ყველა დროის უმშვენიერესი მსახიობი მონიკა ბელუჩი 59 წლისაა. სულ ახლახან პრემია "ემის" 75-ე ცერემონიაზე გამოჩნდა და როგორც ყოველთვის, სამყარო აალაპარაკა თავის გარეგნობაზე და ასევე - პარტნიორზე. საქმე ისაა, რომ უკვე რამდენჯერმე გამოჩნდა ცნობილი რეჟისორის, 65 წლის ტიმ ბარტონის გარემოცვაში. ამბობენ, რომ მათ რომანტიკული ურთიერთობები აქვთ. წყვილი ამჯერადაც ხელჩაკიდებული იღებდა ფოტოებს.
თავად მონიკას ფოტოსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრმა აღნიშნა, რომ ულამაზეს ქალს ასაკის კვალი დაეტყო, თუმცა თავად მონიკას ეს საკითხი ნაკლებად აღელვებს და არაერთხელ აღუნიშნავს, რომ არ აპირებს ხელოვნურად ასაკის შეჩერებას.
"10 წლის წინ ეს ნაოჭები არ მქონდა. ვხედავ, რომ შევიცვალე, მაგრამ ჩემი თავისთვის არ მითქვამს: „ღმერთო ჩემო! რა ამაზრზენია!“ არა, პირიქით, ეს ყველაფერი ძალიან მომხიბვლელად მიმაჩნია...
ასაკთან ერთად ვიცვლებით, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, ცხოვრება გრძელდება და ის მშვენიერია. ჩვენი სხეული ბერდება და მასთან გამკლავება გვიწევს. თუმცა, თუ დავბერდებით, შეიძლება ითქვას, რომ ძალიან გაგვიმართლა, რადგან ხანგრძლივი ცხოვრება გვაქვს. მაშინ, როდესაც სხეული დამარცხებას იწყებს, სული გამარჯვებას აღწევს.“ - ამბობს ბელუჩი.
გთავაზობთ მსახიობის კიდევ რამდენიმე საინტერესო ციტატას:
1. მე კარგი დედა ვარ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კარგი ქალი და დიასახლისი ვარ. მეტისმეტად მიყვარს რისკი.
2. არასოდეს მიფიქრია და მიოცნებია დედობაზე. პირიქით, სულ არ მინდოდა შვილების გაჩენა, არ ვიყავი მზად დედობისთვის. ამის გამო იყო, რომ პირველი ქალიშვილი 40 წლის ასაკში შემეძინა, მეორე - 46 წლის ასაკში. ახლა ვხვდები, რა საყვარელია შვილი. დღეს უკვე აღარ მაინტერესებს პრემიერები, წითელი ხალიჩები. მხოლოდ ჩემს შვილებთან ყოფნა მინდა.
3. ძალიან გამიმართლა. ვიცი, რომ მსოფლიოში უამრავი ქალია, ვინც მზადაა მთელი უდაბნო მუხლის ჩოქით იაროს, ოღონდ კი შვილს ეღირსოს. ხომ შეიძლებოდა ეს პრობლემა მეც მქონოდა.
4. ბედნიერება შორს არ უნდა ეძებო, შენში უნდა იპოვო.
5. სიბერეში მირჩევნია შვილებს ვუყურო, ვიდრე საკუთარ ფილმებს. არც ერთი ფილმის გამო არ მოვაკლებ მათ ყურადღებას.
6. ძალიან მსიამოვნებს მარტოობა. არადა ძალიან ბევრი ლამაზი და წარმატებული ადამიანი ვიცი, ვისი ცხოვრებაც ნამდვილი ჯოჯოხეთია. საკუთარ თავთან მარტო ყოფნაც ტანჯავთ.
7. სიყვარული არ ქრება, უბრალოდ სხვა ფორმით განაგრძობს არსებობს. არ უნდა დაივიწყოთ, რომ ის ადამიანი ოდესღაც თავად აირჩიეთ და მის გვერდით ბედნიერი იყავით. პატივი ეცით იმ დროს. სიყვარული განქორწინებაზე მაღლა დგას.
8. ყველაზე ბედნიერი ქალი ვარ, რადგან უსაყვარლესი შვილები მყავს, არაჩვეულებრივი ქორწინება მქონდა და იმ სიყვარულს არ გაუვლია. უბრალოდ ტრანსფორმაცია განიცადა და სხვა გრძნობაში გადაიზარდა.
9. შვილების დაბადებამ კარდინალურად შემცვალა. მას მერე, რაც მშობელი ხდები, ყველაფერს სხვაგვარად უყურებ, საიდანღაც ჩნდება სიმშვიდე და სიბრძნე. ბევრ რამეს, რის გამოც ადრე ვღელავდი ხოლმე, ახლა აზრი დაეკარგა.
10. რა მოხდა ჩემს ცხოვრებაში 30 წლის შემდეგ? გავყევი ვენსან კასელს, პირველი შვილი 40 წლისამ გავაჩინე, მეორე - 45 წლისამ. ოთხი წლის წინ ჯერ კიდევ ძუძუს ვაწოვებდი, ახლა კი კინობიზნესში დავბრუნდი. ასე რომ, 50 წლის ასაკშიც შეიძლება ცხოვრების ხელახლა დაწყება.