ამერიკელი მომღერალი და მსახიობი მაილი საირუსი პოპულარული ახალგაზრდულ სერიალში "Hannah Montana" და მელოდრამაში "The Last Song" შესრულებული მთავარი როლების შემდეგ გახდა. ასევე, მას ეკუთვნის ცნობილი ალბომები: "Breakout", "The Time of Our Lives", "Can’t Be Tamed" და სხვა. მაილი სიმღერისთვის "I Thought I Lost You" ოქროს გლობუსზე იყო ნომინირებული. Kids' Choice Awards-ის ექვსგზის გამარჯვებული და Teen Choice Awards-ის 19-გზის გამარჯვებულია. მიუხედავად დიდი აღიარებისა და უამრავი გულშემატკივრისა, მაილი საირუსმა "გრემის" ჯილდო პირველად ცოტა ხნის წინ მოიპოვა. მისი სიმღერა - Flowers, წლის საუკეთესო ჩანაწერად დასახელდა. სიმღერის შექმნას წინ მაილი საირუსის პირად ცხოვრებაში მომხდარი უსიამოვნო ფაქტები და იმედგაცრუებები უძღოდა. 31 წლის მომღერალი სკანდალის ეპიცენტრში არაერთხელ აღმოჩნდა. დღეს მის შესახებ უფრო ვრცლად მოგიყვებით:
მაილი საირუსი 1992 წლის 23 ნოემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ტენესის შტატში, ნეშვილში დაიბადა. მისი მამა ცნობილი ქანთრი-მომღერალი ბილი რეი საირუსია, დედა კი მსახიობი - ლეტისია ჯინ საირუსი. მაილის დედას წინა ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავდა, რომლებიც ბილი რეი საირუსმა იშვილა და საკუთარ შვილებთან ერთად აღზარდა. წყვილს, მაილის გარდა, კიდევ 2 საერთო შვილი - ვაჟი, ბრეისონი და გოგონა ნოა შეეძინა. ახალგაზრდა ვარსკვლავს კიდევ ერთი ნახევარძმა ჰყავს, მამის მხრიდან, რომელიც სამხრეთ კაროლინაში, დედასთან, კრისტინ ლაკისთან გაიზარდა.
მაილის და-ძმებმაც საკუთარი მომავალი შოუბიზნესს დაუკავშირეს. ზოგი მუსიკალურ ინდუსტრიაშია, ზოგი სამსახიობო და სამოდელო სფეროში. ერთ-ერთი მათგანი კი ჟურნალისტია.
როდესაც ბილი რეი საირუსი და ლეტისია ჯინ საირუსი დაქორწინებას აპირებდნენ, ბილის საკუთარმა აგენტმა ოჯახის შექმნა არ ურჩია და უთხრა, რომ კომერციულად წამგებიანი იქნებოდა. 1993 წლის 28 დეკემბერს, ქალიშვილის დაბადების შემდეგ, წყვილი ფარულად მაინც დაქორწინდა.
მაილი საირუსი ტენესის შტატში, ფერმაში იზრდებოდა და Heritage-ს სკოლაში სწავლობდა. ოჯახი რელიგიას დიდ ყურადღებას აქცევდა ბავშვები ბაპტისტურ ეკლესიაში დადიოდნენ. 2001 წელს ბილი რეის კანადაში წასვლა მოუწია. ის სატელევიზიო სერიალ Doc-ზე სამუშაოდ მიიწვიეს და მთელი ოჯახი მასთან ერთად ტორონტოში გადავიდა.
იქ, 8 წლის ასაკში, გოგონამ თეატრში პირველად ნახა მიუზიკლი „Mamma Mia!" და ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე, რომ სპექტაკლის შემდეგ მამას უთხრა, რომ მსახიობობაზე ოცნებობდა. ამის შემდეგ, მაილი "Armstrong Acting Studio"-ში მიიყვანეს, სადაც საირუსი სამსახიობო და ვოკალის გაკვეთილებს გადიოდა.
