სანამ ჟიური მათ შორის საუკეთესოს შეარჩევს, ყველა ნამუშევარს წარმოგიდგენთ mshoblebi.ge-ს მიერ გამოცხადებული კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა - დასრულდა საკონკურსო ნამუშევრების მიღება. სანამ ჟიური მათ შორის საუკეთესოს შეარჩევს, ყველა ნამუშევარს წარმოგიდგენთ. შეგიძლიათ, თქვენც გაეცნოთ დიდი გულწრფელობით, დედისადმი სითბოთი და სიყვარულით გაერთიანებულ წერილებს და საკუთარი აზრები გამოთქვათ მათ შესახებ. გამარჯვებულები კი 3 მარტს, დედის დღეს გამოვლინდებიან.
* * *
დე, მიიღე ეს, როგორც ზღვარგადასული სიყვარული შენდამი... ბედნიერი ვარ შენი არსებობით ჩემს ცხოვრებაში, შენი სიყვარულით სული მევსება და მეშინია, რომ ვეღარ გავუძლებ... შენ ჩემი სინათლე ხარ ამ ცხოვრებაში და მინდა, რომ მთელი ცხოვრება ამ სინათლეს მივყვე, მინდა ამ შუქმა ყოველთვის ისე მომჭრას თვალი, როგორც დღეს, როგორც გუშინ და როგორც ოცი წლის წინ, შენი სხეულის ნაწილი რომ ვიყავი. თუკი ვინმეს ოდესმე უთქვამს, იდეალური ადამიანები არ არსებობენო, მინდა მთელი სამყარო შენკენ მოვაბრუნო და თითით დავანახო ყველას შენი თავი... შენი სიყვარულით სული მევსება და თვალზე ცრემლი მადგება, ჩემს სულს სჭირდები და ვიცი, ძალიან მალე იგრძნობ ჩემი გულის ფეთქვას, როცა ჩაგეხუტები და ერთი ჰაერით ვისუნთქებთ, როცა ჩაგკიდებ ხელს და ყველას გავაგებინებ, რომ შენ ჩემთან ხარ, ჩვენ ერთად ვართ... ვიცი შენ ყველაზე მეტად ჩემი კარგად ყოფნა გაგახარებს და გპირდები... მე რომ მივაღწევ ყველაფერ იმას, რისთვისაც შენ იბრძვი ამდენი წელია... არ შეიცვალო, გაუძელი ყველას და ყველაფერს და იყავი ასეთივე საამაყო მთელი ცხოვრება, როგორც ახლა ხარ... გთხოვ!
სალომე დათუნაშვილი
დედას (სადაც შენ წახველ, ძვირფასო დედა! წამოსვლა აღარ გამიჭირდება...)
შენი თვალების იისფერი ნაკადულები -
ჩუმად ვტირი და არც კი ვფიქრობ, რომ დავივიწყო,
ეგ თბილი ხელი, ორი ხელი მოსაფერები
გულში ჩავიკრა, დარდის დარო, დარდი დავიწყო.
როგორ მაკლია შენი სახის ხიბლი და სევდა,
როგორ მჭირდები ტკივილის დროს, როგორც ქალს ქალი,
როგორ წახვედი, სად წახვედი უჩემოდ, დედა,
მინდა მოგაყრდნო სათუთ მხრებზე ბავშვურად თავი.
ჩუმად შევდივარ შენს ოთახში, შენს სასთუმალთან,
ცრემლებად მაწვიმს მონატრება,თან - რა ხანია...
მსურს საუბარი მეგობართან, დედასთან, ქალთან,
შენ ხომ ჩემი ხარ, მენატრები... ძლიერ... ძალიან...
შენი თვალების იისფერი ნაკადულები
ცრემლებად მაწვიმს - არც კი ვფქრობ რომ დაგივიწყო,
და ეგ ხელები, თბილები და მოსაფერები
გულში ჩავიკრა, დარდის დარო, დარდი დავიწყო.
შორენა თამაზაშვილი
დედას
შენი მარტოობის მარტოობას და ჩუმი ფიქრის მწარე ნაღველს
ერთი შეხედვით რომ არც ხელები და არც აზრიანი თვალები ამხელს.
ერთად თავმოყრილა ყველა დარდი, ქვეყნად გაჩენილა მხოლოდ შენთვის
ალბათ, ვერ ვუშველი შენს სიჩუმეს... ილოცე, ილოცე ჩემთვის!...
მხოლოდ დარიგება, თეზისები, პუნქტებად დაღეჭილი შეგონება,
ერთ დროს მობეზრებულ ამ ყველაფერს თურმე სცოდნია მონატრება.
