მათ გასული წლის სექტემბერში, 18 წლის ასაკში გაიგეს, რომ ტყუპი დები არიან, რომლებიც 2005 წელს გააშვილეს... ანა ფანჩულიძეების ოჯახმა იშვილა, ელენე - დეისაძეების. ანას დაბადების თარიღად 22 აპრილი უწერია, ელენეს - 14 თებერვალი.
დღეს ისინი უკვე სტუდენტები არიან - ელენე "სეუში" "ფსიქოლოგიაზე" სწავლობს, ანა თსუ-ში - ინგლისურ ფილოლოგიაზე. ერთმანეთი კი პოპულარულ სოციალურ პლატფორმა „ტიკ-ტოკზე“ აღმოაჩინეს... ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაცის "ვეძებ" ხელმძღვანელმა და ჟურნალისტმა თამუნა მუსერიძემ მოგვაწოდა.
უფრო დაწვრილებით თავიანთ ამბავს კი ტყუპი დები AMBEBI.GE-ს დათავად მოუყვნენ:
ელენე დეისაძე:
- როგორც ყველა ახალგაზრდა, მეც ვარ "ტიკ-ტოკის" მომხმარებელი. ბევრ ვიდეოს ვტვირთავ, მათ შორის, სახალისოსაც. ერთ-ერთ ვიდეოზე ერთმა ბავშვმა დამიკომენტარა, - დღეს რა გინდოდა, კლინიკაშიო? გავოცდი, იმ დღეს არსად ვყოფილვარ, საერთოდ სახლიდან არ გავსულვარ. ალბათ ვიღაცაში გეშლები-მეთქი. მიმტკიცებდა, რომ მე ვიყავი. შემდეგ ჩემთვის უცნობი ანა ფანჩულიძე მონიშნა. როგორც გაირკვა, კლინიკაში ანა ყოფილა, ის ბავშვი კიდევ მისი ახლობელი აღმოჩნდა.
ანა:
- ელენეს ვინც დაუკომენტარა, რეალურად ჩემი ბიძაშვილია. როგორც შემდეგ მითხრეს, ჩემი ბიძაშვილები თურმე ელენეს ვიდეოებს დიდი ხანის განმავლობაში თვალს ადევნებდნენ... მათ იცოდნენ სიმართლე (საერთოდ ნათესაობამ) რომ ნაშვილები ვიყავი, მაგრამ ჩემთვის ეს არასოდეს უთქვამთ. ელოდებოდნენ, მშობლები ამას თვითონ როდის მეტყოდნენ... მოკლედ, ბიძაშვილი მაჩვენებდა ელენეს ვიდეოს და მეუბნებოდა - შენ ხარო. მე არ ვარ-მეთქი - კი ვამბობდი, მაგრამ ფაქტი ის იყო, რომ ელენე ძალიან მგავდა... სიმართლე რომ გითხრათ, ვიფიქრე, მამაჩემის შვილი ხომ არ არის-მეთქი?.. მაგრამ მერე ჩავთვალე, რომ ადამიანი უბრალოდ მგავს და მორჩა. ელენე და მე დისტანციურად, ვირტუალურად დავმეგობრდით. ეს მეგობრობა 2 წელზე ცოტა მეტ ხანს გაგრძელდა. შარშან ზაფხულს, მისაღებ გამოცდებს ვაბარებდი. თურმე ჩემი მშობლები იმას ელოდებოდნენ, ეროვნულ გამოცდებს როდის დავასრულებდი, რომ ჩემთვის სიმართლე ეთქვათ, რადგან საბოლოოდ გაიგეს, რომ ელენე ჩემი და იყო.
ელენე:
- დედაჩემს ამ თემასთან დაკავშირებით ვესაუბრებოდი. თურმე დედა ელოდებოდა, ამ კითხვას როდის დავსვამდი და ერთ საღამოსაც დავსვი - დედა აყვანილი ვარ? მანამდეც რაღაც ეჭვები მქონდა, რადგან დედაჩემის ფეხმძიმობის ფოტო ვერ ვნახე. საბოლოოდ მომიარა რაღაც ძლიერმა გრძნობამ, რომ მეთქვა და ვკითხე. მოკლედ, სანამ ანა გაიგებდა, 2 კვირით ადრე მე გავიგე ეს ამბავი... მერე ანამაც დამირეკა და მითხრა, რომ აყვანილი იყო... საოცარი სტრესი მქონდა. განაგრძეთ კითხვა