ვის დარჩება ქონების ნახევარი უპირობოდ, თუნდაც ანდერძით ქონება სულ სხვა ადამიანზე გადადიოდეს - მშობლები

ვის დარჩება ქონების ნახევარი უპირობოდ, თუნდაც ანდერძით ქონება სულ სხვა ადამიანზე გადადიოდეს

2024-02-28 12:30:11+04:00

ადვოკატი ვახტანგ მაჭავარიანი სოციალური ქსელით ხშირად აძლევს გამომწერებს იურიდიულ რჩევებს. მათ შორისაა ანდერძი და მემკვიდრეობა. როგორ აღმოჩნდა, ანდერძში მემკვიდრედ დასახელება იმის გარანტია არ არის, რომ გარდაცვლილის ქონება მთლიანად მოანდერძეს რჩება. და რა ხდება მაშინ, როცა ანდერძი საერთოდ არ არსებობს?

სამკვიდრო ქონების მემკვიდრეზე გადასვლის ორი სახე არსებობს - კანონით და ანდერძით.

კანონით მემკვიდრეები არიან მეუღლე, შვილები, მათი არყოფნის შემთხვევაში მათი შვილები. ხოლო ანდერძით ქონება გადადის გარდაცვლილის ნების საფუძველზე და ამ შემთხვევაში ნათესაურ კავშირს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს.

ანდერძით მემკვიდრე შეიძლება იყოს როგორც ნათესავი, ასევე ნებისმიერი პირი, ვინც თავის დროზე გადაცვლილის სიმპათია დაიმსახურა და მამკვიდრებლის ანდერძში აღმოჩნდა.

ანდერძი შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით და გარდაცვლილის მიერ უნდა იყოს ხელმოწერილი.

არსებობს 2 სახის ანდერძი - ე.წ. შინაურული, რომელსაც მოანდერძე თავისი ხელით წერს და ხელს აწერს, ან ნოტარიუსის მიერ დამოწმებული. ორივე ანდერძის არსებობისას უპირატესობა ნოტარიული წესით დამტკიცებულს ენიჭება. არავის აქვს უფლება, სამკვიდროს გახსნამდე გაამხილოს ცნობები ანდერძის შინაარსის შესახებ.

ნოტარიუსს შეუძლია ანდერძის არსებობის ან შინაარსის შესახებ ინფორმაცია გაამხილოს მხოლოდ მოანდერძის გარდაცვალების შემდეგ. ანდერძში შეიძლება გაიწეროს როგორც სამკვიდრო ქონების გადასვლის წესი, ასევე იმ ვალდებულებების ნუსხაც, რაც შესასრულებელი ექნებათ მის მემკვიდრეებს. მაგალითად, სამკვიდროში შესული ქონებიდან სხვა პირისთვის ნივთების გადაცემა ან რაიმე მომსახურების შესრულება.

და ბოლოს, მიუხედავად ანდერძის არსებობისა, პირველი რიგის მემკვიდრეებს, მეუღლეს, შვილებს და მშობლებს უპირობოდ ეკუთვნით სავალდებულო წილი. რაც იმას ნიშნავს, რომ სამკვიდრო ქონების ნახევარი მაინც მათ საკუთრებაში რჩება, მიუხედავად ანდერძის შინაარსისა.

რა ხდება, როცა ანდერძი არ არსებობს?

ამ დროს მემკვიდრეობა კანონით განსაზღვრულ პირთა წრეზე გადადის. ვინ არიან კანონით მემკვიდრეები? არსებობენ 5 რიგის მემკვიდრეები:

  • პირველი რიგის მემკვიდრეები: მეუღლე, შვილები, მშობლები, მშვილებელი და ნაშვილები.
  • მეორე რიგის მემკვიდრეები: დები და ძმები, თუ ისინი ცოცხლები არ არის, მათი შვილები.
  • მესამე რიგის მემკვიდრეები: ბებია და პაპა
  • მეოთხე რიგის მემკვიდრეები: ბიძები, დეიდები, მამიდები.
  • მეხუთე რიგის მემკვიდრეები: დეიდაშვილები, ბიძაშვილები, მამიდაშვილები.

დაიმახსოვრეთ, რომ წინა რიგის, თუნდაც ერთი მემკვიდრის არსებობა, გამორიცხავს შემდეგი რიგის მემკვიდრეობას. ხოლო ერთი რიგის მემკვიდრეებს შორის ქონება თანაბრად ნაწილდება.

წყარო