მგონია, კიდევ უნდა მითხრა რაღაც, რაღაც ღირებული ძვირად შენთვის,
რაც მე გამოცანად მექცა... ილოცე, ილოცე ჩემთვის!..
ალბათ, გაიზარდა უკვე, შენი დაბღვერილი გოგო,
შენს წინ გაქცეულა კვიცი, უკანღა მიჰყვები მხოლოდ.
მისი წარმატებით ცოცხლობ, მისი ოცნებები გეთქმის,
მისი სიხარულით ხარობ... ილოცე, ილოცე მისთვის!..
დღეები მიდიან ცოცვით და ბოლო ეღება ლოდინს,
ცხრამეტი წელია მყავხარ და ყველა გზა შენსკენ მოდის,
ბედნიერების წამი, წუთი სინდისის ქენჯნის.
შენით ცოცხლობდა მხოლოდ.... ილოცე, ილოცე ჩემთვის!...
შენ უნდა იყო მარად, როგორც მიწა და ზეცა,
თუ არ იქნები ჩემთან, არ ძალმიძს ფეხზე დგომა,
წყალს წაუღია ირგვლივ ფერი და ბგერა ქვეყნის,
გთხოვ, არ გამიშვა ხელი.... იცოცხლე, იცოცხლე ჩემთვის!...
ნათია ნინიკელაშვილი
ჩემო ერთადერთო – დედა!
დედა... ჩემო ტკივილიანო, ჭაღარაგარეულო, ცხოვრებისგან იარებდახსნილო! ჩემო ერთადერთო, რომელმაც არც ერთი შეცდომის გამო ხელი არ გამიშვი, რომელმაც ცხოვრების ყველა შეცდომა მაპატიე. ერთადერთო, რომელიც არ დაღლილხარ ჩემი შეცდომებით! რომ იცოდე, ახლა შენი იარები როგორ მტკივა... მტკივა საკუთარი შეცდომები შენს წინაშე...
დე... მადლობა სიცოცხლისთვის, მადლობა ჯერ კიდევ იმისთვის, რომ დაბადებამდეც არ თქვი უარი ჩემზე, ჩემი მდედრობითი სქესის გამო. მადლობა თეთრად ნათენები ღამეებისთვის, ჩემ გამო ჩადენილი უამრავი გმირობისთვის. მადლობა ყველაფრისთვის, რაც მომეცი და იმისთვისაც, რაც ვერ მომეცი, მაგრამ ასე ძალიან იბრძოდი, რომ მოგეცა. შენ უბრალოდ ქალი არა ხარ ჩემთვის, შენ ხარ გმირი და ვეცდები, მეც ვიყო შენი მსგავსი დედა.
დე, რომ იცოდე, რა თბილია შენთან ჩახუტება, რომ იცოდე, რამხელა იმედია შენი სიცოცხლეც კი, რომ იცოდე ,რამდენს მაძლევს ცხოვრებაში შენი ხმის გაგონება. როგორ მინდა, მეც შემეძლოს მოგანიჭო ისეთი ბედნიერება, შენ რომ მანიჭებ. როგორ მინდა, მეც შემეძლოს დავხატო შენს სახეზე ისეთი ღიმილი, შენ რომ ჩემს სახეზე ხატავდი ბავშვობიდან...
არჩევანი რომ მქონოდა, ოჯახი ამერჩია, ზუსტად ვიცი, რომ შენ აგირჩევდი. რადგან ალბათ სამყაროში ვერავინ შეძლებდა, ჩემთვის დედობა უკეთ გაეწია. დღეს არაფერს არ შეცვლის სიტყვები. უბრალოდ გულით მინდა, რომ გითხრა, თუ როგორ მიყვარხარ, დე... მიმყოფოს უფალმა დიდხანს შენი თავი, იმისთვის, რომ ვეცადო გვიან, მაგრამ ახლა მაინც გაგხადო ბედიერი.
მე ხომ შენთვის უამავი დამიწერია... კიდევ დავწერ... ყოველთვის, ვიდრე ჩემს კალამში იქნება მელანი. მიყვრხარ ცამდე. ჩემო პირველო, უკვდავო და უძლიერესო სიყვარულო.
ნათია არველაძე
დედა, მაპატიე...
ბავშვობა მენატრება ტკივილის გარეშე,
არ ვიცი, უშენობას საითკენ გავექცე,
ვერ ვუძლებ ამოდენ დარდსა და ტკივილებს,
არ მინდა წამოვკრა ფეხი და დავეცე.
დედი, ვეღარ გხედავ, ოთახში დუმილია,
არ მინდა დავიჯერო, არ მინდა, ტყუილია!
