ექიმი გიორგი ღოღობერიძე საკუთარ გვერდზე ვრცლად საუბრობს, როგორ გავუმკლავდეთ არსებულ ვირუსულ ინფექციებს, განსაკუთრებით, გრიპს, ვინ უნდა გამოიჩინოს უფრო მეტი სიფრთხილე და მკურნალობის რა გზები შეიძლება, გამოვიყენოთ:
- ძალიან ბევრ ადამიანს ცხელება, გამოხატული სისუსტე, კუნთების, სახსრების ტკივილი, ხველა აწუხებს, პანიკაში ვარდებიან და არ იციან, რა გააკეთონ. მაღალ ასაკობრივ ჯგუფში კიდევ უფრო ღელავენ და არ იციან, როგორ მართონ დაავადება.
სეზონურ გრიპს თავისი ინკუბაციური პერიოდი აქვს. როცა გრიპით დაავადებულ ადამიანთან კონტაქტი გექნებათ, შესაძლოა, ნიშნები თქვენც გამოგივლინდეთ, მაგრამ ნიშნების გამოვლენა, დაახლოებით, 1-4 დღეში, საშუალოდ კი, 2 დღეში მოხდება. როგორც წესი, 3 ტიპური ნიშნით ვლინდება: პირველი, ეს არის ცხელება. ტემპერატურა იმატებს. ცხელება, ჩვეულებრივ, 37,8 გრადუსიდან 40-41 გრადუსამდეა. მაღალი ტემპერატურაა სწორედ მიზეზი, რის გამოც ადამიანებს გრიპით დაავადების ეშინიათ. ცხელების გარდა, პაციენტს გრიპის დროს არაპროდუქციული ხველა აღენიშნება - მშრალად ახველებს. მესამე ნიშანი მიალგია, ანუ კუნთების ტკივილია. გარდა ამ 3 ნიშნისა, შესაძლოა, ადამიანს ყელის ტკივილი, სურდო, თავის ტკივილი აღენიშნებოდეს. პაციენტების მცირე ნაწილში, განსაკუთრებით, ბავშვთა ასაკში, შესაძლოა, გულისრევა და ღებინება იყოს გამოხატული.
თუმცა, როცა საქმე 65 წელს ზემოთ ასაკობრივ კატეგორიას ეხება, იქ შეიძლება ტემპერატურა საერთოდ არ იყოს გამოხატული. შესაძლოა, ვერც კი მიხვდეთ, რომ მას გრიპი აქვს. 65 წელს ზემოთ ადამიანებში გრიპის ამოცნობა ძალიან რთულია. ნაკლებად ახლავს ცხელება, ხველა, კუნთების ტკივილი. უფრო მეტად, უმადობა, სისუსტე და თავბრუსხვევა ახასიათებს. ამიტომ, ყურადღებით იყავით - თუ სახლში გყავთ ადამიანი, რომლის ასაკიც 65 წელს ზემოთაა და მას უმადობა, სისუსტე, თავბრუსხვევა აქვს, ეს ჩივილები ახლა გამოუვლინდა და ამის გამოა ცუდად, ეს შეიძლება, გრიპი იყოს და არ არის აუცილებელი, მას ცხელება, ხველა და კუნთების ტკივილი ახლდეს.
გრიპი, როგორც წესი, სწრაფად იწყება და პირველი სამი დღე განსაკუთრებით საყურადღებოა. 10-14 დღეში ნიშნები ნელ-ნელა ალაგდება.
როგორც უკვე აღვნიშნე, პირველი-სამი დღე განსაკუთრებით მძიმეა. მესამე დღის შემდეგ ტემპერატურამ უნდა დაიწიოს. მაგრამ, თუ ტემპერატურა მაღალი იყო, დაიწია და მერე ისევ აიწია, ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, პოტენციურად ფილტვების ანთება ერთვოდეს და ეს უკვე ძალიან საყურადღებოა. შეიძლება, ანტიბიოტიკების გამოყენებაც გახდეს საჭირო. მაგრამ, მხოლოდ, ექიმის დანიშნულებითა და რეკომენდაციით. შესაძლოა, არა მხოლოდ ფილტვების ანთებით, არამედ გულის პათოლოგიებით გართულდეს. მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის უკმარისობა და არითმიები მოჰყვეს, რაც შეიძლება, ფატალურად დასრულდეს.
როგორც უკვე აღვნიშნე, სითხეების მიღება ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, 300 მილიგრამი C ვიტამინი და 5 მილიგრამი თუთია, დღეში ორჯერ, იდეალურად მუშაობს. მედიკამენტებთან ერთად, დაგეხმარებათ, რომ რაც შეიძლება, სწრაფად გამოხვიდეთ ამ მდგომარეობიდან.
თუ თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც მედიკამენტების მიღება არ უყვარს და გსურთ, სახლის პირობებში მოაგვაროთ სიტუაცია, ერთ-ერთი ვარიანტი, რაც შეიძლება გააკეთოთ, ასეთია: შეგიძლიათ, აიღოთ ჯანჯაფილი, ლიმონი. აიღეთ ერთი მთლიანი ლიმონი, დაასხით ადუღებული წყალი. ჯანჯაფილიც ასევე აიღეთ, ორივე მათგანი დააბლენდერეთ, დაამატეთ თბილი წყალი და დღის განმავლობაში 4-5-ჯერ დალიეთ. იმავე რაოდენობის C ვიტამინსა და თუთიას შეიცავს, რაზეც უკვე ვისაუბრე.