დედის დღესთან დაკავშირებით ჟურნალისტი და მთარგმნელი თეა გვასალია საყურადღებო პოსტს აქვეყნებს:
"ბავშვობაში ღმერთს იმიტომ არ ვეძებთ, თხოვნებით არ ვაწუხებთ და საშველად არ ვუხმობთ, რომ ამ ყველაფრისთვის დედა გვყავს.
მერე ერთ ღმერთს, მეორის გადარჩენას რომ ეხვეწები და არ გისმენს, ორივეს ერთად კარგავ.
წლების შემდეგ, წყენის, ტკივილის და უიმედობის განცდა უკვალოდ რომ არ გაქრება, მაგრამ ზღვაზე მოვარდილი შტორმივით ჩაცხრება, ემოციების ფსკერზე ისევ ფერების მიხედვით დალაგდება სლიკინა კენჭები, ნიჟარები და აქა-იქ მოწითალო ლიფსიტებიც მოიქნევენ კუდს, ისევ ეკლესიაში შედიხარ და ჯვარცმასთან ანთებული სანთლის ზეცისკენ აკლაკნილ კვამლს ატან მონატრებას, სათქმელს და საყვედურს.
და სადაც არ უნდა გადაიხვეწო, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა ჩაუშვა ღუზა და რა ენასაც არ უნდა დაეუფლო ადგილობრივებზე სრულყოფილად, გასაჭირში მაინც „ვაი დედა“ აღმოგხდება და სულ ბოლოს, როგორც ამბობენ, საკუთარი ცხოვრება კინოფირივით რომ გაგირბენს თვალწინ, ყველაზე მზიანი, ლამაზი და თბილი ის კადრი იქნება, შენ - პატარა და გულაფართხალებული, საბავშვო ბაღის კართან რომ ელოდები და ის, სამსახურიდან მომავალი, ახალგაზრდა და მომღიმარი, ხელს რომ ჩაგკიდებს და ერთად რომ გაუყვებით სახლისკენ მიმავალ გზას.
მაშინ, ბედნიერს, ეჭვადაც არ გაქვს, რომ კალენდარში შეიძლება ცალკე გამოყოფილი „დედის დღე“ არსებობდეს, რადგან დღე, დედის გარეშე, ისედაც ვერ წარმოგიდგენია".