"შვილიშვილები ოფიციალურ მემკვიდრეებად არ ითვლებიან..." - შეიძლება თუ არა ქონება ბავშვზე გადაფორმდეს და ვის აქვს ამ ქონების გაყიდვის უფლება - მშობლები

"შვილიშვილები ოფიციალურ მემკვიდრეებად არ ითვლებიან..." - შეიძლება თუ არა ქონება ბავშვზე გადაფორმდეს და ვის აქვს ამ ქონების გაყიდვის უფლება

2024-03-15 13:07:02+04:00

სოციალურ ქსელებში ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული თემები ყოველთვის დიდ გამოხმაურებას იწვევს და ადამიანებს არაერთი შეკითხვა უჩნდებათ. ადვოკატი ვახტანგ მაჭავარიანი საკუთარ გვერდზე პერიოდულად სხვადასხვა საინტერესო შემთხვევის შესახებ საინფორმაციო ვიდეოებს აქვეყნებს. თუმცა, ჩვენს მკითხველებს ქონებრივ დავებთან დაკავშირებით კიდევ აქვთ დამატებითი შეკითხვები. ვახტანგ მაჭავარიანს სწორედ ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვებით მივმართეთ და ვთხოვეთ, კიდევ ერთხელ განემარტა ის საკითხები, რომლებიც ბევრ ადამიანს აინტერესებს:

- თუ წყვილი არაოფიციალურადაა დაქორწინებული, ანუ ერთად ცხოვრობენ, ჰყავთ შვილები, თუმცა ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებიან, ხელი არ აქვთ მოწერილი, დაშორების შემდეგ, ქონებრივი დავის დაწყება შეიძლება?

- ქორწინება მხოლოდ მაშინ ითვლება ოფიციალურად, როდესაც ის რეგისტრირებულია. თუ წყვილი რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფება, ცოლ-ქმარს შორის ვალდებულებები არ არსებობს და ქონებრივი დავის დაწყება სასამართლოს გზით შეუძლებელია. არც ჯვრისწერა, არც თანაცხოვრება და არც შვილები ქონებრივი დავის დაწყების წინაპირობად არ ითვლება. იმისათვის, რომ ყოფილმა მეუღლეებმა დაშორების შემდეგ თანაცხოვრების დროს შეძენილი ქონება შუაზე გაიყონ, ქორწინების ოფიციალური რეგისტრაცია აუცილებელია.

- ვერც შვილებისთვის მოითხოვს რამეს?

- შვილად აღიარება არ არის დამოკიდებული ქორწინებაზე. თუ წყვილს არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, ალიმენტის მოთხოვნა და ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა შეიძლება.

- თუ სახლი, სადაც წყვილი ცხოვრობს, მეუღლის მშობლების სახელზეა, ცოლ-ქმრის ქონებრივი დავა შეიძლება ამ ბინაზე დაიწყოს?

- ცოლ-ქმარს შეიძლება, მხოლოდ ერთმანეთის საკუთრებასთან დაკავშირებით ჰქონდეს დავა. მეუღლის მშობლების ქონების ნაწილში, სიძესთან და რძალთან არანაირი ვალდებულებები არ არსებობს.

- თუ ერთ-ერთი მეუღლე ქონების გაყოფაზე უარს აცხადებს, რა სამართლებრივი ბერკეტი არსებობს, რომ მეორე მხარემ კუთვნილი წილი მიიღოს?

- ასეთ შემთხვევაში, იმისათვის, რომ ერთ-ერთმა მხარემ განქორწინების შემდეგ საერთო ქონებიდან კუთვნილი წილი მიიღოს, სასამართლოს უნდა მიმართოს და დავა დაიწყოს. ხანდაზმულობის ვადა 3 წელია, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ წყვილი განქორწინებისთანავე ქონების გაყოფის საკითხს არ განიხილავს, შესაძლოა, ეს საკითხი განქორწინებიდან არაუგვიანეს 3 წლის ვადაში დააყენონ.

- თუ მეუღლე ერთ ცოლს გაშორებულია, მეორე ოჯახი ჰყავს - ასეთ შემთხვევაში როგორ ნაწილდება ქონება და რა შეუძლიათ მოითხოვონ პირველმა მეუღლემ და მისმა შვილებმა?

- თუ პირველ მეუღლესთან განქორწინებულია და განქორწინების შემდეგ არაფერი მიიღო, ხანდაზმულობის ვადაც გასულია, მაშინ ის ყოფილი მეუღლის ქონებიდან წილს ვეღარ მოითხოვს. შვილები ყველა შემთხვევაში პირველი რიგის მემკვიდრეებად ითვლებიან და მათზე ქონება თანაბრად ნაწილდება. პირველი რიგის მემკვიდრეები არიან გარდაცვლილის შვილები, მეუღლე, მშობლები, მშვილებლები და ნაშვილები თუ მამკვიდრებლის შვილი გარდაცვლილია, გარდაცვლილი შვილის შვილები იკავებენ მშობლის ადგილს. გარდაცვალებისას, თუ პიროვნებას მეორე მეუღლე ჰყავდა, ის იღებს სამკვიდროს და არა პირველი მეუღლე. შვილები, როგორც გითხარით, ყველა შემთხვევაში, პირველი რიგის მემკვიდრეებად ითვლებიან.

