პური, ხახვი, ვაშლი... - ყოველდღიური მოხმარების პროდუქტები, რომლებიც მუცლის შებერილობას იწვევენ  - რით შეიძლება ჩაანაცვლოთ ისინი - მშობლები

პური, ხახვი, ვაშლი... - ყოველდღიური მოხმარების პროდუქტები, რომლებიც მუცლის შებერილობას იწვევენ  - რით შეიძლება ჩაანაცვლოთ ისინი

2024-03-04 11:08:05+04:00

ექიმი გიორგი ღოღობერიძე გადაცემაში "შენი დილა" საუბრობს, რომელი პროდუქტები იწვევს მუცლის შებერილობას და როგორ შეიძლება, ამ პრობლემას ვებრძოლოთ:

- საქართველოში მუცლის შებერილობა ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს, ნაწლავებში აირები უგროვდებათ, მუცელი სტკივათ და დისკომფორტს განიცდიან. გეტყვით, როგორ უნდა ჩააბაროთ შებერილობა წარსულს.

ზოგადად, ადამიანები ხშირად გამოსავალს მედიკამენტებში ეძებენ. თუ ნაწლავებისა და სხვა ორგანოების მხრივ დარღვევა არ აქვთ და საუბარი ფუნქციურ შებერილობაზეა, მაინც, პირველ რიგში, გამოსავალს წამალში პოულობენ. როგორც წესი, ორი ჯგუფის მედიკამენტი ინიშნება. ერთი სიმეტიკონის ჯგუფს მიეკუთვნება. ისინი აირის ბუშტუკების ზომას ამცირებენ და შესაბამისად, შებერილობასა და იმ დისკომფორტსა ხსნიან, რაც ამ ყველაფერს ახლავს. მსგავსი პრეპარატები სხვადასხვა სახელწოდებითა და დოზით იყიდება. შებერილობის მყისიერი მოგვარება ასე ხდება ხოლმე. ეს მიზეზზე არ მუშაობს, შედეგზეა ორიენტირებული. ამიტომაცაა, რომ როგორც კი პაციენტი წამლის მიღებას დაასრულებს, ჩივილები ისევ თავიდან ეწყება. სიმოტიკონის მსგავსად მუშაობს ნახშირი და იმავე მოქმედებისაა.

მეორე ჯგუფის მედიკამენტები უფრო დანამატების სახით გამოიცემა ხოლმე. ისინი არიან ფერმენტები, რომლებიც ადამიანებს საკვების მონელებაში ეხმარებიან და ასევე, ამცირებენ აირების წარმოქმნას. ამ შემთხვევაში, მონელება მთავრდება წვრილ ნაწლავში, მსხვილში აღარ გადადის და სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც უკეთესობა აქვთ. თუმცა, აქაც იგივე პრობლემაა. როგორც კი პაციენტი ამ მედიკამენტების მიღებას შეწყვეტს, ისევ თავიდან ეწყება შებერილობა.

შებერილობის წინააღმდეგ ბრძოლა გარკვეულ წესებსა და ჩვევებს მოითხოვს, რომლებიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. სხვა შემთხვევაში, ის არსად გაქრება. მე ყოველთვის მომხრე ვარ, რომ მსგავსი პრობლემები, თუ ამის საჭიროება არ არის, მედიკამენტების გარეშე მოგვარდეს.

საკვები, რომელთა მიღებაც სასურველი არ არის:

  • მაგალითად, ხახვი. შესაძლოა, პირდაპირ ხახვს არ ჭამდეთ, მაგრამ მას საჭმელში აჭრიდეთ. ხახვი სწორედ რომ შებერილობის მიზეზი ხდება.
  • ასევეა ნიორიც. ზოგადად, ხახვი და ნიორი ტიპურად შებერილობას იწვევენ.
  • ბევრმა იცის, რომ შებერილობის ტიპური გამომწვევია ლობიო. ასევე, საზამთრო, ატამი.
  • გარდა ამისა, სოსისი. მის მიღებას შებერილობა უკავშირდება.
  • პური შებერილობის კლასიკური გამომწვევია. მნიშვნელობა არ აქვს, თეთრია, თუ შავი - ის შებერილობას უკავშირდება. ამიტომ, შეეცადეთ, რომ თუკი ეს პრობლემა განსაკუთრებით გაწუხებთ, პურის მიღება შეამციროთ.
  • გარდა ამისა, შებერილობის მიზეზი შეიძლება ვაშლი გახდეს. ასევეა სოკოც. შებერილობას იწვევს იოგურტიც. ასევე, თაფლი, ავოკადო, ნაყინი - თუ ამ პროდუქტებს ყოველდღიურობაში ნაკლებად მიიღებთ, შებერილობის ხარისხი შემცირდება.

რა უნდა მიიღოთ, რომ შებერილობამ ნაკლებად შეგაწუხოთ:

  • ბულგარული და მისგან დამზადებული პროდუქტები. კიტრი და პომიდორი - ისინი შებერილობას არ იწვევენ. ასევეა ფორთოხალიც.
  • ხორცი, თუმცა, სოსისი არა. თევზი, ქათამი - ცილოვანი პროდუქტები შეგიძლიათ, მიირთვათ. ისინი შებერილობას ძალიან ნაკლებად იწვევენ. ასევეა კვერცხიც.
  • რძე, როგორც წესი, შებერილობას იწვევს. მაგრამ, მაინცდამაინც თუ მიღება გინდათ, მაშინ ულაქტოზო აირჩიეთ.
  • ბრინჯი - ნაკლებად ასოცირდება შებერილობასთან.
  • კარტოფილს დიდად რეკომენდაციას არ გავუწევდი. შეგიძლიათ, ზომიერების ფარგლებში მოიხმაროთ.
  • ბადრიჯანი - შებერილობას არ იწვევს. ასევეა სტაფილოც.
  • ანანასი შეგიძლიათ, ჩვეულებრივ მიირთვათ. ასევეა მარწყვი, კივი - არც ერთი მათგანი შებერილობას არ იწვევს.
  • კარაქი, შავი შოკოლადი შეგიძლიათ, მიირთვათ.

თუ ლუდი, ბურახი გიყვართ, ასეთი გაზიანი სასმელები შებერილობის პირველი გამომწვევია. როცა გაზიან სასმელებს სვამთ, მზად იყავით იმისთვის, რომ მეორე დღეს შებერილობა შეგაწუხებთ.