ნუთუ მარტო დავრჩი, ნუთუ აღარ მყავხარ,
ბავშვი აღარა ვარ, დედაც სულ ცივია.
აღარ მეფერება გულზე შენი სიტყვა,
ლექსში ტკივილები ვეღარ ჩავატიე,
არ მინდა სამყაროში ბევრი არაფერი,
დედა, მაპატიე!
ვეფხვია ქოჩქიანი
* * *
დედა ეს არის მთელი სამყარო, რომელიც ყველაზე ძვირფასია ამ ქვეყნად. ყველაზე საყვარელი, ყველაზე გულითადი, ყველაზე მეგობრული, შვილისათვის თავგანწირული, მოსიყვარულე, თბილი, ტკბილი, ყველაზე მშვენიერი მთელს მსოფლიოში, დედა, რომელიც აცისკროვნებს მთელ მსოფლიოსა და სამყაროს.
ნინი ცარციძე
* * *
ქალო, შობილო მშობელად,
რარიგ გიხდება დედობა,
მტკიცე ხარ ანდამატივით,
ვერ გთრგუნავს შენ ძნელბედობა.
არც იწროება გაშინებს,
არც ჭირი ამა სოფლისა,
არ მახსოვს დაგეწუწუნოს,
ანაც დრტვინავდე ოხვრითა.
მუხლჩაუხრელად მშრომელი,
მარად ღვთის სახელს ახსენებ,
მარცხენით საქმეს აკეთებ,
მარჯვენით აკმევ საკმეველს.
ღმერთს მოუმადლავს სიმშვიდე
და სული მორჩილებისა,
კეთილი საქმის სურვილი
და ნიჭი მოთმინებისა.
იხარე მრავალჟამიერ,
უფლის კურთხევა შენზედა,
კვლავ მას ესავდე, რომელიც
მეუფებს ყველაფერზედა.
გიორგი კურტანიძე
* * *
წამით დავფიქრდი, რა უნდა დამეწერა და ცრემლებმა დაუკითხავად იწყეს დენა თვალებიდან... რატომ ვტირი?ალბათ იმიტომ, რომ ფიქრებში ისევ დედას ვესაუბრები. თვალწინ მიდგება მისი დაღლილი სახე და შევერცხლილი თმები... აი, ახლაც ვზივარ ჩემს ოთახში, დედა სამზარეულოში ფუსფუსებს... შემიძლია გავიდე , ჩამოვჯდე და ველაპარაკო დაუსრულებლად, მაგრამ ყოველთვის, რატომღაც ვამჯობინებ სიჩუმეს... ასე ჩუმად, გულში მიყვარს დედასთან საუბარი... და იცით რატომ? დედა ყველაზე კარგად მიცნობს. ჩემს თვალებში კითხულობს სევდასაც და სიხარულსაც... უფრო ხშირად კი მე სევდიანი ვარ და არ მინდა, დედამ შემამჩნიოს... არ მინდა გული ეტკინოს, ისედაც გულნატკენს... დედაჩემი ყველაზე სათნო, კეთილი, სუსტი და ამავე დროს ძლერი ქალია... ბევრი უბედურება გადახდა თავს... ჯერ შვილი დაკარგა (ჩემი ძმა 30 წლის ასაკში მოკლეს), მერე მოულოდნელად მამა გამოგვეცალა ხელიდან... ამდენ ტკივილს ნეტა როგორ უძლებს-მეთქი, გულში სულ ეს ფიქრი მიტრიალებს. არა, კი არ მეცოდება... პირიქით, მეამაყება, დედამ ბევრ ტკივილს გაუძლო, უამრავი ტვირთი ატარა ზურგით და ახლა მაინც ძლიერია და მყარად დგას ფეხზე... ისევ ჩვენ გვამხნევებს და ისევ ამაყად, თავაწეული დააბიჯებს თბილისის ქუჩებში. იცით, მიუხედავად იმისა, რომ ცოტას ვსაუბრობთ ერთმანეთთან, დედამ მაინც ყველაფერი იცის ჩემი... მარტო ერთი სიტყვა "ნუ გეშინია, დედიკოო", ნეტა იცოდეთ რად მიღირს... ასე მგონია, მთელ სამყაროს შევებრძოლები და გავიმარჯვებ, ყველა ტკივილს, ტანჯვას გავუძლებ... იმიტომ, რომ დედა ყოველთვის ჩემთანაა... არასოდეს მტოვებს და მჯერა, რომ არც არასოდეს დამტოვებს!!! უფალმა მომავლინა ამ ქვეყნად და მცველად, მფარველ ანგელოზად დედა მაჩუქა... ამიტომ არც არაფრის მეშინია... "სანამ დედა მყავს, არ დავბერდებიო". გენიალური სიტყვებია... არც მე ვბერდები. მხოლოდ დედა გაჭაღარავდა... მიყვარს მისი შევერცხლილი თმები, მისი ნაღვლიანი თვალები და თბილი გამოხედვა... ხშირად ვეხუტები და ამხელა ქალს თავი ისევ პატარა ბავშვი მგონია...ნეტავ იცოდეთ, ამ დროს რა ბედნიერი ვარ... უბედნიერესი...