- როგორ ნაწილდება ქონება პირველი რიგის მემკვიდრეებს შორის?

- ოფიციალური ქორწინების დროს შეძენილი ქონება მეუღლეებს შორის თანაბრად იყოფა. ეს სამკვიდრო არ არის. თანაცხოვრებაში შეძენილი ქონების ნახევარი მეუღლეზე გადადის. დარჩენილ ნახევარში პირველი რიგის მემკვიდრეები რჩებიან, მათ შორის, მეუღლეც. ანუ, პირობითად, ცოლი სამკვიდროს წილს გარდაცვლილი მეუღლისგან პირველი რიგის მემკვიდრეებთან ერთად იღებს, მაგრამ თანაცხოვრების დროს შეძენილი ქონების ნახევარი, მას სამკვიდროს გარეშე ავტომატურად რჩება. პირველი რიგის მემკვიდრეებზე ქონება თანაბარწილად ნაწილდება.

- კიდევ ერთხელ რომ განგვიმარტოთ, ვინ არიან პირველი რიგის მემკვიდრეები?

- პირველი რიგის მემკვიდრეები არიან: მეუღლე, შვილები და მშობლები, ნაშვილები, მშვილებელი თუ მამკვიდრებლის შვილი გარდაცვლილია, გარდაცვლილი შვილის შვილები იკავებენ მშობლის ადგილს.მეორე რიგის მემკვიდრეები არიან და-ძმა, თუ ისინი ცოცხლები არ არიან, მათი შვილები. მესამე რიგის მემკვიდრეები არიან ბებია-ბაბუა. მეოთხე რიგის - ბიძები, მამიდები. მეხუთე რიგის კი ბიძაშვილები და მამიდაშვილები.

- აქვს, თუ არა მშობელს უფლება, ქონება მხოლოდ ერთ შვილს გადაუფორმოს?

-სიცოცხლეში თუ მშობელი ერთ შვილს აჩუქებს ქონებას და მის გარდა სხვა არანაირ ქონებას არ ფლობს, მაშინ სხვა შვილები ვერაფერს მიიღებენ. თუ მეტი სამკვიდრო არ გააჩნია, შესაბამისად იმის გაყოფა ვერ მოხდება, რაც უკვე ნაჩუქარია. მაგრამ, თუ აღმოჩნდა, რომ იმ ქონების გარდა, რაც, პირობითად, ერთ შვილს აჩუქა, სხვა ქონებაც გააჩნია, დანარჩენ პირველი რიგის მემკვიდრეებს შეუძლია, იმ ქონების სამკვიდროში ჩართვის საკითხი დააყენონ, რომელიც დარჩა. უკეთესად რომ წარმოვიდგინოთ: მაგალითად, პავლეს სამი შვილი ჰყავს და 2 სახლი აქვს. აქედან 1 სახლი მხოლოდ 1 შვილს აჩუქა და 1 წელიწადში დაიღუპა. სამკვიდრო ხომ დარჩა მეორე სახლის სახით. შესაბამისად, დანარჩენ შვილებს შეუძლიათ, დააყენონ პრეტენზია და თქვან, რომ ის, რაც 2 წლის წინ აჩუქა შვილს, ის ჩაითვალოს სამკვიდროდ და დარჩენილი სამკვიდრო თანაბრად განაწილდეს. თუ ამ მაგალითში, ადამიანს 1 სახლი აქვს და სიცოცხლეში მხოლოდ 1 შვილს აჩუქებს, სხვა შვილები ქონებაზე ვეღარ იდავებენ.

რაც შეეხება გარდაცვალებასა და ანდერძს, თუკი პირი ანდერძით მხოლოდ 1 შვილს უტოვებს ქონებას, პირველი რიგის მემკვიდრეებს მაინც ეკუთვნით იმ ქონების ნახევარი, რაც უნდა მიეღოთ იმ შემთხვევაში, ანდერძი რომ არ ყოფილიყო. მაგალითად, თუ ანდერძში წერია, რომ ქონება მთლიანად 1 შვილს გადაეცემა, ის სრულ ქონებას ვერ მიიღებს. ის მიიღებს ნახევარს, ხოლო დარჩენილი ნახევარი ეკუთვნის სხვა პირველი რიგის მემკვიდრეებს.

- ქონება გოგონაზეც და ბიჭზეც (შვილებზე) თანაბრად ნაწილდება?

