ჟურნალი "გზა", 2019 წელი.
საქართველოს ისტორიაში იყვნენ ქალები, ვინც ამა თუ იმ ეპოქის დოგმებს არ ეპუებოდნენ და წინაპრების წეს-ჩვეულებების წინააღმდეგ მიდიოდნენ. ასეთი თამამი და მეამბოხე ქალები რომ არა, ალბათ "სუსტი სქესის" ადგილი ქართულ რეალობაში კიდევ დიდხანს არ შეიცვლებოდა და მანდილოსნები საკუთარ სურვილებს სულში ჩაიხშობდნენ. თუმცა, არაერთი ქალის დინების საწინააღმდეგოდ სვლამ, ბევრს გამბედაობა შემატა და მათ მაგალითზე მოახერხეს საკუთარი აზრის ხმამაღლა დაფიქსირება.
უწინ ხალხის დიდ ნაწილში მსახიობი ქალი დიდ გაღიზიანებას იწვევდა. ბევრი მიიჩნევდა, რომ ქალი სცენაზე ასვლით "პატიოსნებას კარგავდა". "სწორი გზიდან გადახვეულებს", არათუ ოჯახი, ზოგჯერ ნათესავები და მეგობარ-ახლობლები სამუდამოდ აქცევდნენ ხოლმე ზურგს... მიუხედავად ამისა, ნატო გაბუნია ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც ხალხის აზრს არ შეუშინდა. მოღვაწეობა მან 16 წლისამ, XIX საუკუნის მეორე ნახევარში, გორის სახალხო თეატრში დაიწყო. სწორედ იქ იხილა დავით ერისთავმა და 1879 წელს სამუშაოდ თბილისის ქართულ პროფესიულ თეატრში მიიწვია...
ნატო გორში დაიბადა. ადრეული ასაკიდანვე წერდა ლექსებს და სურდა, დაბეჭდილიყო. რამდენიმე მათგანი ანტონ ფურცელაძეს გამოუგზავნა. მაშინ ეს მწერალი იმხანად რამდენიმე პერიოდულ გამოცემასთან თანამშრომლობდა, რამდენიმე წელი მისი თაოსნობით გამოდიოდა ჟურნალი "მნათობი". ალბათ სწორედ აქ ან რომელიმე სხვა გამოცემაში სურდა ნატოს თავისი ლექსები ეხილა, მაგრამ ფურცელაძემ მისი "შემოქმედება" დაიწუნა და ახალგაზრდა ავტორს ლექსები სხვაზე გადაბრალებით უკან დაუბრუნა - ცენზორმა არ გაუშვაო. მის შემდეგ ანტონ ფურცელაძემ ნატო ერთ-ერთ პირველ საქველმოქმედო წარმოდგენაში იხილა. რამდენიმე დღეში იქვე, გორში შეხვდნენ ერთმანეთს და ფურცელაძემ ნატოს ურჩია, პოეტობას თავი დაანებე, სასცენო ქალი ხარო.
ნატოს რჩევა ჭკუაში დაუჯდა და მამას თავისი სურვილი გაანდო. ოჯახის უფროსი შვილის განზრახვას აღფრთოვანებული არ შეხვედრია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ნატოს უკან არ დაუხევია, გორიდან თბილისში გაიპარა და მშობელი გაანაწყენა. რამდენიმე წელი მამა აღარ ურიგდებოდა ქალიშვილს და მხოლოდ მაშინ "აპატია", როცა ნატო დაოჯახდა და ჯვარი დაიწერა: 23 წლის იყო, როცა თავისზე 2 წლით უფროს დრამატურგ ავქსენტი ცაგარელს გაჰყვა ცოლად. მათ ბევრი რამ ჰქონდათ საერთო, უპირველესი კი თეატრი იყო.
***
პერიფერიიდან დედაქალაქში გამომგზავრებული, ერთი შეხედვით გარეგნულად არაფრით გამორჩეული ქალი მალე მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, რაშიც არტისტული ბუნება და თამამი ხასიათი უწყობდა ხელს. ამავდროულად, კარგად უკრავდა, მღეროდა.
