მირიან სვანაძე საქართველოს საპატრიარქოს წმიდა მოციქულთასწორის ნინო ქართველთგანმანათლებლის სახელობის ვანის მართლმადიდებლური გიმნაზიის მე-10 კლასის მოსწავლეა. ის საზოგადოებამ პროექტიდან "წიგნების თარო" გაიცნო. სადებიუტო ბლიცში მირიანმა, ამ ეტაპისთვის, გადაცემის მე-14 სასკოლო სეზონის საუკეთესო შედეგი აჩვენა და 1 წუთში 25 სწორი პასუხის მოგროვება შეძლო. მირიან სვანაძე წიგნების კითხვის სიყვარულისა და საკუთარი ინტერესების შესახებ ჩვენს მკითხველს უფრო ვრცლად უყვება:
- კითხვა საკმაოდ მცირე ასაკში შემიყვარდა. ბავშვობიდანვე ფენტეზის ჟანრის ლიტერატურა და ნაწარმოები მომწონდა და სწორედ ამ ჟანრიდანაა წიგნი, რომელმაც კითხვის პროცესი შემაყვარა. კლაივ ლუისის „ნარნიის ქრონიკების" სერიაზე ვსაუბრობ. ის, წლების შემდეგაც, ჩემს ერთ-ერთ უსაყვარლეს წიგნად რჩება და ამ ნაწარმოებზე მეგობრებთან ერთად დღესაც ხშირად ვსაუბრობ ხოლმე. შემდეგ, ყოველი ახალი წაკითხული ნაწარმოები ჩემთვის მოტივაციად იქცა, რომ კითხვა გამეგრძელებინა და ამ პროცესისგან სიამოვნება მიმეღო.
- წიგნის კითხვა ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრ რამეს ცვლის. ის აზროვნებას ავითარებს, განვითარებული აზროვნება კი ბევრი რამის წინასწარ განჭვრეტაში მეხმარება. ამდიდრებს ლექსიკურ მარაგს და სწორედ წიგნებისგან ვიღებ ძალიან დიდი რაოდენობით სასარგებლო ინფორმაციას. ძალიან მიყვარს გონებაში სხვადასხვა პერსონაჟთა ვიზუალური პორტრეტების დახატვა და მათი გაცოცხლება. მომწონს, როდესაც პერსონაჟსა და საკუთარ თავს შორის მსგავსებას აღმოვაჩენ. რაც შეეხება ზოგად განათლებას, ის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და პიროვნულ განვითარებაში უდიდეს როლს ასრულებს.
- სკოლაში სწავლისას უპირატესობას ჰუმანიტარული მიმართულების საგნებს ვანიჭებ, განსაკუთრებით კი - ისტორიას, სამართალსა და ქართულ ლიტერატურას. ძალიან მიყვარს ისტორიული მოვლენების შესწავლა და მათი გაანალიზება. ასევე, სასწავლებელში არსებული ძალიან საინტერესო სწავლებისა და პროექტების გამო, დაინტერესებული ვარ რელიგიითა და მისი ისტორიის შესწავლით.
- სკოლის პარალელურად, სხვადასხვა პროექტსა და ოლიმპიადებში მონაწილეობას მცირე ასაკიდანვე ვიღებ. არაერთხელ მომიპოვებია სხვადასხვა ოლიმპიადის ოქროს, ვერცხლისა თუ ბრინჯაოს მედლები, რაც ყოველთვის დადებით ემოციებთან ასოცირდება. დღესდღეობით გატაცებული ვარ ინტელექტუალური თამაშებით და ყოველთვის ვცდილობ, მონაწილეობა მივიღო და გავიმარჯვო.
- ჩემ საყვარელ ავტორებზე საუბრისას, აუცილებლად უნდა აღვნიშნო ჯემალ ქარჩხაძე და განსაკუთრებით მისი ორი რომანი: „ანტონიო და დავითი" და „ზებულონი".
ასევე, გატაცებული ვარ დისტოპიური ჟანრის ლიტერატურით და ამ მხრივ გამოვარჩევდი ჯორჯ ორუელისა და თანამედროვე მწერლის, ლუის ლოურის, რომანებს.
თანამედროვე ლიტერატურიდან გამოვარჩევდი პატრიკ მოდიანოს და მის ძალზედ საინტერესო რომანს „ცირკი მიდის".
- თანატოლებს ვურჩევ, რომ ის წაიკითხონ, რაც მოსწონთ და ჩაუღრმავდნენ თითოეულ წიგნს, რათა ავტორის ჩანაფიქრი კარგად განჭვრიტონ.
- "წიგნების თაროს" რამდენიმე წელია, ვუყურებ და მონაწილეობის მიღება საკმაოდ დიდი ხნის წინ გადავწყვიტე. საბედნიეროდ, ორი ძალიან კარგი გუნდელი შემხვდა, რომელთაც ამ პროექტში მონაწილეობის გამოცდილება უკვე ჰქონდათ. პროექტში წარმატების მიღწევა ყოველთვის მინდოდა გუნდელებთან ერთად, ამ საქმეში დიდი შრომაც ჩავდე.
- ჯერჯერობით, ვერ ვახერხებ საკუთარი მომავლის განჭვრეტას, თუმცა, სავარაუდოდ, ჩემი საქმიანობა რომელიმე ჰუმანიტარულ მეცნიერებას დაუკავშირდება.
თამარ იაკობაშვილი