2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყო - ყველაფერი, რაც საგამოცდოდ უნდა იცოდეთ - მშობლები

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყო - ყველაფერი, რაც საგამოცდოდ უნდა იცოდეთ

2024-03-04 12:31:37+04:00

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დღეიდან, 4 მარტიდან დაიწყო და 4 აპრილის 18 საათამდე გაგრძელდება. ყოველწლიურად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისათვის განახლებულ ცნობარს აქვეყნებს, სადაც მომავალი სტუდენტებისათვის დეტალურადაა ახსნილი, რა უნდა გაითვალისწინონ.

2024 წელსაც საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში მითითების/ცვლილების შეტანის ვადა, ანუ განაცხადში პროგრამების დამატება, ამოშლა ან ადგილის შეცვლა შესაძლებელი იქნება აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათის ჩათვლით.

2024 წელს აბიტურიენტები ისევ სამი საგნის შედეგის მიხედვით ჩაირიცხებიან.

რაც შეეხება ჯანდაცვის (დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, საექთნო საქმის, სამეანო საქმის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის, ოკუპაციური თერაპიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი 5 ჯანდაცვის) საგანმანათლებლო პროგრამას, ჩარიცხვისათვის აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს შემდეგი საგნები:

  • ქართული ენა და ლიტერატურა;
  • უცხოური ენა;
  • ბიოლოგია;
  • მათემატიკა, ქიმია ან ფიზიკა (აბიტურიენტი ირჩევს მინიმუმ ერთს)

სახელოვნებო-შემოქმედებით/სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხად აბიტურიენტისათვის სავალდებულოა როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი კონკურსის გავლა, ასევე შემდეგი საგნების ჩაბარება: ბაკალავრიატზე - ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხოური ენის. თუმცა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებლობა აქვს დააწესოს დამატებითი გამოცდა. აბიტურიენტი ვალდებულია, პროგრამაზე ჩასარიცხად ჩააბაროს აღნიშნული გამოცდაც.

რა უნდა გაითვალისწინოთ რეგისტრაციისთვის?

აბიტურიენტები რეგისტრაციას მხოლოდ ონლაინ რეჟიმში (ინტერნეტით) გადიან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის რეგისტრაციის ვებგვერდზე (online.naec.ge) 4 მარტის 10:00 საათიდან 4 აპრილის 18:00 საათამდე.

ამ პერიოდში აბიტურიენტებმა უნდა შეავსონ პირადი მონაცემები, აირჩიონ საგამოცდო ცენტრის ადგილმდებარეობა (მხოლოდ ქალაქი) და ჩასაბარებელი საგნები.

გაითვალისწინეთ, რომ თქვენ უნდა აირჩიოთ ის საგნები, რომლებიც ბარდება თქვენთვის სასურველ პროგრამებზე, სხვა შემთხვევაში საგნის შედეგს ვერ გამოიყენებთ. იმ საგნის ჩაბარებით, რომელიც არ არის დადგენილი საგანმანათლებლო პროგრამაზე, არ განიხილება არც აბიტურიენტის ჩარიცხვის და არც დაფინანსების საკითხი.

ის თუ, რომელ მიმართულებაზე რა არჩევითი საგნების ჩაბარებაა შესაძლებელი, შეგიძლიათ, ნახოთ ბმულზე.

რეგისტრაციის ძირითადი ეტაპის ვადის ამოწურვის შემდეგ აბიტურიენტები ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის გავლას ვეღარ შეძლებენ.

  • 2024 წლის 4 აპრილის 18:00 საათის შემდეგ აბიტურიენტს არ აქვს უფლება შეცვალოს სარეგისტრაციო განცხადებაში საგამოცდო ცენტრის ადგილმდებარეობა (ქალაქი).
  • აბიტურიენტს რეგისტრაციის მეორე ეტაპზე 15 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლება ჩასაბარებელი საგნის შეცვლა (წაშლა, დამატება), გამოცდის ენის შეცვლა ან კონკურსის (შემოქმედებითი ტურის) არჩევა.
  • 15 აპრილის 18:00 საათის შემდეგ ჩასაბარებელ საგანთა ჩამონათვალში აბიტურიენტი ცვლილებას ვეღარ შეიტანს.
  • რაც შეეხება საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება აბიტურიენტებს ექნებათ ერთიანი ეროვნული გამოცდების ნაშრომების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის თაობაზე ყველა საგნობრივი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათის ჩათვლით. კონკრეტული თარიღი გამოქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე.

