საქართველოს მოქალაქე ვალდებულია, 14 წლის ასაკის მიღწევიდან 6 თვის ვადაში პირადობის ელექტრონული მოწმობა აიღოს. კანონიერი წარმომადგენლის სურვილის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის დამზადება შესაძლებელია 14 წლამდე ასაკის პირებზეც. ამის შესახებ ინფორმაცია ვრცლად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გვერდზეა გამოქვეყნებული.
აღსანიშნავია, რომ პირადობის ელექტრონული მოწმობის შესაბამის გრაფაში სავალდებულოა მფლობელმა, 9 წლის ასაკიდან, შეასრულოს პირადი ხელმოწერა იმ ფორმით, რომლითაც იგი პრაქტიკაში სარგებლობს.
პირადობის ელექტრონული მოწმობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს:
- იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალს;
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს;
- საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებას.
თუ პირადობის მოწმობის დამზადებასთან ერთად გსურთ მისამართზე რეგისტრაცია ან რეგისტრაციის ცვლილება, უნდა მიმართოთ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით შესაბამის იუსტიციის სახლს ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს.
პირადობის ელექტრონული მოწმობის მისაღებად განმცხადებელი შეიძლება იყოს:
- სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი პირადად;
- 14 წელს მიღწეული არასრულწლოვანი;
- არასრულწლოვანი პირის (18 წლამდე) კანონიერი წარმომადგენელი (მშობელი, მხარდამჭერი ან მზრუნველი), გარდა 16-დან 18 წლამდე რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირისა;
- მიუსაფარი ან/და ძალადობის მსხვერპლი ბავშვის შემთხვევაში ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო;
- მხარდაჭერის მიმღები პირი, მხარდამჭერის თანხმობით.
პირადობის ელექტრონული მოწმობის მიღებისთვის დაინტერესებულმა პირმა უფლებამოსილ სამსახურში უნდა წარადგინოს:
- დადგენილი ფორმის განცხადება;
- ბიომეტრიული ფოტოსურათი;
- დაბადების მოწმობა;
- მომსახურეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
თუ პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემასთან ერთად მოთხოვნილია პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მისამართზე რეგისტრაცია, დაინტერესებული პირის მიერ დამატებით წარმოდგენილი უნდა იქნეს პირის მისამართზე რეგისტრაციისთვის აუცილებელი ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი:
- ბინის მესაკუთრის მიერ შევსებული თანხმობა;
- საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- დოკუმენტის მფლობელი პირის ბოლო სამი თვის განმავლობაში კონკრეტულ მისამართზე ცხოვრების ფაქტის თაობაზე ორი სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის წერილობითი დასტური, რომელიც გამოხატული უნდა იქნას განაცხადის მიღებაზე უფლებამოსილი თანამშრომლის წინაშე.
პირადობის ელექტრონული მოწმობა გაიცემა:
- 18 წლამდე პირებზე - 4 წლის ვადით;
- 18 წლის ასაკის ზემოთ პირებზე - 10 წლის ვადით.
პირადობის ელექტრონული მოწმობა ექვემდებარება შეცვლას შემდეგ შემთხვევებში:
- მოქმედების ვადის გასვლისას;
- სახელის ან გვარის შეცვლისას;
- ჩანაწერში უზუსტობის დადგენისას;
- ხმარებისათვის უვარგისობისას;
- დაკარგვისას.
დამზადებული პირადობის ელექტრონული მოწმობა გადაეცემა:
- პირადობის მოწმობის მფლობელ სრულწლოვან პირს;
- 14 წლის ასაკს მიღწულ პირადობის მოწმობის მფლობელ არასრულწლოვან პირს;
- არასრულწლოვანი პირის (18 წლამდე) კანონიერ წარმომადგენელს, გარდა 16-დან 18 წლამდე ასაკის რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირისა;
- მიუსაფარი ან/და ძალადობის მსხვერპლი ბავშვის შემთხვევაში ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს;
- მხარდაჭერის მიმღები პირის მხარდამჭერს;
პირადობის ელექტრონული მოწმობის საფასური:
- მე-10 სამუშაო დღეს - 60 ლარი
- მე-5 სამუშაო დღეს - 80 ლარი
- მე-3 სამუშაო დღეს - 100 ლარი
- 24 საათში - 120 ლარი
- იმავე დღეს - 150 ლარი
პირადობის ელექტრონული მოწმობის საფასურის გადახდისას შეღავათით სარგებლობენ ან საფასურის გადახდისაგან სრულად თავისუფლდებიან:
- სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 001–ს ;
- მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები - სრულად;საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაინვალიდებული საქართველოს მოქალაქეები ;
- პირები, რომელთაც საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭათ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით ;
ასევე,
- სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და რომელთა სტატუსის გადამოწმება შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ბაზის მეშვეობით, პირადობის ელექტრონული მოწმობის აღნიშნული სტატუსით პირველად აღების შემთხვევაში თავისუფლდებიან განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდისაგან – 10 ლარით, ხელმეორედ 6 ლარით, ხოლო ფოტოსურათის საფასურის გადახდისაგან - სრულად;
- სტუდენტები, სტუდენტური მონაცემით პირადობის ელექტრონული მოწმობის განმეორებით მიღების დროს - 10% - ით.
- პირები, რომლებზეც შესაძლებელია გაიცეს პირადობის მოწმობა მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსით დაწესებული მომსახურების საფასურისგან გათავისუფლდებიან 50%.
როგორც იუსტიციის სახლში განგვიცხადეს, თუკი პირადობის მოწმობას დაკარგავთ და არ ხართ ზემოთ ჩამოთვლილ კატეგორიაში, რომელზეც ფინანსური შეღავათები ვრცელდება, მაშინ თანხის გადახდა სრულად მოგიწევთ.
თამარ იაკობაშვილი