ხან ვნატრობ, ნეტავ ისევ პატარა ვიყო და დედას ხელში აყვანილი, გულში ჩახუტებული დავყავდე... დედა ჩემი სულის, ხორცის ნაწილია. ვენებში დამიდის სისხლად... მინდა ხმამაღლა მთელი სამყაროს გასაგონად ვიყვირო, რომ ჩემი დედიკო საუკეთესოზე საუკეთესო დედაა... დედიკო, შენ ჩემთვის მთელი სამყარო ხარ და მინდა, დიდხანს მყავდე იმისთვის, რომ თავისუფლად შევძლო სუნთქვა...მ ე ხომ უშენოდ არავინ და არაფერი ვარ... მჭირდები იმისთვის, რომ არსებობა შევძლო... მთელი არსებით მიყვარხარ, დედა... მადლობა, რომ ამ ქვეყნად მომავლინე და სიცოცხლე მაჩუქე! მადლობა, რომ მუდამ მამხნევებ... მეამაყები, მეთბილები, მესამყაროები... და მაპატიე, თუკი რამე გაწყენინე... დამიჯერე, ყველა ჩემს გულს და სულს ამჩნევია, დედა!!!!
ლედი ელიაშვილი
წერილი დედას
ახლა მოკრძალებით გიწერ ამ წერილებს.
რა ვქნა, ვეღარ ითმენს გული საღამომდე.
დე, რამ გამაჩუმოს... ჩემზე უკეთ იცი,
ჩემთვის რა რთულია უშენობას ვგრძნობდე.
შენ რომ გგონია, უკვე გავიზარდე,
წლებს ნუ დაუჯერებ. ისევ პატარა ვარ.
ახლაც ისე მინდა გულში ჩამიხუტო,
თითქოს ამ ერთხელ და მეტი აღარა ვარ.
ახლაც ისე მინდა კალთას გამოგეკრა...
ღმერთო... ნაადრევად რატომ გაგიფრინდი?!
ახლაც ვერ ვპატიობ ჩემს თავს შენს ჭაღარას,
ჩემთვის რომ გაგიჩნდა და რომ ამიტირდი.
დღეს რომ ჩამოთოვა სულში მოგონებამ,
ასე რა ხანია აღარ უთოვია.
ვცდილობ გავიხსენო, როდის გაგახარე.
და ხელჩასაჭიდი ვერც კი მიპოვია.
დე, რამ გამაჩუმოს... გული დამიმძიმდა.
მინდა მაპატიო ჩემი შეცდომები.
შენი სიყვარული როგორ მასულდგმულებს,
ნეტავ გაცოდინა, გიჟი გეგონები.
ნეტავ რამე ძალით დროში დამაბრუნა,
როცა შენს გარეშე ნაბიჯს ვერსად ვდგამდი.
როცა შენს გარეშე ძილიც არ შემეძლო.
და რომ დამაბრუნა წამს არ დავკარგავდი...
შენი თვალებიდან ცრემლი ამომეშრო.
შენთვის მომექარგა მიწა ყვავილებით.
შვილი გყოლებოდი, შენ რომ გინდოდა და
ამესრულებინა შენი ოცნებები.
დე, რამ დამამშვიდოს, სანამ მეგულები
ჩემთვის მშფოთვარე და სანთლად დანთებული.
შენი სიმშვიდეა ჩემთვის დიდი შვება,
ბედნიერებისკენ ხიდი გადებული.
ახლა ამ წერილებს მოკრძალებით გიწერ.
ხედავ? საუბარიც შენთან მერიდება.
ცრემლი შეიმშრალე, ასე ნუ კითხულობ.
მხოლოდ ის მოგწერე, მე რომ მედარდება.