ნატო საშუალო სიმაღლის, შავგვრემანი ქალი იყო, მრგვალი სახით, ხშირი წარბებითა და დახრილი თვალებით, ოდნავ კეხიანი ცხვირით და სქელი ტუჩებით.
მაშინდელი არისტოკრატების ტანსაცმელს უკვე ეტყობოდა ევროპული გავლენა, ნატო კი მუდამ ქართულ სამოსს ატარებდა. სპეციალურად ნატოსთვის წერდნენ პიესებს: ილია ჭავჭავაძე, ავქსენტი ცაგარელი, აკაკი წერეთელი... ამ უკანასკნელმა მისთვის დაწერა პიესა "კინტო".
წლების განმავლობაში შესრულებული უამრავი როლის მიუხედავად, მისი სახელი მაინც სპექტაკლ "ხანუმასთან" ასოცირდება, რომელიც სპეციალურად მისთვის შექმნა ავქსენტი ცაგარელმა. 23 წლის იყო ნატო, 50 წელს მიტანებული მაჭანკალ ხანუმას როლი რომ მოირგო და ამ პერსონაჟს თითქმის 30 წელი თამაშობდა. საერთოდ, სპექტაკლისა და როლის ამდენი წელი "სიცოცხლე" თეატრალურ სამყაროში იშვიათია. სულ კომპლიმენტებს იღებდა. ერთხელ, როცა ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინი აღტაცებული დარჩა მისი ხანუმას ხილვით და მსახიობს შთაბეჭდილებები გაუზიარა, ნატო გაბუნიამ იქვე პირობა დაადებინა, რომ სპეციალურად მისთვის დაწერდა რამეს. იუჟინი დაჰპირდა და დაწერა კიდეც "ღალატი".
***
იმხანად ნატო გაბუნიას მსგავსი წარმატება და პოპულარობა, მხოლოდ რამდენიმე მსახიობს ჰქონდა, თუმცა მის ცხოვრებაში არის გარემოება, რომელზეც ღიად და ხმამაღლა ლაპარაკს მაშინაც გაურბოდნენ და ახლაც გაურბიან. ისევე, როგორც ბევრი სხვა, ნატოს ნიჭით, გარეგნობითა და სასიმღერო მონაცემებით ილია ჭავჭავაძეც აღფრთოვანდა.
ნატოსა და ილიას შორის 22-წლიანი ასაკობრივი სხვაობა იყო. ნატო აქტიურად ტრიალებდა ილიას გარემოცვაში და იმ პერიოდის "მაღალი წრის" წარმომადგენლების გვერდით საპატიო ადგილსაც იკავებდა. ილიას განსაკუთრებით მოსწონდა ნატო გაბუნიას სიმღერა დაირის თანხლებით. დავით კასრაძის მოგონებებში ასეთი ფაქტია მოყვანილი: ელისაბედ ჩერქეზიშვილთან გამართულ ერთ-ერთ მორიგ წვეულებაზე ილიას თავისი ხელით გადაუცია ნატოსთვის დაირა და სიმღერა უთხოვია. მსახიობსაც გული არ დაუწყვეტია და "ორთავ თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენია" შეუსრულებია. ილიას თვალზე ცრემლი მოსდგომია, ასთმამ თავი გაუხსენა და თავი ცუდად იგრძნო. "ბატონო ილია, ბატონო ილია!" - გაისმა ნატოს ხმა, დაირა გვერდით მიაგდო და პატარა ბავშვივით მიუალერსა, გულზე მიიხუტა..."
ძველ თბილისში, ამ ორ ადამიანს შორის გაჩაღებულ ფარულ რომანზე ჩურჩული მაშინ დაიწყეს, როცა ილია მსახიობი ქალით აღფრთოვანებას საჯაროდ გამოხატავდა და ამის საფუძველს მსახიობისადმი მიძღვნილი ქება-დიდებით აღსავსე სათეატრო რეცენზიებიც იძლეოდა. განაგრძეთ კითხვა