ბოლო პერიოდში სხვადასხვა სკოლიდან მშობლებმა მოგვწერეს, რომ მათი შვილის კლასში ბავშვს სკაბიესი, როგორც ხშირად ეძახიან, ე.წ. მუნი დაუდგინდა. საკითხის შესახებ სამედიცინო ჯგუფებშიც დაწერა რამდენიმე ადამიანმა და სპეციალისტებისაგან რეკომენდაციები ითხოვა. თემაზე დერმატო-ვენეროლოგს, მედიცინის დოქტორს ზაზა თელიას დავუკავშირდით და ვთხოვეთ, სკაბიესის, მისი გადადებისა და მკურნალობის გზების შესახებ ჩვენი მკითხველისთვის უფრო ვრცლად მოეყოლა:
- სკაბიესი, რომელსაც საზოგადოებაში ხშირად მუნის სახელით მოიხსენიებენ, პარაზიტული, გადამდები ინფექციაა. ის ადამიანიდან ადამიანზე კანით კანთან ახლო კონტაქტით გადადის. ასევე, მეორადად, შესაძლოა, პაციენტის ინფიცირება სკაბიესის მქონე ადამიანის ტანსაცმლის, პირსახოცის, თეთრეულის გამოყენებამ გამოიწვიოს. სკაბიესი ხელის ჩამორთმევითა და გადაკოცნით, ხანმოკლე ინტერვალში არ გადადის. მოზრდილებში გამონაყარი, რომელსაც თან ძლიერი ქავილი ახლავს, კისრიდან ქვემოთ გვხვდება და მთელ სხეულზეა გავრცელებული. როგორც წესი, კისერზე, თავზე არ აღენიშნებათ. ბავშვებში, ჩვილებში შეიძლება კისერზე, თავსა და სახეზეც გავრცელდეს. ძლიერი ქავილი, უპირატესად, ღამის საათებშია გამოხატული. მკურნალობის თვალსაზრისით და შედეგის მიღების კუთხით, რთული დიაგნოზია. ძალიან სწორი დანიშნულება და მკურნალობაა საჭირო, რომ პაციენტი ბოლომდე გამოჯანმრთელდეს. ეფექტური მკურნალობის დასრულების შემდგომაც, სკაბიესს ქავილის გახანგრძლივება ახასიათებს. შესაძლოა, აღნიშნული სიმპტომი თვეების, 1 წლის განმავლობაშიც კი გაგრძელდეს, რაც პაციენტისათვის ძალიან შემაწუხებელია. განსაკუთრებით ბავშვებში, ინფექციას ე.წ. პოსტსკაბიესური დერმატიტი ახასიათებს. ეს ანთებითი პროცესია, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს იმ პაციენტებზე, რომლებსაც ზოგადად, კანის სიმშრალისა და ატოპიური დერმატიტისკენ აქვთ მიდრეკილება. ბავშვი, რომელსაც ატოპიური დერმატიტი აქვს, თუ სკაბიესი დაემართება, ძალიან რთული სამკურნალოა. იმდენად რთულია, რომ ზოგჯერ მშობლებს დიაგნოზის სისწორეში ეჭვიც ეპარებათ. მაგალითად, თუ სკაბიესის დიაგნოზის დასმის შემდეგ, პაციენტმა იმკურნალა, მაგრამ ქავილი კვლავ უგრძელდება, მშობელი ეჭვდება, მართლა აღნიშნულ ინფექციასთან გვაქვს საქმე, თუ ბავშვს სხვა დაავადება აქვს.
- როგორც წესი, პროცესი გარეგანი გამოყენების მედიკამენტით იმართება. საქართველოში პერმეთრინი გამოიყენება. ძველად სხვადასხვა ხალხურ მეთოდს მიმართავდნენ, მაგალითად, მრავალი წლის წინ გოგირდს იყენებდნენ, მაგრამ დღეისათვის მსგავსი საშუალებები აღარ გამოიყენება. პერმეთრინრეზისტენტული სკაბიესის შემთხვევა იშვიათია. თუმცა, ასეთ დროს სხვა რიგის პრეპარატს მიმართავენ.
- როგორც აღვნიშნე, სკაბიესი გადამდები დაავადებაა. ეს არის ინფექცია, რომელიც ადამიანს მეორე ადამიანისაგან, ან დაინფიცირებული ტანსაცმლისგან, თეთრეულის, პირსახოცის, რბილი ავეჯისგან გადაედება. თუმცა, პარაზიტი, რომელიც ინფექციას იწვევს, ადამიანის კანის გარეშე დიდხანს ვერ ცოცხლობს და მალე კვდება.
- პირველ რიგში, პირადი ჰიგიენის დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სტატისტიკურად, გადადების ყველაზე ხშირი შემთხვევა ერთმანეთის ტანსაცმლის გამოყენებაა. თუ ადამიანს სკაბიესი აქვს, რა თქმა უნდა, პირადი პირსახოცი, თეთრეული უნდა ჰქონდეს. ასევე, მიჰყვეს ექიმის რეკომენდაციებს. როგორც გითხარით, სკაბიესი ხელის ჩამორთმევით, კოცნით არ გადადის. კანით კანთან ძალიან ახლო კონტაქტია საჭირო, რომ ერთი ადამიანიდან მეორე ადამიანს გადაედოს. შესაბამისად, სკოლის პირობებში, როდესაც რბილი ავეჯი არ გვაქვს, ტანსაცმელსაც არ უცვლიან ბავშვები ერთმანეთს, გადადების რისკი მცირეა.
თამარ იაკობაშვილი