ლიკა დვალიშვილი
* * *
რამდენიმე წლის წინ გურამ რჩეულიშვილის ჩანაწერებიდან ამოვიკითხე: "დედა... რა ლამაზად ისმის ეს მარტივი სიტყვა!" მართლა რა ლამაზად ისმის არა? დედაჩემისთვის სახელით არასდროს მიმიმართავს. დედა, დედი ან დე... ვუყვებოდი ყველაფერს და მისმენდა. ახლა ვხვდები, როგორ ვღლიდი, ის კი არასდროს მაგრძნობინებდა ამას. დავყვებოდი ყველგან... მეგობრებთან, ბაზარში, ჩემი ძმის ექსკურსიაზე და ა.შ. ვგიჟდებოდი მშობელთა კრებებზე, დედაჩემს ერთი კვირით ადრე ვაფრთხილებდი, რომ უნდა მოსულიყო კრებაზე... ის კი მოდიოდა ყველაზე ლამაზად (ნუ ჩემთვის ყველაზე ლამაზად).
ალბათ ერთადერთი ადამიანი ვარ, ვინც უნივერსიტეტში დედასთან ერთად მივიდა. არ მომყვებოდა, სირცხვილია, მე რა მინდაო? ახლა ვფიქრობ და მართლა რა უნდოდა? მეცინება. მით უმეტეს, თეატრალურში... გავაცანი ჩემ ჯგუფელებს, რომლებიც მეც იმ დღეს გავიცანი. პირველ კურსზე ვიყავი მაშინ.
როგორც ყველა დედა, დედაჩემიც ყოველთვის თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმის მაქსიმუმს გვიკეთებდა და გვიკეთებს მე და ჩემ ძმას. როცა ზღვაზე მაცილებდა, ცრემლებს ვიკავებდი, მერე ვტიროდი, როცა უკვე აღარ ჩანდა.
არასდროს "უმკაცრია", არასდროს უთქვამს, ეს არ გააკეთო, იქ არ წახვიდე, ამ დროს სახლში იყავი, ის არ მოგეწონოს, იმას რატომ უყვარხარო და ა.შ.
პ.ს ზოგადად არ მომწონს, სახალხოდ რომ წერენ, როგორ ძალიან უყვართ დედები, ქმრები, შვილები და ა.შ მაგრამ ვფიქრობ, თუ წერილი გულწრფელია და ადამიანს ასე ძალიან სურს, ყველას გააგებინოს, მისთვის რა ძვირფასია ის ადამიანი, დაწეროს, რატომაც არა? პირადად მე თან მერიდება და თან ბევრად ლამაზი და მართალი მგონია, სახლში მოსულს ჩავჩურჩულო ყურში... დედაჩემს ბავშვობაში ვეუბნებოდი, მე უფრო მიყვარხარ, ვიდრე შენ-თქო და მას ეღიმებოდა... ახლა წარმოვიდგინე, მართა (ჩემი შვილი) რომ ლაპარაკს დაიწყებს და მითხრას, დედიკო, მე უფრო მიყვარხარ, ვიდრე შენო. სასაცილოა აბა, რა...
შარშან დედას დაბადების დღეზე დიდი წერილი დავუწერე, მაშინ მართა რომ მყოლოდა, სულ სხვანაირ წერილს დავწერდი... დედა, თურმე შენც ისე გიყვარვარ, როგორც მე მართა და ნეტავ მეც ასე ძალიან ვეყვარები მას, როგორც მე შენ? არ ვიცი, ეს უკვე ჩემზეა დამოკიდებული...
მიყვარხარ, და მიყვარხარ რაღაც სხვანაირად!!! მადლობა ყველაფრისთვის!
გვანცა ჟღენტი
დავიბადე!
ატირებულმა ახალშობილმა ვიგრძენი შენი სითბო, შენი სურნელი და გავყუჩდი – ჩემს გვერდით შენ იყავი და მე აღარ მეშინოდა სიცოცხლის! მზემ გაგვხვია სითბოსა და უსასრულობაში.
"ვითომ პატარა კურდღლები ვართ – დედა და შვილი", – ვიცოდით ასეთი თამაში. მიკრავდი გულში, მითბობდი პაწია გაყინულ ფეხებს. "მგელმა არ შეგვნიშნოს" –ვაგრძელებდი თამაშს, გეხუტებოდი, ვგრძნობდი შენს ძალას, ზრუნვას და მჯეროდა, მართლაც ბაჭია რომ ვყოფილიყავი, მაინც არ დავფრთხებოდი, რადგან შენ მყავდი და მე აღარ მეშინოდა ცხოვრების!
"ერთი, ორი, სამი"... და ხელში ატაცებული კაფანდარა, ცელქი გოგონა კისკისით გეხვეოდი კისერზე. როგორ გიბრწყინავდა თვალები! შენ ჩემით იყავი ბედნიერი, მე – სავსე შენი სიყვარულით.
