ძალიან ხშირად, სკოლის მოსწავლეებს მშობლებიც და მასწავლებიც „ჰუმანიტარებად“ ან „ტექნიკურებად“ ყოფენ იმის მიხედვით, თუ სასკოლო საგნების რომელი მიმართულება უკეთ გამოსდის ბავშვს. ხშირად მოისმენთ სურვილს, რომ ბავშვმა ძირითადი ენერგია სწორედ სასურველ მიმართულებას მოახმაროს და სხვა საგნებზე დრო აღარ დაკარგოს.
„მათემატიკა არ მჭირდება“, „ისტორია არ დამჭირდება“ – ეს ფრაზები ყველა მშობლისა და მასწავლებლისთვის ნაცნობია, თუმცა განათლების სპეციალისტები ასეთ დაყოფას არასწორად მიიჩნევენ, რადგან თანამედროვე სამყაროში საჭირო სპეციალობების უმეტესობა ამ ორი მიმართულების „გადაკვეთას“ მოითხოვს.
ექსპერტების აზრით, მათემატიკა აზროვნების ყველაზე უნივერსალური კანონებია, რომლებიც რიცხვითი მნიშვნელობებით გამოიხატება. თუ ადამიანმა არ იცის მათემატიკა და არ ცდილობს მის გაგებას, ის საკუთარ თავში ისეთი უნარების განვითარებას თრგუნავს, როგორიც ლოგიკა და დედუქციაა.
შეუძლებელია სერიოზულ წარმატებებს მიაღწიო ჰუმანიტარულ მეცნიერებებში მათემატიკასთან დაკავშირებული დისციპლინის გამოყენების გარეშე. მაგალითად, ნებისმიერი კვლევა სტატისტიკის ელემენტების გამოყენებით ტარდება.
სოციალურ მეცნიერებებში მათემატიკა რიცხვებით გამოხატულ სხვადასხვა მონაცემებს შორის კავშირებისა თუ კორელაციების გაგებაში გვეხმარება. მაგალითად, რთული იქნება სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება კონკრეტულ რეგიონში იმის გაგების გარეშე, თუ რა დამოკიდებულება არსებობს სხვადასხვა ინდიკატორებს შორის. ასევე შეიძლება გასაკვირი იყოს, რომ მათემატიკა იურისტებისთვისაც გამოყენებითი მეცნიერებაა, მიუხედავად იმისა, რომ ჰუმანიტარულ სპეციალობად ითვლება.
ჰუმანიტარული ცოდნა კი მიბმულია ადამიანის, საზოგადოებისა და ფსიქოლოგიის იდეასთან. „ტექნიკოსი“, თავის მხრივ, ჰუმანიტარულადაც უნდა განვითარდეს, რადგან ეს აბსტრაქტული აზროვნების ჩამოყალიბებაში დაეხმარება, რაც შემოქმედებითობის განვითარების საფუძველია. ამ უკანასკნელის გარეშე კი განსხვავებული მიდგომების აღმოჩენა შეუძლებელია.
ტექნიკური და ჰუმანიტარული სფეროების კომბინაციის მაგალითად შეგვიძლია მარკეტერის პროფესია დავასახელოთ, რომელიც მათემატიკური და ეკონომიკური მოდელების აგებას და ტექნიკურ უნარებს მოითხოვს, თუმცა შემოქმედებითი გაქანების გარეშე მარკეტინგში მუშაობა შეუძლებელია, დიზაინერის პროფესიაზეც იგივე ითქმის - ერთის მხრივ, ეს შემოქმედებითი პროფესიაა, მაგრამ ამასთანავე მოითხოვს როგორც ფსიქოლოგიის ცოდნას, ხალხის აზროვნების გაგებას, ესთეტიკის გრძნობას, ასევე ტექნიკურ გადაწყვეტილებებს, გამოთვლებს და გეომეტრიულ ცოდნას.