ორსულმა ქალმა ჯანმრთელი ბავშვი გააჩინა, სანამ შხამიანი გველის ნაკბენისგან სიცოცხლეს გამოესალმებოდა. შემთხვევა კამერუნში მოხდა, რის შესახებაც New York Post-ი სამედიცინო სამეცნიერო ჟურნალზე The New England Journal of Medicine-ზე დაყრდნობით წერს.
ეფამ, გველგესლასებრთა ოჯახის მომაკვდინებელმა შხამიანმა გველმა, 25 წლის ქალს უკბინა. ქალი ის შვიდი თვის ორსული იყო. დაზარალებულს საშოდან სისხლდენა, მუცლის ტკივილი და ძლიერი კუმშვები დაეწყო. ექიმებმა პაციენტს გასინჯეს და სისხლში თრომბოციტების დაბალი რაოდენობა აღმოაჩინეს და კოაგულოპათია, სისხლის შედედების სისტემის დარღვევა დაუდგინეს. მათივე თქმით, სიმპტომები ეფას შხამმა გამოიწვია.
პაციენტს ანტიდოტი გაუკეთეს, მაგრამ საავადმყოფოში ყოფნის მესამე დღეს სისხლდენა და ტკივილი მენჯის არეში გაძლიერდა და მშობიარობაც დაიწყო. ერთი დღის შემდეგ 3,4 კილოგრამიანი ჯანმრთელი ბიჭი დაიბადა.
მშობიარობის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. მუდმივი სისხლდენის გამო ქალი სხვა დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა თირკმელების მწვავე უკმარისობის დიაგნოზი დაუსვეს. ექიმების მცდელობის მიუხედავად, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ეფას შხამი გამოხატული ჰემოლიზური ეფექტით ხასიათდება და საშიშია ადამიანის სიცოცხლისთვის. ეს გველები გავრცელებულია ჩრდილოეთ აფრიკასა და აზიაში. ზრდასრული ინდივიდების სიგრძემ შეიძლება 90 სანტიმეტრს მიაღწიოს.