მზე ისევ გველამუნებოდა ალერსიანი ხელებით.
დრო მიდიოდა, ყოველი დღე აფერადებდა ჩვენს ყოფას, მერე კი, მოულოდნელად, მზე გახუნდა და გაიცრიცა.
ტკივილით გადაღლილი იწექი სარეცელზე. ვიცოდი, რომ ეს დასასრული იყო. ხარბად შევცქეროდი ჩემთვის ძალიან, ძალიან ძვირფას სახეს, მინდოდა ყველა ნაკვთი, მიმიკა და ემოცია ჩამებეჭდა გონებაში. ჩამეძინა. "– ქეთი,– გამომაღვიძა შენმა ხმამ, – რამე მიიფარე, არ გაცივდე", – ახლაც ჩამესმის ზრუნვით გამთბარი ხმა. გატანჯული და ღონემიხდილი მაინც ჩემზე ფიქრობდი.
მზე ჩაქრა!
სამი მარტი თენდებოდა – დედის დღე. უკანასკნელად ამოისუნთე და წახვედი. წახვედი, მაგრამ ახლა ჩემში განაგრძობ არსებობას, მე შენი თვალებით ვიხედები და შენი გული მიფეთქავს მკერდქვეშ.
ახლა უკვე ვიცი, რომ მიღმა სამყაროში შენ მყავხარ და აღარ მეშინია გარდაცვალების!
შენით დავძლიე სიცოცხლის და სიკვდილის შიში, რადგან სადაც დედაა, იქ სიმყუდროვე და სიმშვიდეა! სადაც დედაა – იქ სიყვარულია!
მენატრები, დედიკო!
ქეთი გეგეჭკორი
* * *
დედა, მიყვარხარ! შემოქმედო ჩემი სამყაროსი! ცხრა თვე ვიყავი შენს სხეულში მეორე გულად, სითბოდ და სიყვარულად ქცეული! რომ მოვედი წუთისოფლად, შენ დახატე მზე, შენ დახატე მთვარე, შენ შექმენი ღამე და გამითენე დღე. შენ მითხარი პირველად - მიყვარხარო! მახსოვს, პირველად რომ წამიკითხე ზღაპარი. მითხარი: - ახლა ჩემს მუცელში ხარ და ვიცი, გესმის ჩემიო. არ შემცდარხარ! მესმოდა, ვგრძნობდი და ამის ნიშნად მუცელში მოძრაობა დავიწყე! მიყვარხარ, დედა! ახლა ჩემს წინ ქალი დგას, რომელსაც თვალები ცრემლიანი აქვს. ჩემ წინ ქალი დგას, რომელსაც წლებთან ერთად ნაოჭუნებიც ემატება. ჩემ წინ ქალი დგას, ჩემი შემოქმედი. ჩემ წინ ქალი დგას ქრისტეს ცრემლივით ნათელი და გულწრფელი, ჩემ წინ ქალი დგას ღვთისმშობლის ღიმილი, პატარა ანგელოზის სიზმარივით ლამაზი. ჩემ წინ შენ დგახარ - ქრისტეს ცრემლი, ღვთისმშობლის ღიმილი, ანგელოზის სიზმარი. ჩემსწინ შენ დგახარ, ჩემო დედიკო! სამი სიტყვა მაქვს შენთვის ბევრჯერ სათქმელი: მე შენ მიყვარხარ! მე შენ მიყვარხარ, ჩემო დედიკო!
თამუნა ოქრუაშვილი
* * *
დედა, აგერ უკვე 28 წლის ვარ. ამ ხნის მანძილზე არასოდეს მიფიქრია შენთვის წერილის მოწერა, ყოველთვის მიჭირდა ამის გაკეთება, რადგან წერილი უფრო მეტ სითბოს ინახავს, ვიდრე ტელეფონით ლაპარაკი და სულ მეშინოდა, რომ ამ სითბოს ვერ ჩავდებდი.
...20 წლის ვიყავი, პირველად რომ ლექსი დავწერე (რა ლექსი იყო, ნამდვილად არ მახსოვს), მალე შენი დაბადების დღე მოდიოდა და გადავწყვიტე, რამე ლექსი მეჩუქებინა. კარგად მახსოვს მწვანე ქაღალდზე დავბეჭდე, სადა, უპრეტენზიო ჩარჩოში ჩავსვი და ბალიშის ქვეშ დაგიდე, როცა დაწვებოდი, რომ გენახა. შენი სიტყვები: - დღეს პირველადაა ჩემთვის დაბადების დღე, როდესაც ყველაზე ბედნიერ დედად ვიგრძენი თავი – ჩემთვის ყველაფერი იყო.
