რძალ-დედამთილის თემა ამოუწურავია და ძალიან ხშირად, ეგოიზმის გამო, შეგნების ნაკლებობის, შურის, მეტოქეობის თუ სხვა მიზეზების გამო, რომელიმე ერთი მხარე ისე იჩაგრება, რომ ცხოვრება ჯოჯოხეთად ექცევა. ამ თემაზე უფრო ხშირად რძლები ჩივიან, რომელთაც ქმრის ოჯახებში ხანდახან ნამდვილი მტერი ხვდებათ დედამთილების სახით. ესეც ერთ-ერთი მსგავსი ამბავია, რომელსაც ჩვენი მკითხველი გვიამბობს:
სოფო, 33 წლის, ფარმაცევტი
ჩემი დედამთილი იმ დროიდან არ მომეწონა, როცა მას პირველად შევხვდი. ვიგრძენი, რომ დამცინოდა. ჩემს სიტყვებს იმეორებდა და ფიზიკურ მონაცემებზე ხაზს უსვამდა. პირველი შეხვედრის დროს დიდი ჩექმა მეცვა და გავიხადე, თბილი "ჩუსტი" მომცა. როცა მე და ჩემი მომავალი მეუღლე წასასვლელად ვემზადებოდით და ფეხსაცმლის ჩაცმას ვაპირებდი, სიცილით მითხრა: "უი, რამხელა ფეხები გქონია?!" შემდეგ კი აქცენტი ჩემს მოცულობით ზედაზე გააკეთა. მოულოდნელად მითხრა: "ჩვენს ოჯახში ასეთი აღნაგობის ქალები არ შემოდიოდნენ, მაგრამ რაკი ჩემმა შვილმა აგირჩია, ასე იყოს." თან მიღიმოდა, თითქოს, ეს ხუმრობით უნდა აღმექვა. იმ დღესვე ნეგატიური განწყობა შემექმნა. გავუღიმე, გავჩუმდი, რადგან კონფლიქტის წამოწყება არ მინდოდა. გადავწყვიტე, რომ მომეთმინა. თუმცა აღმოჩნდა, რომ აქ დავუშვი პირველი შეცდომა. მან ჩათვალა, რომ მომთმენი ვარ და ყველაფერს გადავყლაპავ, ამიტომ ზეწოლა გააორმაგა.
ყოველი შემდეგი შეხვედრის დროს, მუდმივად ჩემს წონაზე ლაპარაკობდა. მეუბნებოდა, რომ ორსულობისას წონაში კიდევ უფრო მოვიმატებდი და დავმახინჯდებოდი. მასთან ერთად ცხოვრება კიდევ უფრო დიდი ჯოჯოხეთი აღმოჩნდა. ერთხელ ისიც მითხრა, რომ ჩემთვის სალათა მოამზადა, რომელშიც მაიონეზი არ გამოუყენებია და მირჩევდა, პური არ მიმეღო. როცა ვუთხარი, რომ თავად გადავწყვეტდი, რას შევჭამდი, უცებ მსხვერპლი ქალის როლი მოირგო და ჩემს ქმარს მიუბრუნდა: "დედის დაცვას არ აპირებ? ვერ ხედავ, როგორ მეუხეშება?" ჩემმა ქმარმა რომ მას დაუჭირა მხარი, გაოგნებული დავრჩი...
მსგავს ამბები ბევრჯერ წამიკითხავს. ყოველთვის მეგონა, ორივე მხარე ამეტებდა, მაგრამ არასოდეს მიფიქრია, რომ თავადაც გადამხდებოდა თავს, იმიტომ, რომ ძალიან უკონფლიქტო ადამიანი ვარ და კამათს მაქსიმალურად ვერიდები...
ბავშვის გაჩენის შემდეგ სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა. სამსახურში ვერ დავდიოდი და ჩემს ქმარზე ფინანსურად დამოკიდებული გავხდი. ჩემმა დედამთილმა კი აქ ჩათვალა, რომ მე აღარაფრის უფლება აღარ მქონდა.
