ინგლისის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე საგრაფო სომერსეტში დაწყებით სკოლებში მოსწავლეებს მხოლოდ ონკანის წყლის დალევის უფლება აქვთ. ბავშვებს ეკრძალებათ სახლიდან სხვა ტიპის სასმელის სკოლაში მიტანა. საგაკვეთილო პროცესში ვერც წვენს, ვერც გამაგრილებელ სასმელს და ვერც კომპოტს დალევენ.
ინიციატივა სომერსეტის მმართველ საბჭოს ეკუთვნის, რომელიც დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს მოუწოდებს, რომ სასკოლო დღის განმავლობაში მათთვის სასურველი სასმელი მხოლოდ წყალი იყოს.
„წყლის სკოლების“ პროექტი, რომელსაც სომერსეტის საბჭო ხელმძღვანელობს, ბრიჯვატერის კოლეჯის აკადემიაში, დაწყებითი სკოლების განყოფილებაში საცდელად დაინერგა.
პროექტი გულისხმობს, რომ მოსწავლეები სკოლაში სვამენ მხოლოდ ონკანის წყალს და მშობლები არ ატანენ წვენებს ან სხვა სასმელს სახლიდან.
სომერსეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენელმა, პეტსის ტემპლმა განაცხადა, რომ ამით სკოლაშივე, ადრეულ ასაკში შეიძენენ ბავშვები ჯანსაღი კვების ჩვევებს.
”ეს დაეხმარება ბავშვებს შაქრის რაოდენობის შემცირებაში. ჩვენ ბავშვთა სიმსუქნის ეპიდემია გვაქვს. ჭარბწონიანი მოსწავლეების რიცხვი იზრდება და ყოველი მესამე ბავშვი სომერსეტში, რომელიც დაწყებით სკოლას ამთავრებს, ჭარბწონიანია,“ - აცხადებს კოლეჯის ხელმძღვანელის ასისტენტი ჰელენ სტოუნი,.
შაქრიანი ალტერნატივის ნაცვლად ბავშვებს მთელი დღის განმავლობაში წყალს ასმევენ.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ჯგუფის თქმით, კვლევებმა აჩვენა, რომ ჰიდრატაცია ხელს უწყობს ყურადღებას, კონცენტრაციას და მეხსიერებას და მოსწავლეებს მობილიზებაში ეხმარება.
”მეტი წყლისა და ნაკლები შაქრიანი სასმელის მოხმარების შემდეგ სკოლა რეალურად ხედავს შედეგებს. ვხედავთ განსხვავებას ჩვენს მოსწავლეებში. ჰიდრატაცია ნამდვილად ეხმარება მათ კონცენტრაციაში. გარდა ამისა, მშობლების ფულიც იზოგება, ამიტომ ეს მომგებიანი გზაა“. - აცხადებს სტოუნი.
სომერსეტის საბჭოში ამბობენ, რომ შესაძლოა პროგრამა საგრაფოს უფრო მეტ დაწყებით სკოლაში ამოქმედდეს.