... ვიცი შენს ამაგს ვერ გადავიხდი
თუნდ ათასი ქვა ერთურთზე დავდო.
მე, შენთვის მუდამ ბავშვად დავრჩები
და მეყვარები ბავშვურად. ლადო.
ასე მარტივად დავამთავრე ლექსი. დედი, ბავშვური სიყვარული ყველაზე წრფელი მგონია. ახლაც საოცრად ბავშვურად მიყვარხარ. ბევრჯერ მინატრია, ისევ პატარა ლადლადა ვიყო, რომ კალთაში ჩამისვა, მე კისერზე დაგადო თავი და დავიძინო. გული მწყდება, რომ ამ ყველაფერს ხიბლს მხოლოდ ახლა ვხვდები, ხოლო როცა პატარა ვიყავი, ეს ყველაფერი ყოველდღიური ჩვეულება მეგონა, რომელიც მთელი ცხოვრება გამყვებოდა.
შენ არაფერი დაგიკლია ჩემთვის, არც სითბო, არც მზრუნველობა, მაგრამ მაინც ცუდი შვილი ვარ (ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე ვამბობ). არა ვარ ისეთი, როგორსაც იმსახურებ, თუმცა დარწმუნებული ვარ, შენ მაინც ყველაზე კარგი და უნაკლო გგონივარ. უანგაროა დედობრივი სიყვარული. დედი, იცი რას დავაკვირდი, ერთადერთი ადამიანია დედა, ვისაც დაუფიქრებლად შეგვიძლია ვაწყენინოთ, ბოდიშის მოხდაც გვეთაკილება (მრავლობითში ვწერ, მაგრამ მხოლოდ ჩემ თავს ვგულისხმობ), ამავე დროს სრულიად უცხო ადამიანს, რომელსაც შემთხვევით მხარი გავარტყით, შეგვიძლია საათობით ბოდიში ვუხადოთ. ალბათ ვიცით, რომ დედის სიყვარულს, რომელიც შვილებისადმი აქვს, არაფერი დაემუქრება და წყენას მალევე დაივიწყებს. დეე, არ ვამბობ, რომ აღარასოდეს გაწყენინებ (უფრო სწორად ვერ ვამბობ), მაგრამ აქამდე რაც გაწყენინე, საჯაროდ გიხდი ბოდიშის.
ძალიან მინდა, ისეთი ლადო ვიყო, შენ რომ გიოცნებია, ვეცდები, ხშირად გაგახარო ჩემი სიკარგით, შენთვის ხომ ჩემით და სოფოთი ტრიალებს დედამიწა (4 წელია ახალი თანამგზავრები შეგვემატნენ: სოფოს შიო და ჩემი ნენე), რამდენად გამომივა არ ვიცი, მაგრამ გპირდები, რომ ცდას არ მოვაკლებ.
ერთხელ უწმინდესმა ქადაგებაში ბრძანა: ყველა შვილმა სახლიდან გასვლის წინ დედას კურთხევა უნდა სთხოვოსო. მას შემდეგ ვცდილობ, როცა სამსახურში მივდივარ, დაგირეკო და დაგალოცინო თავი. ხშირად ვერ გირეკავ, მაგრამ ვიცი, რომ დედის ლოცვა წაკითხული გაქვს და დაცულად ვგრძნობ თავს.
დე, კიდევ უამრავი რამის თქმა მინდა, მაგრამ ყველაფერი რაც მაფიქრდება, უკვე თქმულია. მე კიდევ, ნამდვილად არა ვარ ისეთი ჭკვიანი, რომ ახალი მოვიფიქრო, არადა, შენ ჩემგან უზომოდ ბევრს იმსახურებს. ასეთი პატარა წერილისთვისაც ბოდიშს გიხდი, თუმცა ათასობით გვერდიც რომ დავწერო, იმ სიყვარულს, რასაც ვგრძნობ მაინც ვერ გამოვხატავ.
ერთ რამეს გთხოვ, დედა, რომ ძალიან დიდხანს და ძალიან კარგად იყო ჩემს გვერდით, რადგან უზომოდ მჭირდები. დედიკო, ისევ, ბავშვურად მიყვარხარ და მეყვარები!!!
ლადო გოგოლაძე
* * *
ამ ბოლო დროს ძალიან გახშირდა შემთხვევები, როდესაც ქალებს პირველი ბავშვი მუცელშივე ეღუპებათ. მეც განვიცადე ასეთი სიმწარე. მინდა ეს პატარა ჩანახატი, რომელიც ჩემს გრძნობებს გამოხატავს, მივუძღვნა ყველა იმ დედას, ვისაც ასეთი ტკივილი განუცდია. ყველას ჯანმრთელ შვილებს გისურვებთ.
