ექიმები ხშირად საუბრობენ, რომ უკვე ახალგაზრდა ასაკში პაციენტებს კორონარული არტერიების დაზიანება აღენიშნებათ და საკმაოდ რთულად მიმდინარე ინფარქტი ემართებათ. ეს კი, როგორც წესი, მოულოდნელად ხდება. კარდიოქირურგი, მიხეილ მეტრეველი გადაცემაში "იმუნიტეტი" საუბრობს, რა შემთხვევაში უნდა იყვნენ ახალგაზრდები ყურადღებით და როგორ უნდა აიცილონ კატასტროფა თავიდან:
- ქალები, ვიდრე ჰორმონალური დისბალანსი არ დადგება ორგანიზმში, 99%-ით არიან დაცულები. რაც შეეხება მამაკაცებს, ისინი გულის იშემიური დაავადებების მიმართ უფრო მაღალი რისკის ჯგუფში არიან. თუმცა, აქვე მინდა ერთი რამ აღვნიშნო - გულის იშემიური დაავადებებისაგან ასაკი არც გვიცავს და არც განაპირობებს. ჩემს პრაქტიკაში და არა მხოლოდ ჩემს გამოცდილებაში, მსოფლიოს წამყვან კლინიკებს ჰქონიათ გამოცდილება, როცა 27, 30 წლის, ახალგაზრდა ასაკში გულის მიოკარდიუმის ინფარქტით მიუყვანიათ პაციენტი. ახალგაზრდა ასაკში ეს ვერაგი დაავადება გაცილებით უფრო რთულ, დიდ პრობლემას გვიტოვებს, უფრო რთულად მიმდინარე პროცესი გააჩნია, ვიდრე ხანდაზმულ, 80 წელს გადაცილებულ ასაკში. ჯანმრთელ ნიადაგზე მწვავედ განვითარებული სისხლძარღვის ოკლუზია, დაკეტვა, საკმაოდ დიდ პრობლემას განაპირობებს. გულის იშემიური დაავადებას ბევრი სხვადასხვა საწინდარი აქვს. პირველი გენეტიკა და ქრონიკული დაავადებებია, როგორებიცაა, მაგალითად, დიაბეტი, რთული ფორმები, მაღალი შაქარი, სხვადასხვა ტიპის ვასკულიტი, ანთებითი პროცესი, რომელიც გულის მკვებავ არტერიებს აზიანებს. არასწორი ცხოვრების წესი - დღეს ძალიან მომრავლდა ისეთი ახალგაზრდები, რომელიც ფასტფუდით იკვებებიან, აწუხებთ ჭარბი წონა და ნაკლებს მოძრაობენ. წყალს ნაკლებად სვამენ. დაშაქრულ გაზიან სასმელებს იყენებენ. არასწორი კვება და ჭარბი რაოდენობით თამბაქოს მოწევა განსაკუთრებით საზიანოა. ახალგაზრდა ასაკში, 90%-ში მიოკარდიუმის ინფარქტი ნარკოდამოკიდებულებასთანაა ასოცირებული. კლასიკურად, ინფარქტს წინ გულმკერდის ძვლის უკან ძლიერი, მოჭერითი ხასიათის ტკივილი უძღვის. ასევე, ტკივილი მარცხენა ხელზე გადაეცემა. შესაძლოა, თითების დაბუჟება ახლდეს, ბეჭის ტკივილი გამოიხატოს და ასე შემდეგ. მარჯვენა კორონარული არტერიის დაკეტვის ნიადაგზე, ხშირ შემთხვევაში, პაციენტებს გულძმარვა ეწყებათ და ტკივილი უფრო დიაფრაგმის მხარეს ლოკალიზდება. ატიპიურ სიმპტომტიკაში შეიძლება იყოს იგივე თითების დაბუჟება, მშრალი ხველა, ყბაში მოჭერა. ასევე, მარჯვენა ფერდის ქვეშ ტკივილი. კბილის ტკივილი არის უიშვიათესი სიმპტომი.
ნინო ნადირაძე: - პრაქტიკაში გვქონია შემთხვევა, როდესაც პაციენტს მხოლოდ კბილი სტკიოდა. ორი კორონარული არტერიის ძალიან მძიმე დაზიანება იყო, სტენტირებითაც ვერ გამოვედით, საოპერაციო შემთხვევა იყო. მხოლოდ კბილის ტკივილი აღენიშნებოდა. ექიმების სახელით, მინდა, პაციენტებს მივმართო: გეგმიურად უბნის ექიმთან მისვლაზე მარტივი არაფერია. ბანალური კარდიოგრამის გადაღება, სისხლის საერთო ანალიზისა და ქოლესტერინის შემოწმება - ეს ყველაფერი დაგვიცავს და ამ პროცესს გადაავადებს.