რეგისტრაციის წარმატებით დასრულების შემთხვევაში აბიტურიენტის სარეგისტრაციო გვერდზე გამოჩნდება მის მიერ შევსებული მონაცემები (საგანთა ჩამონათვალი, საგამოცდო ცენტრის ადგილმდებარეობა (ქალაქი) და არჩეული საგანმანათლებლო პროგრამები), რომელთა დამახსოვრებაც აუცილებელია. თუ თქვენ არ გამოიყენებთ შენახვის ღილაკს, სისტემა ვერ დაიმახსოვრებს ინფორმაციას!

რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქციის ნახვა შესაძლებელია ვებგვერდსა www.naec.ge და სარეგისტრაციო გვერდზე online.naec.ge.

ერთიან ეროვნულ გამოცდაში მონაწილეობის საფასურის გადახდის დანიშნულებაში საქართველოს მოქალაქე უთითებს აბიტურიენტის გვარს, სახელსა და პირად ნომერს. უცხო ქვეყნის მოქალაქე, ასევე ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი, რომელსაც სურს რეგისტრაციის გავლა, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე, უთითებს გვარს, სახელს, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის/პასპორტის სერიასა და ნომერს (პასპორტის სერიის ყველა სიმბოლო, იქნება ეს ციფრები თუ ასოები, ივსება მიყოლებით, სივრცის დატოვების გარეშე).

ერთი საგნის გამოცდის ჩაბარების საფასურია 10 ლარი. მისი გადახდა შეუძლია როგორც აბიტურიენტს, ისე სხვა პირს, რომელიც გადახდისას (დანიშნულებაში) მიუთითებს აბიტურიენტის შესაბამის მონაცემებს.

რა შემთხვევაში დაგიბრუნდებათ უკან გადახდილი თანხა?

ერთიან ეროვნულ გამოცდაში მონაწილეობის საფასური სრულად ბრუნდება განცხადების საფუძველზე, თუ:

✓ პირი ერთიან ეროვნულ გამოცდაზე რეგისტრაციის ვადის განმავლობაში არ დარეგისტრირდა;

✓ აბიტურიენტმა შესაბამისი წლის 4 აპრილის 18:00 საათამდე წერილობით განაცხადა უარი ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობაზე;

✓ აბიტურიენტმა ვერ მოიპოვა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – ატესტატი.

თუ აბიტურიენტმა დადგენილ ვადებში გადაიხადა რეგისტრაციის თანხა, მაგრამ ობიექტური მიზეზების გამო ვერ შეძლო რეგისტრაციის გავლა, მას შეუძლია მომართოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს განცხადებით რეგისტრაციის პირველი ეტაპის დასრულებიდან 15 დღის განმავლობაში. ცენტრი განიხილავს განცხადებას და კანონმდებლობის შესაბამისად მიიღებს გადაწყვეტილებას.

სარეგისტრაციო განაცხადის შევსებისას აბიტურიენტმა უნდა გაითვალისწინოს:

  • აკრედიტებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამა (არააკრედიტებული პროგრამა არ ფინანსდება სახელმწიფო გრანტით);
  • აკრედიტაციის ვადები;
  • გაზრდილია თუ არა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი;
  • მითითებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამაზე სპეციალური მოთხოვნები;
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასაბარებელი გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტი (კოეფიციენტების მინიჭებით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება განსაზღვრავს საგანმანათლებლო პროგრამისათვის მეტად თუ ნაკლებად პრიორიტეტულ საგამოცდო საგნებს, საკონკურსო ქულები სწორედ კოეფიციენტების მიხედვით დაითვლება);
  • საგანთა პრიორიტეტი (საგანთა პრიორიტეტის გათვალისწინება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ორი ან მეტი აბიტურიენტი დააგროვებს ერთნაირ საკონკურსო ქულას საგანმანათლებლო პროგრამისათვის გამოყოფილი ადგილების მიჯნაზე

მაგალითად: კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ოცი ადგილია. ცხადია, სწავლის გაგრძელების უფლება უნდა მოიპოვოს საუკეთესო შედეგის მქონე ოცმა აბიტურიენტმა, მაგრამ მე-20 პოზიციაზე აღმოჩნდა ორი ზუსტად ერთნაირი საკონკურსო ქულის მქონე აბიტურიენტი. ამ შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება მას, ვისაც უფრო მაღალი შეფასება ექნება საგანმანათლებლო პროგრამის მიერ მინიჭებულ პრიორიტეტული საგნის გამოცდაში.

