mshoblebi.ge კონკურსს იწყებს, რომლის გამარჯვებულებიც დედის დღეს, 3 მარტს გამოვლინდებიან და დასაჩუქრდებიან mshoblebi.ge კონკურსს იწყებს, რომლის გამარჯვებულებიც დედის დღეს, 3 მარტს გამოვლინდებიან და დასაჩუქრდებიან.
დაწერეთ დედაზე რამე, ორიგინალური, ლამაზი, საინტერესო, სიყვარულით შექმნილი.
კონკურსში მონაწილეობა ყველას შეუძლია, მნიშვნელობა არა აქვს დღემდე რაიმე გამოგიქვეყნებიათ თუ არა, ან რა ასაკის ხართ. მთავარია, დაწეროთ გულით და მიუძღვნათ საყვარელ დედას.
საუკეთესო ნაწერები დაჯილდოვდება 3 მარტს სპეციალური პრიზებით.
ნამუშევარი - ლექსი იქნება, ჩანახატი თუ მინიატურა, არ უნდა იყოს ერთ გვერდზე მეტი, არ უნდა ეკუთვნოდეს სხვა ავტორს და უნდა გამოგზავნოთ 28 თებერვლამდე მისამართზე: info@mshoblebi.ge
„სანამ დედა ცოცხალია, მანამდე გულადად ხარ, სიკვდილისა არ გეშინია, სიცოცხლით ლაღობ, ვერა გრძნობ სიკვდილის მზერას, რადგან დედაა ჩამდგარი შენსა და სიკვდილს შორის, თავისი სუსტი ბეჭებით სიკვდილს წინ ეღობება და მისი მწველი მზერისაგან გიფარავს, თვითონ იწვის სიკვდილის ალმოდებულ მზერაში. წავა დედა და ჩამოიხსნება ფარდა შენსა და სიკვდილს შორის, რომელიც მგელივით წამოგვარდება, მოსვენებას დაგიკარგავს, სილაღეს ჩაგიკლავს და თან გეშინია, თან იმას ცდილობ, ახლა შენ აეფარო ბეჭებით შენს შვილებს, რომ დაიფარო ამ ამაზრზენი მზერისაგან. რაც ხანი მიდის, ძალღონეს გაცლის ეს დამთრგუნველი მზერა და ერთი წამითაც არა გცილდება, სულ თან დაგდევს და გულ-ღვიძლს გიწვავს ქვეშეცნეულად. შენ კი მაგრობ, მაგრამ თავისი მიაქვთ გარდასულ დღეებს, თანდათან მუხლებში ძალა გელევა, ახალგაზრდობის ოცნებები უფერულდება და გრძნობ, როგორ თანდათან იზრდება შენს არსებაში შიში, სიკვდილის მზერით თუ რაღაც გარდაუვალობის შეგრძნებით გაჯერებული შიში, რომელსაც არავის არ უმხელ და ვერც გაუმხელ, რადგან ერთადერთი ადამიანი, დედა, რომელსაც შეიძლება რომ გაუმხილო ეს შიში, წასულია ამ ქვეყნიდან, შენ კი მარტო ხარ და ხან დედისაგან გაკეთებულ საჭმელს ნატრულობ, როცა გშია, ხან დედისაგან მოქსოვილ ხელთათმანებს, ან წინდებს, როცა გცივა და შენ თავსაც კი არ უმხელ, ისე იძინებ იმსურვილით, რომ იქნებ სიზმარში ნახო დედა, იქნებ სიზმარში მაინც განმეორდეს ის საოცარი იმედიანი მოფერება, ადამიანის სულიდან სიმარტოვესაც რომ აფრთხობს და არარაობის განცდასაც, სამაგიეროდ კი ხალისითა და იმედით გავსებს“.
ეს სიტყვები გოდერძი ჩოხელმა მიუძღვნა დედას. თქვენც დაუწერეთ რამე თქვენს საყვარელ მშობელს.