ახალგაზრდა ქართველმა მომღერალმა ალექსანდრე ზაზარაშვილმა,მისმა დედამ და დამ გადაცემაში "სიცრუის დეტექტორი" გაიხსენეს, როგორ გადაწყვიტეს 4 ბავშვის შვილად აყვანა:
ალექსანდრე: - პატარაობიდან მონასტერში დავდიოდი. სადაც, კვირობით ვრჩებოდი ხოლმე. ყინწვისის მონასტერში სტიქაროსანი ვიყავი. ერთი ბიჭი ამოიყვანეს, მამაოს ჩააბარეს და სთხოვეს, რომ გაეზარდათ. დაახლოებით, 7 წლის იქნებოდა. ძალიან დავმეგობრდით. ორივე სტიქაროსანი ვიყავით. ახალი წელი მოდიოდა, მინდოდა, მისთვის რაღაც საჩუქარი გამეკეთებინა. ვკითხე, ყველაზე მეტად რა გაუხარდებოდა ახალ წელს. ასეთი პასუხი გამცა: "მინდა ისეთი რამ, რაც ვერასოდეს ვერ მექნებაო". ვკითხე, რა იყო ასეთი და მითხრა, ოჯახი მინდა, მყავდესო. ეს რომ მითხრა, გულში რაღაც ჩამეხსნა. ამ ყველაფრის შემდეგ, დამეწყო ფიქრები, რომ მინდოდა, მას დავხმარებოდი, ჩვენთან წაგვეყვანა, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. ის უკვე მამაოსთან იზრდებოდა, გარემოს მიჩვეული იყო და ჩვენთან რომ წაგვეყვანა, დახმარების ნაცვლად, შეიძლება, სხვა რამ გამოსულიყო... ამიტომ, მისი წაყვანა ვერ შევძელით. მინდოდა, ვინმეს დავხმარებოდი და ჩემს მშობლებს ამაზე დაველაპარაკე. თავიდან გაუკვირდათ, ბავშვის აყვანა ასეთი ადვილი თემა არ არის, თან ფინანსურადაც ისე არ ვიყავით გამართული, რომ ეს ნაბიჯი გადაგვედგა.
ალექსანდრეს დედა: -ალექსანდრემ მთხოვა, რომ რომელიმე ბავშვს დავხმარებოდით. ერთი ბავშვის აყვანაზე დავთანხმდი. მაგრამ, ოთხი ბავშვი იყო ასეთ სიტუაციაში და ალექსანდრემ მითხრა, ამ ოთხ ბავშვს უნდა დავეხმაროთო. დედმამიშვილები იყვნენ... იმ წუთში უარი ვუთხარი.
ალექსანდრე: - ერთად ცხოვრობდნენ, მათი დედა ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო და მშობლებს შვილების აღზრდა არ შეეძლოთ. როდესაც 4 ბავშვზე დაგვირეკეს, მშობლებმა უარი მითხრეს. მაგრამ, მე და ჩემმა დამ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ გადაგვერწმუნებინა.
ალექსანდრეს დედა: -ალექსანდრემ სოციალურ სამსახურში განცხადება შეგვატანინა. თავიდან მართლა შოკში ვიყავი. ძალიან რთული იყო. ძალიან ბევრი მეხვეწა და მთხოვა. მითხრა, ჯერ მივიდეთ, ისე მოვინახულოთო... წავედით, რაღაცები ვიყიდეთ და რომ მივედით და ის მძიმე სიტუაცია დავინახე, ასეთ პირობებს ვერანაირად ვერ წარმოვიდგენდი. ალექსანდრეს ვუთხარი, დღესვე წავიყვანოთ-თქო. ალექსანდრემ სიხარულისგან ტირილი დაიწყო.
ალექსანდრეს და: -ამ ბავშვების გაზრდაში მეც დიდი როლი მაქვს. როდესაც ვნახეთ ის პირობები, სადაც ბავშვები ცხოვრობდნენ, იმ დღიდანვე გვინდოდა, რომ ჩვენთან წამოგვეყვანა. კანონით შეუძლებელი იყო, რომ იმ დღესვე ჩვენთან გადმოსულიყვნენ. შემდეგ უკვე, როდესაც სოციალურ სამსახურს მივმართეთ, საბუთებიც შევადგინეთ, ერთ კვირაში ბავშვები ჩვენთან საცხოვრებლად გადმოვიდნენ. თავიდან ჩემთვისაც და ალექსანდრესთვისაც, ძალიან დიდი სურვილის მიუხედავად, ცოტა რთული იყო. ორნი ვიყავით და ექვსნი გავხდით და დღემდე ერთად ვცხოვრობთ.
ალექსანდრეს დედა: - ბავშვების წამოსაყვანად მე და ალექსანდრე მანქანით წავედით. მათი დედა მაშინ ცოცხალი იყო. ქუჩაში უნდა შევხვედროდით. ალექსანდრეს ვუთხარი, რომ დედისგან ბავშვებს მე ვერ წამოვიყვანდი და ვთხოვე, რომ მას მოეყვანა და მანქანაში ჩაესვა... რომ გავიხედე, ძალიან წვიმდა, დედას სულ პატარა, 1 წლის იყო, ხელში ეჭირა, 3 ირგვლივ ჰყავდა შემოხვეული. ძალიან ცუდად გავხდი. ვიცოდი, რომ მას ვეხმარებოდით, მაგრამ უცებ წარმოვიდგინე, რომ ანალოგიურად, ალექსანდრეც ვიღაცას წაეყვანა... ძალიან ცუდად გავხდი... ბავშვების დედას უნდოდა, რომ წამოგვეყვანა. ცუდად იყო, დღეები ჰქონდა დარჩენილი... მძიმე დიაგნოზს ებრძოდა. ალექსანდრე მივიდა, დედას პატარა გამოართვა, დანარჩენები თავად მოჰყვებოდნენ.