თბილისის პირველ საჯარო ბაგა-ბაღში მასწავლებელმა მცირეწლოვან ბიჭს სცემა. მშობლებმა ფაქტის შესახებ ვიდეოჩანაწერის ნახვის შემდეგ გაიგეს, სადაც ჩანს, რომ აღმზრდელი ბავშვს ხელს რამდენჯერმე ურტყამს. შესაბამისი კადრები "TV პირველმა" გაავრცელა. კადრების გავრცელების შემდეგ, მასწავლებელმა სააღმზრდელო დაწესებულება საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
კომენტარისათვის თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დავუკავშირდით, სადაც განგვიცხადეს:
"თბილისის N1 საბავშვო ბაგა-ბაღში აღსაზრდელის მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით, ბაღის ადმინისტრაციისა და ბაღების მართვის სააგენტოს მხრიდან მოხდენილია სათანადო რეაგირება. კანონის შესაბამისად, ინფორმაცია რეფერირების პრინციპით, გადაცემულია ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე; ასევე, სამსახურიდან გათავისუფლებულია ჯგუფის აღმზრდელი; მიმდინარეობს მომხდარი ფაქტის მოკვლევა სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის მიერ შემდგომი რეაგირების მიზნით", - ამბობენ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.
ძალადობაში მხილებული პედაგოგი, მარინა ყიფიანი, "TV პირველთან" საუბრისას ამბობს, რომ იმ დღეს ცუდად იყო და ბავშვის მიმართ ამიტომ გამოხატა აგრესია. დირექტორი კი განმარტავს, რომ ეს ძალადობის პირველი შემთხვევა იყო.
"აღმზრდელის მხრიდან გადაცდომა მოხდა. იმ დღესვე სამსახურს შევატყობინეთ და მიმდინარეობს გამოძიება. ვიდეოკადრები ამოღებულია", - ამბობს ბაღის დირექტორი.