მალევე ტელევიზიაშიც გამოჩნდა და იმ სერიალში, რომელზეც მამა მუშაობდა, პატარა როლი შეასრულა. 11 წლის ასაკში საკუთარ ოცნებას მიუახლოვდა - შეიტყო, რომ დისნეი სატელევიზიო სერიალისათვის "Hannah Montana" კასტინგს აცხადებდა. კასტინგში მონაწილეობის მისაღებად, გოგონამ საკუთარი ნამღერი ფირზე ჩაწერა და სტუდიაში გააგზავნა. მალევე დაიბარეს, ყველას მოსწონდა, თუმცა პროდიუსერები მაინც ყოყმანობდნენ, მიეცათ თუ არა ასეთი პატარა გოგონასათვის მთავარი როლი. სიუჟეტის მიხედვით, მთავარი გმირი მაილიზე უფროსი უნდა ყოფილიყო. თუმცა, მომავალი ვარსკვლავის მონდომებით, ვოკალური და სამსახიობო ნიჭით მოხიბლულები იყვნენ და საირუსი დაამტკიცეს მთავარ როლზე, რომელმაც შემდგომში უზარმაზარი აღიარება და მაყურებლის სიყვარული მოუტანა. პროცედურა წელიწად-ნახევარი გრძელდებოდა და როდესაც გადაღებები დაიწყო, ის უკვე 13 წლის იყო.
დედა, ლეტისია საირუსი, ქალიშვილის პირადი აგენტი გახდა და მოლაპარაკებებში ის ერთვებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მაილის ამ სერიალმა დიდი პოპულარობა მოუტანა, შემდგომ ეს ნაბიჯი მაინც ინანა და თქვა:
"ბავშვობა არ მქონია - 13 წლის ასაკში უკვე ვმუშაობდი. ზოგჯერ ჩემს და-ძმებთან ურთიერთობა ძალიან მენატრებოდა."
სერიალის პრემიერა 2006 წლის 26 მარტს შედგა და ყველა რეკორდი მოხსნა. ის თინეიჯერებისათვის ნამდვილ კერპად გადაიქცა. სერიალი 4 სეზონის განმავლობაში გადიოდა და 2011 წელს დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მთავარი გმირის მამის როლს მაილის მამა - ბილი რეი საირუსი ასრულებდა, დედის როლს კი ცნობილი მსახიობი - ბრუკ შილდსი. გარდა ამისა, სერიალის ეპიზოდებში შეიძლება ნახოთ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან სელენა გომესი და მიკი რურკი, ხოლო მაილის უმცროსი და, ნოა საირუსი, მთავარი გმირის ბავშვობის წლებს განასახიერებდა.
მაილის გმირის პოპულარობის საპასუხოდ, დისნეიმ შესაბამისი ტანსაცმლის, სამკაულების, საკანცელარიო ნივთების გამოშვება დაიწყო, რაც ასევე ბავშვებსა და თინეიჯერებში ძალიან პოპულარული გახდა. საირუსმა სერიალისთვის უამრავი პრესტიჟული ჯილდო და ნომინაცია მიიღო.
პარალელურად, მაილი საირუსი გამოჩნდა ისეთ სატელევიზიო სერიალებში, როგორებიცაა: "Everything is top, or the Suite life of Zack and Cody" (2006 - 2009) და "Everything". მონაწილეობდა სხვადასხვა სატელევიზიო შოუში. 2016 წელს კი ვუდი ალენთან ერთად ფილმში "კრიზისი ექვს სცენაში" ითამაშა.
მაილი საირუსის მუსიკალური კარიერის აღმავლობა ჰანა მონტანას პროექტის წარმატებასთან მჭიდროდაა დაკავშირებული. მისი პირველი ალბომი ფილმის საუნდტრეკებისაგან შედგებოდა.
2007 წელს სადებიუტო ალბომი გამოუშვა და ახალგაზრდა ვარსკვლავის მუსიკალურმა შესაძლებლობებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მალევე ის რეიტინგების სათავეში მოექცა. 2008 წელს ალბომი, სახელწოდებით "Breakout" წარადგინა, 1 წლის შემდეგ კი "The Time of Our Lives". ალბომებიდან ბევრი სიმღერა ჰიტად იქცა.
ამის შემდეგ გოგონამ ტურნე "Wonder World Tour" მოაწყო და ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში გაემგზავრა. ტურნემ დიდი გამოხმაურება გამოიწვია და მაილის უზარმაზარი შემოსავალიც მოუტანა. მისი გადაწყვეტილებით, მთელი შემოსავალი, 64 მილიონი აშშ დოლარი ორგანიზაციას "City Of Hope" გადაეცა, რომელიც სიმსივნით დაავადებულ ადამიანებს ეხმარება. ნელ-ნელა მაილი საირუსი არა მხოლოდ თინეიჯერების, არამედ ზრდასრული ადამიანების საყვარელი ვარსკვლავი გახდა.
