ონლაინრომანი "დაქირავებული დიასახლისი"
ავტორი: სვეტა კვარაცხელია
VII ნაწილი (იხილეთ დასაწყისი)
***
ქალაქში ნელ-ნელა აცივდა. საქმეც მოემატა. იქ სარეცხიო, იქ ცხელი წყალი და სადილიო, იქ ბავშვის საჭმელიო, დაუთოებაო. ხანდახან ტელევიზორის ეკრანისთვისაც ხომ უნდა შეევლო თვალი. განსაკუთრებით მუსიკალური გადაცემები აინტერესებდა. მით უმეტეს, როცა სიუჟეტი კლასიკურ მუსიკას შეეხებოდა.
ვერიკოს რეცხვის პროცესიც დიდ სიამოვნებას ანიჭებდა. არ გაინტერესებთ, რატომ? უხაროდა, ვანოს პერანგები რომ უნდა დაერეცხა, იშვიათად - ცხვირსახოცებიც. ყველა ამ ნივთს პატრონის სურნელი ჰქონდა გამოყოლილი. ვერიკოს ისეთი შეგრძნება ეუფლებოდა, თითქოს საკუთარი ოჯახის წევრს ურეცხავდა და უუთოებდა.
უყვარდა ვერიკოს, როცა ვანო შინ ბრუნდებოდა. თითქოს რაღაც სიცარიელე ამოევსებოდა ხოლმe იქ, გულის სიღრმეში. თუ თამთას არ ეძინა, მამაკაცს გაცილებით მეტხანს უხდებოდა ვერიკოს გვერდით ყოფნა, ხოლო თუ დაძინებული დახვდებოდა, წვრილად გამოჰკითხავდა ქალს დღის განმავლობაში დაგროვებულ შთაბეჭდილებებს - რა ქნა თამთამ, როგორ იქცეოდა, რა ჭამა, როგორ გაერთო, სად გაასეირნა და ა.შ. კითხვები არ ილეოდა. ვერიკომაც უკვე ზეპირად იცოდა ოჯახის უფროსის შეკითხვების “რეპერტუარი” და სხარტად პასუხობდა, ყოველგვარი “აა”-სა და “ისას” გარეშე, როგორც ზოგიერთებს სჩვევიათ ხოლმე. აი, მეგობრებს რომ ამოიყვანდა სახლში ან თავისით ამოვიდოდნენ, იმ საღამოს ვერ იტანდა ვერიკო. “პატრონის” აუცილებელი პირობა იყო, ასეთ დროს არ გამოჩენილიყო სტუმრებთან და მათი ყურადღება ზედმეტად არ მიექცია. იგი თითქმის უჩინრად შლიდა სუფრას და მხოლოდ “უკიდურეს” შემთხვევაში თუ გავიდოდა მოქეიფეებთან. ისიც მაშინ, როცა ვანო დაუძახებდა და რაღაცას შემატებდა სახელდახელოდ გაშლილ პურმარილს.
აი, ამგვარ ქეიფებს ვერ იტანდა ვერიკო. სძულდა ვანოს მეგობრები. ასეთ დროს მუდამ ყურადღების მიღმა რჩებოდა. ერთი სული ჰქონდა, როდის წავიდოდნენ თავიანთ სახლებში პატრონის ძმაკაცები.
ვანოს სიმთვრალეში ხასიათი ეცვლებოდა. უფრო გულჩათხრობილი ეჩვენებოდა ვერიკოს. გარინდული დაჯდებოდა ხოლმე ჯერ კიდევ აულაგებელ მაგიდასთან და ფიქრებში ჩაძირული გაჰყურებდა ღამის სიბნელეს. “ნეტავ რაზე ფიქრობს?” - იმ წუთებში მხოლოდ ეს კითხვა აწვალებდა ვერიკოს, ყველაზე მეტად ეს აინტერესებდა. როგორ უნდოდა ვანოს ფიქრის ობიექტი თვითონ ყოფილიყო, მასზე ეოცნება მისთვის სანუკვარ მამაკაცს, მაგრამ სურვილი სურვილად რჩებოდა. ამ “დანაკლისს” ვერიკო თამთათი ინაზღაურებდა. სიყვარულით დასცქეროდა ხოლმე ჩაძინებულ ბავშვს, მისი სახის ნაკვთებში ვანოსთან მსგავსებას ეძებდა, კოცნიდა და ეფერებოდა მძინარე პატარას.
