ცოტა ხნის წინ ცნობილი მსახიობის უამრავი გულშემატკივარი დარდობდა რობერტ დე ნიროზე, რომელიც 79 წლის ასაკში გახდა მამა და ახლა, უკვე 80 წლისა, ღელავს, რომ ვერ მოესწრება შვილის გაზრდას. რობერტ დე ნირო მარტო არ არის თავის სევდებშიც და რეკორდებშიც. დიახ, ერთგვარი რეკორდებია ჰოლივუდში, ვინ უფრო გვიან ასაკში გახდა მამა. მოდით, გადავავლოთ თვალი.
როგორც ცნობილია, ჰოლივუდის ვარსკვლავი რობერტ დე ნირო 79 წლის ასაკში კიდევ ერთხელ გახდა მამა - ამჯერად, მეშვიდე შვილის, რომელიც 35 წლით უმცროსმა ქალბატონმა გაუჩინა. დე ნირო ახლა 80 წლისაა, მისი ქალიშვილი ჯია კი - 9 თვის.
დე ნიროს მეგობარი ქალი, რომელმაც მას ქალიშვილი გაუჩინა, 45 წლის ტიფანი ჩენია, მსახიობი და აღმოსავლური ორთაბრძოლების მწვრთნელი.
მსახიობი ერთ-ერთ ბოლოდროინდელ ინტერვიუში მამობაზე საუბრობდა, თუ როგორი საოცარი გრძნობაა ეს და რა სასიამოვნო ემოციებს იწვევს. მას ბიოლოგიური, ნაშვილები და ასევე სუროგატი დედის გაჩენილი შვილები ჰყავს, თუმცა ყველა ერთნაირად უყვარს.
ინტერვიუს ბოლოსკენ მსახიობმა ცრემლები ვერ შეიკავა, როცა საქმე მიდგა ჯიაზე, მის გაზრდაზე... როცა ჯია 20 წლის გახდება, დე ნირო 100 წლის იქნება... ის ღელავს, რომ ვერ ნახავს ჯიას გაზრდას. "ყველაფერი, რაც მაღელვებს და მანერვიულებს, როცა ჯიას ვხედავ. ეს საოცარია. მაგრამ როცა ის გაიზრდება... ვინ იცის... მაგრამ აი ახლა, ის ისე მიყურებს, ისე ფიქრობს და აკვირდება ყველაფერს, ძალიან საყვარელია..."
დე ნიროს პირველ ქორწინებაში, მსახიობ და მომღერალ დაიენ ებოტთან, ერთი გოგონა ჰყავდა აყვანილი შვილად და ძალიან უყვარდა. სწორედ მისი ვაჟი, დე ნიროს შვილიშვილი გარდაიცვალა ცოტა ხნის წინ.შემდეგ წყვილს საერთო შვილი გაუჩნდა - რაფაელი. მოდელ ტუკი სმიტთან ურთიერთობისას წყვილმა სუროგატ დედას სთხოვა დახმარება და ტყუპი გაიჩნდათ. 1997 წელს მეორედ იქორწინა ოფიცილურად - სტიუარდესა გრეის ჰაიტაუერზე და 1998 წელს ეყოლათ ვაჟი ელიოტი, რომელსაც აუტისტური სპექტრის აშლილობა აქვს. 2011 წელს შეეძინათ ქალიშვილი ჰელენი. 2023 წელს გასაჯაროვდა მისი ურთიერთობა ტიფანისთან, რომელთანაც ვარსკვლავს მეშვიდე შვილი შეეძინა.
ცნობილი დიზაინერი კიდევ ერთი რეკორდსმენია, რადგან ის 82 წლის ასაკში გახდა კიდევ ერთხელ მამა. რობერტო კავალის მისმა 38 წლის მოდელმა მიჯნურმა სანდრა ნილსენმა გაუჩინა ვაჟი . კავალისთვის ეს მეექვსე შვილია.
წყვილი ერთმანეთს 2014 წლიდან ხვდება და რომანის გაჩაღებიდან რამდენიმე თვეში კავალიმ ნილსონს კუნძული აჩუქა. 2015 წელს გადაწყვიტა იტალიელმა დიზაინერმა, საქმეებს ჩამოშორებოდა. გაყიდა თავისი ბრენდი Clessidra და ბედნიერ სიბერეს ატარებს დაგროვილი ქონებით თუ აქციებიდან შემოსული ფულით.
