შენიშვნა ბავშვთან ურთიერთობის განუყოფელი ნაწილია, ამიტომ უფრო ღრმად უნდა გავაანალიზოთ ამ ვერბალური აქტის შესაძლო შედეგები ამქვეყნად ყველაზე დამჯერი და წყნარი ბავშვიც კი იმსახურებს ზოგჯერ შენიშვნას, გაუგონარ და მოუსვენარ პატარებზე აღარაფერს ვამბობთ. ვინაიდან შენიშვნა ბავშვთან ურთიერთობის განუყოფელი ნაწილია, ნამდვილად ღირს, რომ უფრო ღრმად გავაანალიზოთ ამ ვერბალური აქტის ყველა შესაძლო შედეგი. ხომ ყველას გვინდა, რომ შენიშვნამ შედეგიც გამოიღოს და ბავშვიც კმაყოფილი იყოს თავისი კარგი საქციელით.
როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ჭკვიანური შენიშვნა სამი ეტაპისგან უნდა შედგებოდეს.
1. უფროსის მოსაზრება (არ მომწონს, ვნერვიულობ, მეწყინება)
2. უფროსი ამბობს, რითაა უკმაყოფილო (ხმაური თავს მატკიებს, ამდენი სათამაშოს აკრეფა მღლის)
3. უფროსი ამბობს, რა მოეწონებოდა (მინდა, რომ... მერჩივნა...)
თუ თქვენი შენიშვნები ძირითადად ამ ეტაპებსა და ფრაზებზე იქნება აგებული, შეამჩნევთ, რომ ბავშვთან კომპრომისის მიღწევა უფრო გაგიადვილდათ.
ასეთი ფრაზებით პირველ რიგში თქვენ საკუთარ განცდებს გამოხატავთ მისი საქციელის მიმართ და ეს ეხმარება ბავშვს, უკეთ მიხვდეს, რა დააშავა, რა გაწყენინათ. გააცნობიერებს, რომ დედასაც შეიძლება ეწყინოს ან დაუშავდეს რამე.
გარდა ამისა, ასეთი შენიშვნებით ზუსტად აგებინებთ, რომ არასწორად იქცევა. რაც მთავარია, ამ ფრაზებში ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის "ნაკუწი" დევს - ბავშვს აგრძნობინებთ, რომ მისი დახმარება თქვენც გჭირდებათ (მინდა, რომ... კარგი იქნებოდა, რომ... ერთად ხომ არ... მოდი, ვცადოთ... და ა. შ.)
ამ სიტყვებს, ბუნებრივია, ჯადოსნური ძალა არა აქვთ, რომ ბავშვს რაც თქვენ გინდათ, ის გააკეთებინოს. სამაგიეროდ, ეს ფორმა დაგეხმარებათ უფრო ეფექტური გახდეს თქვენი თხოვნა ბავშვის მიმართ. ასეთი ფრაზებით ბავშვი უკეთ სწავლობს ზრდილობის ფორმებს და სხვებისადმი თავაზიანობას.
და რასაკვირველია, არაფრით არ შეიძლება შენიშვნის მიცემის დროს ბავშვი ასე დატუქსოთ: "ცუდი ბიჭი (გოგო) ხარ, ასე რომ მოიქეცი!" ასე უნერგავთ, რომ მართლა ცუდია. საქციელზე უნდა მიუთითოთ: "ცუდად მოიქეცი", "ცუდი საქციელი იყო"... რომ მიხვდეს, თვითონ კი არ არის ცუდი, მისი საქციელია არასწორი.