2013 წელს ჟურნალ Maxim-ის მიხედვით, მაილი პლანეტის 100 ყველაზე სექსუალურ ქალს შორის მოხვდა. ხოლო მისი სინგლი „We Can't Stop" დასახელდა 2013 წლის ზაფხულის საუკეთესო ტრეკად. იმავე წლის შემოდგომაზე საირუსმა თავისი მეოთხე სტუდიური ალბომი "Bangerz" გამოუშვა, რომელიც საუკეთესო პოპ ვოკალური ალბომის კატეგორიაში "გრემის" ჯილდოზე იყო ნომინირებული. სიმღერისთვის "Wrecking Ball" MTV-ის ჯილდო გადაეცა და ორიგინალური ვიდეოს კატეგორიაში გაიმარჯვა.
მომდევნო წელს მაილიმ იმიჯი მთლიანად შეიცვალა. მომღერალმა მსოფლიო ტურნე დაიწყო, თუმცა ახლა მისი ნომრები პროვოკაციული ელემენტებით იყო სავსე და კონცერტმა "16+" ასაკობრივი ზღვარიც კი მიიღო. მოცეკვავე გოგონები სცენაზე ერთმანეთს კოცნიდნენ, თამამი ჟესტებით გამოირჩეოდნენ და საცურაო კოსტიუმებით იყვნენ წარმოდგენილები. იგივე განმეორდა 2015 წელსაც, როდესაც ტური "Milky Milky Milk Tour" დაიწყო, რასაც არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.
2016 წელს ვარსკვლავი სატელევიზიო შოუში "The Voice" მენტორის ამპლუაში წარდგა.
2017 წლის შემოდგომაზე გამოვიდა მისი მეექვსე სტუდიური ალბომი, "Younger Now", რომელშიც შედიოდა ცნობილი სინგლები "Malibu" და "Inspired". თაყვანისმცემლებმა შვებით ამოისუნთქეს...მომღერლის შოკისმომგვრელი ქცევა თანდათან წარსულს ჩაბარდა.
"ახლა თავს სრულიად სხვა ადამიანად ვგრძნობ. არ მინდა ვთქვა, რომ ადრე საკუთარი თავი არ ვიყავი, მაგრამ ახლა ზუსტად ის ვარ, ვინც რეალურად ვარ." - თქვა ვარსკვლავმა ალბომის გამოსვლის შემდეგ. 2017 წელს მაილი საირუსი ყველაზე აქტიური ქველმოქმედი ვარსკვლავების რეიტინგში მოხვდა. ვარსკვლავი საკუთარი შემოსავლის დიდ ნაწილს ამ მიზნით ხარჯავდა.
პარალელურად, ახმოვანებდა ანიმაციურ პერსონაჟებს. ყველაზე დიდ წარმატებად კი შეიძლება, მულტფილმში "ბოლტი" გახმოვანებული მთავარი პერსონაჟი ჩაითვალოს. მთავარ გმირს სწორედ მაილი ახმოვანებდა. მულტფილმმა 310 მილიონი დოლარის მოგება ნახა და "ოსკარსა" და "ოქროს გლობუსზე" იყო წარდგენილი. 2017 წელს საირუსმა ფანტასტიკური სათავგადასავლო ფილმში, "გალაქტიკის მცველები" მეინფრეიმის პერსონაჟი გაახმოვანა. ფილმში ისეთი ვარსკვლავები მონაწილეობდნენ, როგორებიც არიან: კრის პრატი, ზოი სალდანა, ვინ დიზელი, ბრედლი კუპერი, სილვესტერ სტალონე და კურტ რასელი.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მაილი საირუსი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქველმოქმედი ვარსკვლავია, თანამშრომლობს არაერთთ საქველმოქმედო ორგანიზაციასთან და შემოსავლის დიდ ნაწილს ამ მიზნით ხარჯავს. ეხმარება ბავშვებს, სტიქიური უბედურებების შედეგად დაზარალებულ ადამიანებს, მძიმე დაავადებასთან მებრძოლ პაციენტებს...
