ავსტრალიაში ბონდის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა დიდი ოდენობით ხორცისა და დამუშავებული საკვების მიღებასა და ალცჰაიმერის დაავადების ჩამოყალიბებას შორის კავშირი აღმოაჩინეს. უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ კვლევაში 438 ადამიანი მონაწილეობდა, აქედან 108 მოქალაქეს ალცჰაიმერის დაავადება ჰქონდა, 330 კი ჯანმრთელი იყო. მეცნიერებმა კვლევაში ჩართული პირების კვების რაციონი შეისწავლეს.
აღმოჩნდა, რომ აღნიშნული დაავადების მქონე ადამიანებს ხორცეულითაა და დამუშავებული საკვებით მდიდარი რაციონი ჰქონდათ, ხშირად მიირთმევდნენ ძროხისა და ღორის ხორცს, სოსისებს, ხორციან ღვეზელებს, ჰამბურგერებსა და პიცას. ჯანმრთელ ადამიანებთან შედარებით, მათ კვების რაციონში ხილსა და ბოსტნეულს მცირე ადგილი ეკავა. ნაკლებად მიირთმევდნენ, მაგალითად, ფორთოხალს, მარწყვს, ავოკადოს, კიტრს, სტაფილოს, კომბოსტოს და ასე შემდეგ.
მიღებული მონაცემების საფუძველზე, მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ კვების რაციონი, კონკრეტულად კი, ხორცისა და დამუშავებული პროდუქტების, დიდი რაოდენობით ცხიმიანი საკვების მიღებას შორის მნიშვნელოვანი კავშირია და ის დაავადების ჩამოყალიბებას ეხმარება.
აღსანიშნავია, რომ დემენცია ავსტრალიაში 65 წელს გადაცილებულ ადამიანებში გარდაცვალებისა და პარალიზების, სიცოცხლის ხარისხის მნიშვნელოვნად შემცირების ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია.
"ალცჰაიმერის განვითარება თავის ტვინში საშუალო ასაკიდან იწყებ.შედეგი კი პატარა ასაკიდანვე უკონტროლო, არაჯანსაღი ცხოვრების წესს უკავშირდება." - აღნიშნავენ კვლევაში ჩართული მეცნიერები.
მათივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებში ამ მიმართულებით ცნობიერება ამაღლდეს და მათ უსარგებლო, გადამუშავებული საკვების რეგულარულად მიღების ნაცვლად, ბოსტნეული და ჯანსაღი საკვები მიირთვან. ერთ-ერთ ყველაზე მიღებულ ვარიანტად კი ე.წ. ხმელთაშუა ზღვის დიეტა დასახელდა.
აღსანიშნავია, რომ ტვინის კვებაში ბოსტნეული ძალიან დიდ როლს ასრულებს. ხმელთაშუა ზღვის დიეტის საფუძველია ცხიმიანი თევზი, თხილეული, ზეითუნის ზეთი, მრავალფეროვანი ახალი ბოსტნეული. ამიტომაც, როგორც მეცნიერები ამბობენ, თუ გსურთ, კარგი მეხსიერება დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნოთ და თქვენმა ტვინმა გამართულად იმუშაოს, აღნიშნულ პროდუქტებს მიანიჭეთ უპირატესობა.