გახსოვდეთ, თქვენ მიერ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა შეზღუდული არ არის! ანუ შეგიძლიათ, აირჩიოთ იმდენი არჩევითი საგანი, რამდენიც მოგინდებათ. ასევე უნდა გაითვალისწინოთ:

  • საგანმანათლებლო პროგრამაზე არსებული ადგილების რაოდენობა;
  • საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის საფასური;
  • საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენა;
  • თუ რომელ ქალაქში მიმდინარეობს სწავლა ამ საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით.

2024 წელს საგამოცდო ცენტრები გაიხსნება: ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, თბილისში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.

როგორ გაიცემა სახელმწიფო სასწავლო გრანტი აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე?

  1. მთავრობის დადგენილების შესაბამისად, 2024 წელსაც გაიცემა 100%-იანი, 70%-იანი და 50%-იანი სასწავლო გრანტები.
  2. სწავლების ერთ საფეხურზე სახელმწიფო სასწავლო გრანტი გაიცემა მხოლოდ ერთხელ - ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუკი საბაკალავრო საფეხურზე ერთხელ უკვე ისარგებლეთ გრანტით, მეორედ, სხვა საბაკალავრო პროგრამაზე რომ მოისურვოთ ჩაბარება, დაფინანსებას ვეღარ მოიპოვებთ. თუნდაც უფასო პროგრამაზე ჩაირიცხოთ, ან კიდევ მაღალი ქულები გქონდეთ, თუკი ერთხელ ისარგებლეთ სახელმწიფო გრანტით, მაინც თანხის გადახდა მოგიწევთ.
  3. ორი ან მეტი არჩევითი საგნის ჩაბარების შემთხვევაში, ერთ-ერთ მათგანში მინიმალური კომპეტენციის ზღვრის ვერ გადალახვის (ჩაჭრის) ან გამოცდაზე არგამოცხადების გამო აბიტურიენტი მაინც შეინარჩუნებს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას.

ვინ ვერ მოიპოვებს სახელმწიფო გრანტს?

გრანტი არ გაიცემა:

  • უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე;
  • ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირზე, რომელიც ერთიან ეროვნულ გამოცდაზე რეგისტრაციას გაივლის, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე, ან ერთიანი ეროვნული გამოცდის ჩატარების წლის 1 აგვისტომდე განაცხადებს, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღება სურს, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს და ცენტრში წარადგენს შესაბამის დამადასტურებელ დოკუმენტებს;
  • იმ პირებზე, რომლებიც არააკრედიტებულ პროგრამებზე მოიპოვებენ სწავლის გაგრძელების უფლებას;
  • იმ პირებზე, რომლებსაც სახელმწიფო სასწავლო გრანტი ერთხელ მიღებული და გამოყენებული აქვთ აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე/ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე

აბიტურიენტი აკადემიურ პროგრამებზე სახელმწიფო სასწავლო გრანტს მოიპოვებს სამი საგნის შედეგის გათვალისწინებით -

  • ქართული ენისა და ლიტერატურის,
  • უცხოური ენის
  • მათემატიკის/ისტორიის/გეოგრაფიის/სამოქალაქო განათლების/ლიტერატურის/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების/ფიზიკის/ქიმიის/ბიოლოგიის

გამოცდებში მიღებული აბსოლუტური ქულის მიხედვით უმაღლესიდან უმდაბლესისკენ, აბსოლუტური ქულით რანჟირების სიის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკადემიური პროგრამისთვის გამოყოფილი გრანტის წლიური მოცულობის ფარგლებში.

იგივე წესი მოქმედებს ჯანდაცვის მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების შემთხვევაში, სადაც 4 საგნის ჩაბარებაა სავალდებულო.

აკადემიურ პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვებისა და აბიტურიენტის აბსოლუტური ქულის გამოთვლის მიზნით ერთიანი ეროვნული გამოცდების თითოეულ საგანს ენიჭება წონა. საგამოცდო საგნის წონა ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხოური ენის საგნებში არის 1, ხოლო ყველა სხვა საგამოცდო საგანში – 1.5.

მაგალითად: თუ აბიტურიენტმა მიიღო ქართულ ენასა და ლიტერატურაში 169,1, უცხოურ ენაში - 164,8 და მათემატიკაში - 164,0 ქულა, მისი აბსოლუტური (საგრანტო) ქულა გამოითვლება შემდეგი წესით: 169,1 + 164,8 + (164,0X1.5) = 579,9. მიღებული ჯამი მრავლდება 10–ზე, ანუ აბსოლუტური საგრანტო ქულა იქნება 579,9X10= 5799,0.

