გადაცემაში "ნამდვილი ექიმები" სპეციალისტები საუბრობენ, როგორ შეიძლება ქუთუთოების შეშუპებას ვებრძოლოთ და ეს პრობლემა სახლის პირობებში მოვაგვაროთ:
რეზო ომიაძე: თუ ქუთუთოები შესიებული და თვალები წითელი გვაქვს, პირველ რიგში, ქუთუთოები უნდა გავიგრილოთ. თვალში შეგვიძლია, დამატენიანებელი ჩავიწვეთოთ. სიწითლე შესაძლოა, სიმშრალის შედეგად იყოს გამოწვეული და ამიტომ, დამატენიანებლით უბრალოდ დავირბილებთ და სიწითლეს მოვიხსნით. ეს, ძირითადად, დამახასიათებელია ნაბახუსევისა და გამოუძინებელი მდგომარეობის დროს. ასეთ შემთხვევაში, სახლის პირობებში ყველაზე კარგი ხრიკი გახლავთ ის, რომ ცივი საფენები დავიდოთ. ეს იქნება ყინული, თუ ტილო, რომელსაც ცივ წყალში დავასველებთ და ქუთუთოებზე დავიდებთ. რა თქმა უნდა, ტილო, ან პირსახოცი სტერილური უნდა იყოს და ეს ყველაფერი დღეში რამდენჯერმე უნდა გავიმეოროთ. რაც არ უნდა დიდიხნით იყოს სიცივე თვალთან ახლოს, თვალს არანაირ ზიანს არ მიაყენებს. თუმცა, შესაძლოა, წიაღების ანთება გამოიწვიოს. ამიტომ, ცივი ტილოს დასადებად 5-10 წუთი სავსებით საკმარისია.
ლევან რატიანი: როდესაც გადავწყვეტთ, რომ თვალის ირგვლივ შეშუპება ცივი საშუალებით მოვხსნათ, ასეთ რამეს ვაკეთებთ: ვიღებთ ყინულს, ვახვევთ მარლაში, ან სუფთა ტილოში და თვალზე რამდენიმე წუთის განმავლობაში ვიდებთ. უჯრედებისა და ქსოვილების შეშუპების მოხსნა სიცივის ეფექტიდან გამომდინარე ხდება.
რეზო ომიაძე: კიდევ ერთი საშუალება კიტრია. პირველ რიგში, კანი მოვაშოროთ, დავჭრათ თხელ ნაჭრებად. კიტრი ცივი უნდა იყოს, მაცივრიდან გამოღებული და დახუჭულ თვალზე, ზედაპირზე მოვითავსოთ. აღმოჩნდა, რომ კიტრში შემავალი სითხე და ვიტამინები ძალიან კარგად ატენიანებს ქუთუთოებს და შეშუპებას ხსნის. ეს ყველაფერი რამდენიმე წუთის განმავლობაში უნდა გავაკეთოთ. როდესაც კიტრი გათბება, მოვიშოროთ და ახალი ცივი კიტრი დავიდოთ.
ლევან რატიანი: ჩაის ექსტრაქტის მოქმედება თვალის ირგვლივ მდებარე ქსოვილებზე ყველასთვის ცნობილია. ჩაი აუცილებლად ცივი უნდა იყოს. მას თავის ფარმაკოლოგიური ეფექტიც გააჩნია. ჩაი კოფეინს შეიცავს. კოფეინს სისხლძარღვის შემავიწროვებელი ეფექტი ახასიათებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, როდესაც თვალის ირგვლივ მდებარე ქსოვილი შეშუპებული, სისხლძარღვი გაფართოებულია. სწორედ ჩაის ნაყენის საფენის დადება ქსოვილებში სისხლძარღვების შევიწროებას იწვევს, რაც შეშუპებას ავტომატურად ხსნის. ნაყენი ძალიან კონცენტრირებული უნდა იყოს, 2 პაკეტი, დაახლოებით, 100 მილილიტრ წყალში.
თიკა ფაცაცია: შეგვიძლია, 2 კოვზი მაცივარში 20-25 წუთის განმავლობაში ვათავსოთ. ის სასურველ ტემპერატურას მიიღებს და შემდეგ ქუთუთოებზე დავიდებთ. მერე შესაძლოა, მასაჟიც გავიკეთოთ.
რეზო ომიაძე: თუ თვალები ხშირად გვისივდება, გრძელვადიან ხერხს უნდა მივმართოთ. პირველ რიგში, წყალი დიდი რაოდენობით უნდა მივირთვათ. უნდა გამოვიძინოთ. ძილის დროს მაღალი ბალიში გამოვიყენოთ, რომ თავი უფრო ვერტიკალურ მდგომარეობაში იყოს, რადგან ლიმფოდრენაჟი გაუმჯობესდეს. თვალის გარშემო დამატენიანებელი კრემი უნდა გამოვიყენოთ. კვების რაციონიდან მარილი აუცილებლად შევამციროთ, რადგან მარილი წყალს აკავებს და შეშუპებას ხსნის. სითხის დონის დაბალანსებას კალიუმი ხელს უწყობს. ამიტომ, კალიუმის შემცველი პროდუქტები უნდა მივირთვათ. მაგალითად, ბანანი, პარკოსნები და იოგურტი. თუ ამ ყველაფერმა არ გიშველათ, ექიმს აუცილებლად უნდა მიმართოთ.