ერთი შეხედვით ძნელი დასაჯერებელია ეს ამბავი, მაგრამ ფაქტია. როგორც ცნობილია, საფრანგეთი ღვინის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი და ექსპორტიორია და ამ ქვეყანაში ღვინოს უდიდეს პატივს სცემენ. თავად ფრანგები არც მალავენ ამ სასმელის სიყვარულს, თუმცა ერთხელ საქმე იქამდე მივიდა, რომ სკოლებში ბავშვებს რთავდნენ ნებას, შესვენებებზე ღვინო დაელიათ.
ამას მაშინ "გონივრული" ახსნა ჰქონდა. მიიჩნეოდა, რომ ალკოჰოლი კარგად აცხელებს და კლავს მიკრობებს. ამიტომ, ბავშვებს შორის ავადმყოფობები რომ შეემცირებინათ, ალკოჰოლს იშველიებდნენ. მე-20 საუკუნის ნებისმიერი ასაკის მოსწავლეს დღეში 4 ჭიქამდე სასმელის დალევის უფლება ჰქონდა: სიდრის, ღვინის ან ლუდის. რა თქმა უნდა, სასმელს წყლით აზავებდნენ, რომ ბავშვებს ყელი არ ჩასწვოდათ და მშვიდად დაელიათ. ყველა შესვენებაზე სასადილოებში თბილ სასმელს არიგებდნენ, ჩაისა და კომპოტის ნაცვლად.
მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ მასწავლებლებმა დაიწყეს ჩივილი ბავშვების ქცევასთან დაკავშირებით: ისინი კარგავდნენ კონტროლს, გაკვეთილებზე იძინებდნენ და საერთოდ არ აინტერესებდათ არაფერი. ნელ-ნელა ზოგიერთი სკოლის დირექტორმა აკრძალა სპირტიანი სასმელის დარიგება მოსწავლეებისთვის.
თუმცა მშობლებს ეს არ მოსწონდათ, რადგან სჯეროდათ, რომ ამ "პროფილაქტიკის" გარეშე ბავშვები ავად გახდებოდნენ. ამიტომ ისინი ბავშვებს სადილის კალათაში უდებდნენ ღვინის ბოთლს. ხოლო თუ სკოლაში საკუთარი სასმელის დალევაც იკრძალებოდა, მაშინ ბავშვებს დილას, საუზმის დროს ასმევდნენ.
1956 წელს, როცა ბავშვების მიერ ალკოჰოლის მიღებამ კოლოსალური მასშტაბები შეიძინა, პრემიერ-მინისტრმა პიერ მენდესმა მიიღო კანონი, რომელიც 14 წელზე უმცროს ბავშვებს სკოლაში ალკოჰოლის მიღებას უკრძალავდა. ახლა სპირტიანი სასმელის ნაცვლად, რძე და შაქრის ნატეხები უნდა დაერიგებინათ.
მთავრობის გადაწყვეტილება არ მოეწონათ მშობლებს, მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენელიც არ მიესალმებოდა, რადგან ფიქრობდნენ, რომ რძე ვერ დაიცავდა ბავშვებს გაციებისგან. 1956 წელს სასკოლო და საუნივერსიტეტო ჯანდაცვის ნაციონალურმა საკონსულტაციო კომიტეტმა კვლევაც კი ჩაატარა, თუ რა გავლენას ახდენდა ალკოჰოლი მიღება მოსწავლეებზე და ცუდი ვერაფერი აღმოაჩინა. შედეგად დაადგინეს, რომ აკრძალვა არ იყო გონივრული, თუმცა ბრძანება არავის გაუუქმებია.
ერთი ჩვევა რომ აღმოფვრა, ის მეორით უნდა ჩაანაცვლო. ასე შეიქმნა მთელი რიგი სარეკლამო კამპანიისა რძის პროდუქტების ლოზუნგებით: "იმისათვის, რომ იყო ბეჯითი, ძლიერი და მხნე, დალიე რძე!"
თუმცა ბავშვების მიერ ალკოჰოლის გამოყენებაზე საბოლოოდ მხოლოდ 30 წლის შემდეგ თქვეს უარი. 1981 წელს პრეზიდენტმა ფრანსუა მიტერანმა გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმადაც ერთადერთ დასაშვები სასმელი ბავშვებისთვის სკოლაში არის წყალი.