადოება გაგებით მოეკიდება მის სურვილს, სამედიცინო ინფორმაცია კონფიდენციალური დარჩეს". მხოლოდ ის თქვეს, რომ მერილებონის კლინიკაში პრინცესა 16 იანვარს შეიყვანეს და სპეციალისტები დაკვირვების ქვეშ აგრძელებს მკურნალობას. მარტამდე არ გეგმავს საჯარო გამოსვლებს და როგორც გამოცხადდა, პრინციც შეამცირებს სამუშაოს რაოდენობას და შეწყვეტს უცხოეთში ვიზიტებს, რომ ცოლის გვერდით იყოს და სამ შვილს მიხედოს.
"პრინცესას იმედი აქვს, რომ მალე აღიდგენს ძალებს, რადგან მის სამუშაოზე ბევრი ადამიანია დამოკიდებული. ბოდიშს იხდის ყველა დაინტერესებული მხარის წინაშე, რადგან მას უწევს მიმდინარე საქმეების გადადება", - ნათქვამია განცხადებაში, თუმცა გულშემატკივრები მეტ ინფორმაციას ელოდებიან და სასახლიდანაც იმედს იძლევიან, რომ ეტაპობრივად კვლავ აცნობებენ საზოგადოებას ქეითის გამოჯანმრთელების ამბებს.
აღსანიშნავია, რომ პრინცესას 9 იანვარს ჰქონდა დაბადების დღე - ის 42 წლის გახდა.