2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია უკვე დაიწყო და ეს პროცესი 4 აპრილის 18 საათამდე გაგრძელდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს 2024 წლის გამოცდებზე დარეგისტრირებულთა შუალედური სტატისტიკაც გამოაქვეყნა.
22 მარტის 10:00 საათის მონაცემების მიხედვით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 19 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge.
ვიდრე 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების სტატისტიკა გვექნება, დღეს გაგიზიარებთ გასული წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების რამდენიმე სტატისტიკურ მონაცემს, რომლებიც შესაძლოა, ახლანდელ აბიტურიენტებს გამოადგეთ და ამ ინფორმაციითაც იხელმძღვანელონ. 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ვრცელი ანგარიში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
გასული წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგადი სტატისტიკა ასეთია:
- 45 000-ზე მეტ რეგისტრირებულ აბიტურიენტთაგან გამოცდებზე გავიდა 94%- მდე გამოსაცდელი.
- სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 34 800-ზე მეტმა გამოსაცდელმა (რეგისტრირებულ აბიტურიენტთა 77 %).
- დაფინანსდა 12 000-ზე მეტი გამოსაცდელი.
სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6 540-ზე მეტმა გამოსაცდელმა:
- 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მიიღო 1 000-ზე მეტმა აპლიკანტმა;
- 70%-იანი გრანტი - 1 450-ზე მეტმა გამოსაცდელმა;
- 50%-იანი გრანტი - 4 080-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
- სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა 5 500- ზე მეტი გამოსაცდელი;
- ქართულ ენაში მომზადების პროგრამებზე სწავლა 1 550-მდე აპლიკანტმა გააგრძელა.
აბიტურიენტების პირველი არჩევანის მიხედვით ყველაზე მაღალი კონკურსი იყო სახელმწიფო უნივერსიტეტების შემდეგ პროგრამებზე:
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ფსიქოლოგია;
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - სამართალი;
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - ფსიქოლოგია;
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - ბიზნესის ადმინისტრირება (ტურიზმი);
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - მშენებლობა.
2023 წლის არჩევითი საგნების სტატისტიკა აბიტურიენტთა არჩევანის მიხედვით:
- ისტორია აირჩია 22 200-მდე აბიტურიენტმა;
- მათემატიკა - 15 700-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
- ბიოლოგია - 3 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
- ქიმია - 2 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
- გეოგრაფია - 2 200-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
- ფიზიკა - 700-მდე აბიტურიენტმა;
- ლიტერატურა - 1 300-მდე აბიტურიენტმა;
- სამოქალაქო განათლება - 2 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
- სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება - 300-ზე მეტმა აბიტურიენტმა.
შარშან 33 აბიტურიენტისათვის დამატებითი სესია დაინიშნა. 2023 წელს ტესტირებაზე გამოუცხადებელ აბიტურიენტს უფლება ჰქონდა მოეთხოვა დამატებითი ტესტირების ჩატარება, თუ მან საგამოცდო ბარათში მითითებულ დროს ვერ შეძლო გამოცდაზე გამოცხადება:
- ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გამოცდის დროს სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში არანაკლებ ერთი დღე-ღამით ყოფნის გამო;
- ბ) ოჯახის წევრის (მეუღლე, დედა, მამა, და-ძმა, შვილი) გარდაცვალების გამო;
- გ) დაუძლეველი ძალის გამო.
აბიტურიენტს სტაციონარულ დაწესებულებაში ყოფნის ან ოჯახის წევრის გარდაცვალების და ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარედგინა ცენტრში შესაბამისი საგამოცდო სესიის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
თამარ იაკობაშვილი