აბიტურიენტის აბსოლუტური (საგრანტო) ქულა გამოითვლება შემდეგი წესის დაცვით:

  1. ა) აბიტურიენტის მიერ თითოეული საგნის საგამოცდო ტესტში მიღებული ქულა, ფსიქომეტრული პარამეტრების მიხედვით, განთავსდება ერთ საერთო სტანდარტულ სკალაზე და მიიღება საგნის სკალირებული ქულა;
  2. ბ) აბიტურიენტის მიერ მიღებული სკალირებული ქულა მრავლდება შესაბამის საგამოცდო საგნის წონაზე და მიიღება კონკრეტული ქულა;
  3. გ) აბიტურიენტის კონკრეტული ქულების შეკრებით მიიღება აბსოლუტური ქულა. აბიტურიენტი, მისი აბსოლუტური ქულის შესაბამისად, სახელმწიფო სასწავლო გრანტს იღებს მის მიერ ჩაბარებული საგამოცდო საგნისთვის გამოყოფილი თანხის ფარგლებში.

საქართველოს მთავრობის მიერ აკადემიური პროგრამისათვის დადგენილი გრანტის წლიური მოცულობა იყოფა 10 ნაწილად შემდეგი საგნებისათვის:

  • მათემატიკა;
  • ბიოლოგია;
  • ქიმია;
  • ფიზიკა;
  • სამოქალაქო განათლება;
  • ისტორია;
  • გეოგრაფია;
  • ლიტერატურა;
  • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
  • ზოგადი უნარები.

მათემატიკის, ბიოლოგიის, ქიმიის, ფიზიკისა და ზოგადი უნარების საგნებისათვის განსაზღვრულია პრიორიტეტული წონა - 1.4, ხოლო დანარჩენი საგნებისათვის პრიორიტეტული წონაა 1. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ზემოთ ჩამოთვლილ არჩევით საგნებს: მათემატიკას, ბიოლოგიას, ქიმიას, ფიზიკას და ზოგად უნარებს გრანტის მიღებისას შედარებით მეტი უპირატესობა აქვთ.

რა შემთხვევაში მოიპოვებს აბიტურიენტი უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების უფლებას?

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აბიტურიენტმა კომპეტენციის მინიმალური ზღვარი უნდა გადალახოს კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულ ყველა საგანში.

მიღებული ქულების გათანაბრების შემდეგ ზღვრის გადალახვის შანსს ინარჩუნებენ ის აბიტურიენტებიც, რომლებმაც შეასრულეს ტესტის შედარებით რთული ვარიანტი. ზღვარი გადალახული აქვს თუ არა აბიტურიენტს ამა თუ იმ ქულით, დადგინდება ქულათა გათანაბრების შემდეგ საბოლოო შედეგებთან ერთად. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუკი პირველადი მონაცემებით რომელიმე საგანში ზღვარი ვერ გადალახეთ, გაქვთ შანსი, რომ ქულათა გათანაბრების დროს, გარკვეული რაოდენობა მოგემატოთ და ამ შემთხვევაში გადალახოთ ბარიერი. ასეთ დროს კონკურსში მონაწილეობას ჩვეულებრივ გააგრძელებთ.

როგორ გამოიანგარიშება საკონკურსო ქულა თითოეულ აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე?

საკონკურსო ქულა არის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებულ კონკრეტულ ქულათა ჯამი. გამოანგარიშება ხდება შემდეგნაირად:

მაგალითად: აბიტურიენტმა მიიღო ქართულ ენასა და ლიტერატურაში 151,6; უცხოურ ენაში - 145,6; მათემატიკაში - 154,0. ამ გამოცდების კოეფიციენტები ერთ-ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საგანმანათლებლო პროგრამისათვის შესაბამისად არის 4; 3; 5. ჯამური საკონკურსო ქულა იქნება 151,6X4 + 145,6X3 + 154,0X5 = 606,4 + 436,8 + 770,0 = 1813,2. სხვა საგანმანათლებლო პროგრამისათვის, თუ მას განსხვავებული კოეფიციენტები აქვს მინიჭებული ამ გამოცდებისათვის, ანალოგიური წესით გამოთვლილი ჯამური საკონკურსო ქულა განსხვავებული იქნება. კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამისათვის საკონკურსო ქულის გამოთვლისას უნდა გამოიყენოთ მხოლოდ იმ გამოცდების შედეგები და დაწესებულების მიერ საგნებისათვის მინიჭებული კოეფიციენტები, რომლებიც მითითებული აქვს ამ საგანმანათლებლო პროგრამას.

ვრცლად 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ ინფორმაცია, შეგიძლიათ, ნახოთ ბმულზე.

თამარ იაკობაშვილი