კმაყოფილი კი იყო თავისი ცხოვრებით, მაგრამ, ამავე დროს, სიკვდილს ნატრობდა. რამ შეაყვარა ეს კაცი, რა მოუფრინდა თავში! სანამ მას გაიცნობდა, აზრადაც არ მოსვლია მამაკაცის შეყვარება. შეყვარება კი არა, გაცნობისა და დაახლოების სურვილიც არ ჰქონია. საპირისპირო სქესის ადამიანთან მიახლოებისას ელეთმელეთი კი მოსდიოდა, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავდა, რომ… ნიშნავდა, როგორ არ ნიშნავდა. ვერიკო, უბრალოდ, არ უტყდებოდა თავის თავს ამაში. ახლა კი, აგერ ორი თვეა, ვანო გაიცნო და, როგორც იტყვიან, “ჭკუაზე აღარ არის”. არაფრის იმედი არა აქვს ვერიკოს. იცის, ეს ამბავი როგორც დამთავრდება. მოიყვანს ვანო მეორე ცოლს და გრძელფრჩხილებიან “მადამს” დაუსკუპებს ცხვირწინ თამთას ძიძას. აგერ ნახეთ, ასე თუ არ იქნება. ვერიკოსაც სწორედ ეს არის, გულს რომ უკლავს…
- ეს არის თამთას ძიძა? - სპორტულ სამოსში გამოწყობილმა წვერიანმა მამაკაცმა თითები მაგიდაზე აათამაშა და ოთახიდან გამავალ ვერიკოს თვალი გააყოლა.
- ჰო, - ყრუდ გაისმა ვანოს ხმა.
ვერიკომ კარი მიიხურა, შეყოვნდა და მამაკაცების საუბარს ყური მიუგდო. გული გამალებით უცემდა. ეშინოდა, თავი არ გაემჟღავნებინა. სმენა დაძაბა, რათა მათი საუბარი არ გამოჰპარვოდა.
- რამსიგრძე კაბა აცვია, თან როგორი ფრიალა. ვერ გაიგებ, როგორი ტანი აქვს, ფეხი… - გააგრძელა ვილიმ.
ეს ის ვილი იყო, პირველ დღეებში რომ შეეხმიანა ვერიკოს, ვანოს მეგობარი ვარო.
- რაში მჭირდება მაგის გაგება.
- რატომ, შე კაცო, რავარი ქალი დაიარება შენს სახლში, საქმის კურსში არ უნდა იყო? - როხროხებდა სტუმარი.
- მე მას ფულს ვუხდი თავის საქმეში. მისი ტან-ფეხი და შესახედაობა არ მაინტერესებს, - ცივად თქვა ვანომ.
- ეეე, შენ რა კლიენტი ხარ, ვერ გაიგებ. შენს ადგილზე...…
- მოვრჩეთ ამაზე საუბარს. შენ, მგონი, სხვა საქმეზე ხარ მოსული. ასე არ არის? - გააწყვეტინა მეგობარს.
- კაი ბატონო, რავარც იტყვი. მოკლედ, გეტყვი. მანქანის ყიდვა მინდა.
- აგაშენა ღმერთმა. აქედან დაგეწყო, რაღა ჩემს მოსამსახურეს მიადექი! - ვანოს სიცილი მოისმა ოთახიდან.
- შენ რა მამა აბრამის ბატკანივით მელაპარაკები, როდის აქედან გახდი ასეთი patiosani? ღმერთმა აცხონოს დოდოს სული, მაგრამ ცოლი ვის არ მოკვდომია, შე კაცო!
- მოდი რა, საქმეზე ვილაპარაკოთ! - კვლავ უხეშად გააწყვეტინა ვანომ.