-კანონმდებლობა გენდერულ დაყოფას არ ცნობს - ქონება თანაბრად ნაწილდება გოგონებზეც და ბიჭებზეც. სქესს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

- თუ მეუღლეს პირველი და მეორე ქორწინებიდანაც ჰყავს შვილები, ასეთ დროს მისი ქონება თანაბრად ნაწილდება, თუ რაიმე ტიპის რიგითობაა დაცული?

- შვილი შვილია და რიგითობას მნიშვნელობა არ აქვს. ისინი პირველი რიგის მემკვიდრეებად ითვლებიან და ქონება თანაბრად ნაწილდება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ერთი რიგის მემკვიდრეებზე ქონება თანაბარწილად ნაწილდება.

- შვილიშვილები რომელი რიგის მემკვიდრეები არიან?

- შვილიშვილები ოფიციალურ მემკვიდრეებად არ ითვლებიან. ისინი მაშინ ხდებიან მემკვიდრეები, თუ შვილი გარდაცვლილია. მაგრამ, მათზე ერთი შვილის სამკვიდრო გადადის. უფრო მარტივად რომ აღვიქვათ: მაგალითად, ადამიანს 2 შვილი ჰყავს - გიორგი და ერეკლე. ერეკლე გარდაიცვალა. ვიდრე გარდაიცვლებოდა, გიორგისა და ერეკლეს ქონების ნახ-ნახევარი ხომ უნდა მიეღოთ. ერეკლეს თუ ორი შვილი დარჩა, ისინი საერთო ქონების ნახევრიდან, რომელსაც მათი მამა გიორგისთან იყოფდა, თანაბარ წილებს იღებენ. გიორგის რჩება ნახევარი. ერეკლეს შვილებს კი მისი ნახევარი წილიდან თანაბარი ნაწილი.

- შვილიშვილებსა და მეორე რიგის მემკვიდრეებს ან მათ შვილებს შორის დავისას, უპირატესობა რომელს ენიჭება?

- შვილიშვილები ვერაფერს მიიღებენ თუ მისი მშობელი ანუ გარდაცვლილის შვილი ცოცხალია. შვილი არის პირველი რიგის მემკვიდრე. თუ გარდაცვალების პერიოდში მამკვიდრებლის შვილი გარდაცვლილია, მის ადგილს, როგორც პირველი რიგის მემკვიდრე, გარდაცვლილი შვილის შვილი ან შვილები იკავებენ, მათ შეიძლება პრეტენზია ჰქონდეთ სამკვიდროს იმ ნაწილზე, რასაც მათი მშობელი მიიღებდა ცოცხალი რომ ყოფილიყო. შესაბამისად, შვილიშვილი ხდება პირველი რიგის მემკვიდრე, ხოლო წინა რიგის, თუნდაც ერთი მემკვიდრის არსებობისას, სხვა რიგის მემკვიდრეები ვერაფერს მიიღებენ.

- შეუძლია თუ არა მშობელს ან ბებია-ბაბუას არასრულწლოვან შვილზე/შვილიშვილზე წინასწარ გააფორმონ ქონება?

- დიახ, გაჩუქება შეუძლიათ.

- თუ ბავშვი მცირეწლოვანია, ამ ქონების განკარგვის უფლება მის სრულწლოვანებამდე ვის რჩება?

- არასრულწლოვანის სახელზე შესაძლებელია, რომ ქონება დარეგისტრირდეს. ამ ქონების განკარგვა შესაძლებელია მხოლოდ ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. ბავშვის მეურვეს ან მშობელს ამ ქონების განკარგვა შეუძლია მხოლოდ სასამართლოს დასტურით.

- ბოლო დროს ძალიან ხშირია შემთხვევები, როცა ერთი მეუღლე ემიგრაციაშია წლობით და ოფიციალური ქორწინების მიუხედავად, წყვილი ფაქტობრივად, გაშორებულია. თუ ამ პერიოდში ერთ-ერთი მეუღლე შეიძენს საქართველოში უძრავ ქონებას, მოგვიანებით საზღვარგარეთიდან დაბრუნებულ მეორე მეუღლეს ექნება მასზე დავის სამართლებრივი ბერკეტები?

- რა თქმა უნდა, ექნება. ოფიციალური ქორწინების დროს შეძენილი ქონება, დავის დაწყების შემთხვევაში, თანაბრად იყოფა და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ერთ-ერთი მეუღლე საზღვარგარეთაა, თუ აქ ცხოვრობს.

თამარ იაკობაშვილი

ვის დარჩება ქონების ნახევარი უპირობოდ, თუნდაც ანდერძით ქონება სულ სხვა ადამიანზე გადადიოდეს
როგორ შეგვიძლია თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის დაკანონება - განმარტავს ადვოკატი