"ბიჭუნას ჯორჯიო დავარქვით, როგორც მამაჩემს ერქვა. მამა ნაცისტებმა დახვრიტეს, როცა მე 4 წლის ვიყავი", - უამბო კავალიმ ჟურნალისტებს.
კავალის პირველი ცოლი სილვანელა ჯანონი იყო. წყვილს ორი შვილი შეეძინა, თუმცა 10 წელიწადში მაინც დაშორდნენ ერთმანეთს. შემდეგ რობერტო მოდელ ევა დიურინგერს შეხვდა, რომელიც "მის სამყარო 1997"-ის ფინალში მონაწილეობდა. კავალი მაშინ ჟიურიში იყო და ყველაფერს ეცადა, გოგონას გაემარჯვა. თუმცა ევას ასეთი გავლენიანი ადამიანის პროტექციამაც ვერ უშველა და მეორე ადგილზე გავიდა. რამდენიმე თვეში გოგონამ "მის ევროპა" მოიგო, მაგრამ ამ დროს უკვე კავალის ხვდებოდა და დიზაინერმა სთხოვა, ტიტულზე უარი თქვა. ევა დათანხმდა და იმის ნაცვლად, რომ სილამაზის დედოფლის მოვალეობები შეესრულებინა, ოჯახურ ცხოვრებაში ჩაერთო. 1990 წელს წყვილი დაქორწინდა და ერთად სამი შვილი შეეძინათ. 2014 წელს გახდა ცნობილი, რომ კავალი მეორე ცოლსაც გაშორდა. სწორედ მაშინ დააფიქსირეს პაპარაცებმა დიზაინერი ახალ მიჯნურთან, რომელიც მასზე 42 წლით არის უმცროსი. მას მერე, უკვე თითქმის ათი წელია, წყვილი ერთად არის და უკვე საერთო შვილიც შეეძინათ.
მთავარი რეკორდსმენი კი ჰოლივუდის ვარსკვლავი ალ პაჩინოა, რომელსაც შარშან, 83 წლის ასაკში, მეოთხე შვილი შეეძინა. მან ჰოლივუდის მსახიობების რეკორდი მოხსნა.
ბავშვის დედა 29 წლის ქუვეითელი ნურ ალფალაჰია. არც ის იყო ალ პაჩინოს ოფიციალური ცოლი, როგორც სხვა ქალბატონები, რომელთაც მსახიობს შვილები გაუჩინეს და საერთოდაც, ალს ოფიციალურად არასოდეს უქორწინია. თუმცა ეს საკითხი, როგორც ჩანს, ქალებს არ აღელვებთ. ნური მაშინ ბევრმა გააკრიტიკა, რომ ის ფულისა და ქონების მადევარია. თუმცა აღმოჩნდა, რომ თავადაც საკმაოდ მდიდარია და გარდა ამისა, ამ ასაკში რამდენიმე ცნობილ ადამიანთან რომანის გაჩაღებაც მოასწრო. მის გახმაურებულ რომანებს შორის ცნობილია მისი ურთიერტობები მაიკლ ჯეკსონის ვაჟ პრინცთან, ასევე - მიკ ჯაგერთან, რომელიც მაშინ 74 წლის იყო, შემდეგ იყო ნორვეგიელი მილიარდერი ნიკოლას ბერგრიუენი, რომელიც მაშინ 61 წლის გალხდათ და 2019 წელს 89 წლის კლინტ ისტვუდთან მის რომანზეც საუბრობდნენ. ამბობენ, რომ ნურს უყვარს მდიდრული ცხოვრება, გართობა, დასვენება და მეგობრებიც ძირითადად მილიარდერები ჰყავს ან ჰოლივუდის ვარსკვლავები. კოლეჯში კინემატოგრაფს სწავლობდა და საერთოდაც, კინემატოგრაფიული ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი აქვს, შემდეგ კი კინო და ტელეპროდიუსერობის მაგისტრი გახდა, ასე რომ, კინოს წარმომადგენლებთანაც არ მოხვდა შემთხვევით. რამდენიმე ფილმის პროდიუსერობაც მოასწრო.
სულ ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ალ პაჩინოს დაშორდა და ყოფილ საყვარელს, 62 წლის მილიარდერ ნიკოლას ბერგრიუნს დაუბრუნდა - სწორედ მასთან ერთად ნახეს ბოლოს რამდენჯერმე.