მისი პირადი ცხოვრება ყოველთვის განხილვის საგანი იყო და მომღერალი ამ კუთხით საზოგადოების ყურადღების ეპიცენტრში არაერთხელ აღმოჩენილა.
2009 წლიდან 2013 წლამდე მაილი საირუსს The Last Song-ის ვარსკვლავთან, ლიამ ჰემსვორტთან ჰქონდა ურთიერთობა. 2012 წელს ისინი დაინიშნენ კიდეც. თუმცა, 2013 წელს დაშორების შესახებ განაცხადეს.
2014 წლიდან გოგონა არნოლდ შვარცენეგერის ვაჟს, პატრიკ შვარცენეგერს ხვდებოდა. ისინი მომდევნო წელს ერთმანეთს დაშორდნენ.
მალევე მაილიმ განაცხადა, რომ ბისექსუალია და რომანი მოდელ სტელა მაქსველთან დაიწყო. მაგრამ ეს ურთიერთობაც რამდენიმე თვეში დასრულდა.
2016 წელს ლიამ ჰემსვორტს ისევ შეურიგდა და წყვილი შემოდგომაზე მეორედ დაინიშნა. 2018 წელს კი დაქორწინდნენ. როგორც მაილი აღნიშნავდა, ლიამი მისი ცხოვრების ნამდვილი სიყვარული იყო. თუმცა, წყვილი 2020 წელს განქორწინდა. პარალელურად, საირუსი ამბობდა, რომ საკუთარ ქმარზე ეჭვიანობდა. ერთხელ მან იხუმრა: "ჩემი ჯაშუშები ყველგან მყავს, ამიტომ არაა საჭირო, სულ მის გვერდით ვიყო."
"ვფიქრობ, როდესაც ადამიანები ერთმანეთს შორდებიან და შემდეგ ისევ ერთად არიან, ეს მშვენიერია. ეს ნიშნავს, რომ გქონდათ დრო, რომ გაზრდილიყავით და რაღაცები გაგეაზრებინათ." - თქვა მაილი საირუსმა ლიამ ჰემსვორტთან შერიგების შემდეგ.
2020 წელს, როდესაც წყვილი ერთმანეთს დაშორდა, პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაშორების მიზეზი ხასიათების შეუთავსებლობა იყო. მაილი პროვოკაციულ ქცევას აგრძელებდა, ლიამს კი, როგორც ამბობდნენ, უფრო სერიოზული მიზნები ჰქონდა. საირუსის მეგობრები კი საპირისპიროს ამტკიცებდნენ და ამბობდნენ, რომ ლიამი ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული და ქცევას ვერ აკონტროლებდა.
თუმცა, მაილიმ ყველა ჭორს პასუხი საკუთარი სიმღერით "Flowers" გასცა. ის ლიამ ჰემსვორტთან წარუმატებელ ქორწინებას მიუძღვნა და ყოფილი მეუღლის დაბადების დღეზე გამოაქვეყნა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საირუსს მეუღლემ საკუთარ სახლში უღალატა. მომღერალმა კლიპი სწორედ იქ გადაიღო.
"არ მინდოდა შენი დატოვება/ არ მინდოდა ტყუილი/ ტირილი დავიწყე, მაგრამ მერე მივხვდი, რომ თავად შემიძლია საკუთარ თავს ყვავილები ვუყიდო/ თავად შემიძლია ჩემი სახელი ქვიშაში დავწერო/ საათობით ვესაუბრო ჩემს თავს/ თავად შემიძლია ჩემი თავი საცეკვაოდ წავიყვანო და ხელი ჩავკიდო. დიახ, მე შემიძლია ჩემი თავი შენზე უკეთ შევიყვარო." - ამბობს მაილი საირუსი სიმღერაში.
სიმღერამ ძალიან დიდი გამოხმაურება გამოიწვია და ის ქალებმა საკუთარი სიძლიერის სიმბოლოდ აქციეს. მაილიმ კი, გარდა იმისა, რომ დიდი შემოსავალი და აღიარება მიიღო, კარიერაში პირველი "გრემი" დაიმსახურა. სხვათა შორის, ვარსკვლავმა დაჯილდოების კაბისთვის ინსპირაცია ტინა ტერნერისაგან აიღო და შოუს ნამდვილი ვარსკვლავი გახდა.