"სპილოს ფეხები გაქვს", "3 კაცს ეყოფა, რასაც შენ ჭამ", "ბავშვს დიათეზი აქვს, აყრის, ყველაფერს რომ ჭამ..." - ეს და მსგავსი ფრაზები 3 წლის განმავლობაში ყოველდღიურად მესმოდა. არადა, ბავშვს არაფერი სჭირდა. უბრალოდ, ჩემმა დედამთილმა ჩათვალა, რომ მე ცუდი დედა ვიყავი, ან უნდოდა, ამაში მე დავერწმუნებინა და თითქოს მან ყველაფერი ჩემზე უკეთ იცოდა. ძუძუთი კვება რომ დავასრულე, 5 კილოგრამი დავიკელი. მაშინვე მოვიდა და მითხრა: "ნუ გიხარია, ეს დიდხანს არ გაგრძელდება, წონაში ისევ მოიმატებ." ყველა ლუკმას მითვლიდა. ათვალიერებდა, რა მეცვა, როგორ გამოვიყურებოდი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს,სუნთქვის უფლებაც წამართვეს. ბავშვს ამდენი ყურადღება სჭირდებოდა, ხშირად ჭირვეულობდა, ღამე არ მეძინა და ეს ქალი კიდევ თავისი შენიშვნებით გამუდმებით თავს დამტრიალებდა. მოულოდნელად ოთახში შემოვარდებოდა და არაფერს მეკითხებოდა...
ბოლო წვეთი კი იყო ის, რომ ჩემს შვილს სხვადასხვა თემით აშინებდა. მაგალითად, ეუბნებოდა, რომ თუ ქოთანზე არ დაჯდებოდა, ურჩხულები გამოვიდოდნენ და შეჭამდნენ... ნამდვილად არ მინდოდა, მის გამო ჩემს შვილს ნევროზი დამართნოდა. ბავშვს აშკარად შიშები დაეწყო. ქმარს ვუთხარი, რომ აუცილებლად ცალკე უნდა გადავსულიყავით. მან კი მიპასუხა, რომ ფინანსურად ამის შესაძლებლობა არ გვქონდა. მეუბნებოდა, რომ მე ვიყავი დამნაშავე და მომეთმინა. ამიტომ, მოვკიდე ჩემს შვილს ხელი და დედაჩემთან წავედი... ცოტა ხანს იქ დადიოდა ჩემი ქმარი, მაგრამ სულ დაბრუნებას მთხოვდა. ერთხელ კიდევ დავთმე და წავედი, მაგრამ უარესი ჯოჯოხეთი მომიწყო დედამისმა. ჩემი ქმარიც შეცვლილი დამხვდა, ისიც ყველა ლუკმას მითვლიდა, ყველაფერზე ეჭვიანობდა, სულ მოითხოვდა, რომ დედამისს დავმორჩილებოდი. ბოლოს საკუთარი ხელფასიც რომ დედამისს გადააბარა და იძულებული გამხადა, მისთვის მეთხოვა ელემენტარული საჭიროებებისთვის თანხა, საბოლოოდ გამიცრუვდა იმედი და სულ წამოვედი...
განქორწინებას საერთოდ არ ვნანობ. დაე, ჩემი ყოფილი მეუღლის ყველა საქმე და ცხოვრება დედამისმა გადაწყვიტოს და დაგეგმოს, თუ ასე ურჩევნიათ. მე ძლივს თავისუფლად ვსუნთქავ, მუშაობაც დავიწყე - დედა მეხმარება, რომელსაც მანამდე არაფერში რევდნენ და რომ ვიტყოდი, დედას დავუტოვებ ბავშვს და ვიმუშავებ-თქო, ჩემი დედამთილი დაიწყებდა მაშინვე, დედაშენმა რა უნდა ასწავლოს ბავშვს ან შენ რა უნდა აიღო იმისთანა, ბავშვს მოაკლო ყურადღებაო... მოკლედ, მე უკვე თავისუფლად ვარ და სტრესებიც მომეხსნა. არავის არ ვურჩევ არაფერს, ყველამ თავად უნდა გადაწყვიტოს, სად გადის ზღვარი ადამიანურ ურთიერთობებს შორის. თუმცა თუ ოდესმე კიდევ გადავდგამ ამ ნაბიჯს, აუცილებლად ძალიან ბევრ რამეს ავწონ-დავწონი და დიდხანს ვიფიქრებ.