2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 4 მარტიდან დაიწყო და 4 აპრილის 18 საათამდე გაგრძელდება. აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის სასურველი პროგრამები, ჩასაბარებელ საგანთა სია და გამოცდების ჩაბარების ადგილი მონიშნონ. აღსანიშნავია, რომ 2024 წელსაც საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში მითითების/ცვლილების შეტანის ვადა, ანუ განაცხადში პროგრამების დამატება, ამოშლა ან ადგილის შეცვლა შესაძლებელი იქნება აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათის ჩათვლით.
აბიტურიენტთა სხვადასხვა ჯგუფში არაერთმა მოსწავლემ იკითხა, რამდენად აქვს მე-11 კლასის მოსწავლეს უფლება, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გავიდეს და საკუთარი შესაძლებლობები შეამოწმოს.
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განგვიცხადეს, მათ რეგისტრაციისა და გამოცდაზე გასვლის უფლება აქვთ, თუმცა ატესტატის გარეშე უნივერსიტეტში ვერ ჩაირიცხებიან და ვერც საგრანტო კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას.
"ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირდება ის პირი, ვისაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელება სურს. უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად აუცილებელი პირობაა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ქონა. აქვე დავამატებთ, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისას ცენტრი არ ამოწმებს, თუ რომელ კლასშია რეგისტრაციის მსურველი. თუმცა, ცენტრი იტოვებს უფლებას, გამოცდაზე არ დაუშვას პირი, რომელსაც არ აქვს ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი." - გვითხრეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეს გამოცდაზე რეგისტრაცია შეუძლია, თუმცა თუ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ატესტატის წარდგენას მოითხოვს და არ ექნება, ცენტრს უფლება აქვს, ის გამოცდაზე არ დაუშვას. გამოცდაზე გასვლის შემთხვევაში, მოსწავლე საკუთარ შედეგს ისევე ნახავს, როგორც აბიტურიენტი, რომელსაც უნივერსიტეტში მოხვედრა სურს.
თამარ იაკობაშვილი