დედის განცდები
პირველი სიხარული, პირველი ახდენილი ოცნება, შენს სხეულში ჩასახული პირველი სიცოცხლის შეგრძნება. სიხარული, უსაზღვრო სიხარული, ცრემლებამდე მისული ბედნიერება. ჩემი ანგელოზი, ჩემი პატარა სიცოცხლე.
გარდაიქმნა სამყარო, შეიცვალა, გახდა უკეთესი, რადგან გაჩნდა მიზეზი, მიზეზი სიხარულის, არსებობის, მიზეზი იყო სხვანაირი, უკეთესი. მხოლოდ მისთვის, მისი კარგად ყოფნისთვის, მისი მშვიდი არსებობისთვის.
საკუთარი სურვილების უარყოფა, მხოლოდ იმიტომ, რომ აგისრულდეს ყველაზე მთავარი.
შეგრძნება, რომ ის არსებობს, პატარა ანგელოზი შენში ცოცხლობს და იზრდება. შეიგრძნობს ყველა შენს შეგრძნებას, ამიტომ ფრთხილად, ის ხომ ასეთი სათუთი და ნაზია.
ფრთხილად, ფრთხილად, არ ინერვიულო, არ შეგეშინდეს, მე შენთან ვარ, დაგიცავ, შენთვის ყველაფერს გავაკეთებ.
პირველი ბედნიერება, განუმეორებელი შეგრძნება, პირველი, პირველი დაუვიწყარი, მხოლოდ ჩემი, ჩემი პატარა ანგელოზი, დედიკოს სიცოცხლის აზრი, ბედნიერება, უსაზღვრო ბედნიერება. სულ პაწაწინა სიცოცხლის ნაპერწკალი, ჩემი უზარმაზარი იმედი, პირველი სიხარული, პირველი ახდენილი ოცნება.
მაგრამ... მერე რა მოხდა? სად წავიდა სიცოცხლე, რომელიც ახლა იწყებდა არსებობას, განვითარებას? გაქრა უცაბედად, დაამსხვრია იმედები და ოცნებები.
"ანგელოზები ჩემთან" - დაიძახა ღმერთმა და ისიც წაიყვანა... აღარ არის, ვეღარ შევიგრძნობ მის არსებობას. ვეღარასდროს დავინახავ მის ლამაზ თვალებს, ვერ დავუკოცნი უნაზეს ხელებს.
ჩემი პატარა ანგელოზი ზეცაში გაფრინდა. წავიდა, დამტოვა. სიცარიელის შეგრძნება სხეულში, მარტოობის შეგრძნება. დასასრული იმისა, რაც არც კი დაწყებულა. სულ ცოტა ხნის წინ დაწყებული სუნთქვა შეწყდა.
ტკივილი, სულში ჩარჩენილი ღრმა ჭრილობა, რომელიც მთლი ცხოვრება თავს შემახსენებს. შემახსენებს პატარა ანგელოზს, რომელიც ახლა ცაშია და დედიკოს და მამიკოს მფარველობს...
თეა ორველაშვილი
* * *
დედიკუნა! ჩემი სიცოცხლე შენით დაიწყო და გრძელდება. შენი სუნთQვა დიდი ხანი მინდა მესმოდეს. მართალია დიდი ვარ, მაგრამ შენთვის ყოველთვის პატარა ვიქნები, ყოველთვის გინდა ჩამიკრა გულში და შენი ტკბილი ხმით მომეფერო. მიყვარხარ ძალიან და მივხვდი ამას უფრო იმის შემდეგ, რაც ხელში ცჰემი პატარ გოგონა ავიყვანე. მივხვდი დედას რა შეუძლია შვილისთვის. რამხელა ძალა აქვს ამ სიყვარულს. ბედნიერი ვარ, შენისთანა დედა რომ მყავს, ვიცი, შვილებზე ლოცვით იგვიძებ და იძინებ, შენ მასწავლე, შვილებისთვის როგორ გავმხდარიყავი კარგი დედა, მაგრამ ჯერ შენისთანა დედა არ ვარ. უფლის მადლობელი ვარ, ასეთი რომ მყავხარ. ვერასოდეს გადავიხდი იმ სიყვარულისა და მზრუნველობისთვის, რაც შენგან მაქვს. მაგრამ ვეცდები, იგივე სიყვარულით და მზრუნველობით ჩემს გოგონებს დავამახსოვრო თავი, დედიკო.
თამარ ზაქარიაძე