დღეს ადამიანთა დიდ ნაწილს უძილობა აწუხებს. შეიძლება კარგად გძინავთ, მაგრამ დილით უკვე დაღლილი და მოთენთილი იღვიძებთ. ამის ბევრია, თუმცა ახლახან მეცნიერებმა კიდევ ერთი მათგანი აღმოაჩინეს.
ოჯახის ექიმმა როჯერ ჰენდერსონმა 2000 ზრდასრული გამოკითხა ძილის ჩვევების თაობაზე. აღმოჩნდა, რომ მონაწილეთა 18% ძილის დროს პირით სუნთქავს, თუმცა ამას თავად ვერ გრძნობენ და ამის შესახებ პარტნიორებისგან შეიტყვეს. ამ 18%-დან თითქმის ყოველი მესამე აღნიშნავს, რომ ხშირად აწუხებს ცხვირის გაჭედვა.
ექიმის თქმით, პირღია სუნთქვის ჩვევას შეუძლია დიდი ზიანი მიაყენოს ორგანიზმს. პირით სუნთქვამ შეიძლება ორგანიზმში ჟანგბადის ნაკლებობა გამოიწვიოს. ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც შეიძლება პირით სუნთქვას მოჰყვეს, ძილის დარღვევა და გაღვიძებისას დაღლილობის შეგრძნებაა.
ასევე, პირღია სუნთქვის ჩვევამ შეიძლება გამოიწვიოს სტომატოლოგიური პრობლემები: როცა პირით სუნთქავთ, პირი შრება. ეს ნიშნავს, რომ კარიესის და ღრძილების დაავადების რისკი იზრდება.
გარდა ამისა, პირის სიმშრალე ზედა სასუნთქი გზების ინფექციების და ნუშისებრი ჯირკვლების ანთების რისკს ზრდის. თქვენ მოჯადოებულ წრეში აღმოჩნდებით: გძინავთ ღია პირით, ავად გახდებით, ცხვირი გაგეჭედებათ და ისევ ღია პირით დაიძინებთ.
ადამიანის ცხვირით სუნთქვა ბუნებრივია. ცხვირი მუშაობს როგორც ფილტრი, რომელიც არ აძლევს მტვრის მცირე ნაწილაკებს ორგანიზმში შეღწევის საშუალებას. გარდა ამისა, ცხვირი ატენიანებს ჰაერს, ხელს უშლის ფილტვებისა და ბრონქების სიმშრალეს. ის ასევე ათბობს ცივ ჰაერს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ზამთარში!
ასე რომ, თუ ხშირად იღვიძებთ დაღლილად და ჯანმრთელობის ყველა სხვა მაჩვენებელი ნორმალურია, სთხოვეთ თქვენს პარტნიორს ან ოჯახის სხვა წევრებს დააკვირდნენ, როგორ გძინავთ. თუ აღმოჩნდება, რომ არ სუნთქავთ ცხვირით და ღია პირით გძინავთ, დროა ყელ-ყურ-ცხვირის სპეციალისტს მიმართოთ.