- kargi, ხმას აღარ ვიღებ. ჰოდა, იმას გეუბნებოდი, ჩემი უნდა გავყიდო და შენს ფირმაში უნდა ვიყიდო ახალი, ცინცხალი. თავის ფასში ხომ გამიხერხებ?
- ჩემი თავი გენაცვალოს, რაზეა ბაასი.
ვერიკო მიხვდა, მასზე მეტს აღარ ილაპარაკებდნენ და რადგან საუბრის მეორე თემა მისთვის საინტერესო არ იყო, ფეხაკრეფით მოსცილდა კარს და ფრთხილად ჩაუყვა კიბეს. აჰა, ერთით კი ცუდი საქციელი გამოუვიდა, ჩუმად მიაყურადა მათ დიალოგს, სამაგიეროდ “საჭირო ინფორმაცია” მიიღო. ჯერ ერთი, რომ იგი, როგორც ქალი, “პატრონს” არ აინტერესებს თურმე და მეორეც, ბატონი ვანო მანქანებით ვაჭრობს. “შენს ფირმაშიო”, ასე ახსენა ვილიმ. გამოდის, ოჯახის უფროსს საავტომობილო ფირმა ჰქონია. ნეტავ რომელი? თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს. მთავარია, რომ მომგებიანია. ასე რომ არ იყოს, ამდენი ფული ხომ არ ექნებოდა? რა თქმა უნდა, არ ექნებოდა. ამიტომაც დარბის ალბათ წარამარა ეგრეთ წოდებულ “მივლინებებში”. ღმერთმა ხელი მოუმართოს. ვერიკოსი რა მიდის. ღმერთმა მისცეს. ერთი წუთით წარმოიდგინოს აბა, რომ მის დამქირავებელს სერიოზული შემოსავალი არ ჰქონდეს. ხომ ვერ გადაუხდიდა თვეში eqvsas დოლარს? მერე რა, რომ იმსახურებს. ბევრი იმსახურებს, მაგრამ ამის მესამედსაც ვერ უხდიან ხანდახან. ვერიკოს კი ამ მხრივ ნამდვილად გაუმართლა. ქერის ორმოშია ჩავარდნილი… მაგრამ ახლა მეორე მხრიდან შევხედოთ ამ ამბავს! უიმედოდ რომ არის შეყვარებული, ამ საქმეს რა ეშველება? ალბათ, არც არაფერი. რაც შეიძლება ნაკლებად უნდა იფიქროს ვანოზე და ნელ-ნელა დაივიწყოს იგი, როგორც ოცნების მამაკაცი. არის კი ოცნების მამაკაცი? არის, როგორ არ არის. რომ არ იყოს, ხომ არ შეუყვარდებოდა? მართალია. არც შეუყვარდებოდა და არც იოცნებებდა მასზე. ასე რომ, ეს საკითხი მოხსნილია დღის წესრიგიდან. უფრო ახალგაზრდა მაინც იყოს, ისიც წავიდოდა ამერიკაში ნანულისთან, ძიძად იქაც კი შეძლებდა მუშაობის დაწყებას, მაგრამ… 29 წლის ქალმა სად იბოდიალოს იმხელა ქვეყანაში? დას და სიძეს ხომ არ დააწვება კისერზე! თავიანთი თავი გასჭირვებიათ. ამიტომაც სხვა გზა არ არის. უნდა შეეგუოს არსებულ ვითარებას. ნელ-ნელა ფულს დააგროვებს, ბინას იყიდის და… მერე ვნახოთ, რა იქნება. მთლად როგორ გაწირავს ბედი!
***
რაც დრო გადიოდა, ვერიკო მით უფრო გულჩათხრობილი ხდებოდა. შინიდან გასვლაც იშვიათად უხდებოდა. უკვე ისე აცივდა, არ ღირდა ბავშვის ქალაქში გაყვანა, საღამოობით ახლომახლო თუ გაასეირნებდა ხოლმე.
ახალი წელი კარს იყო მომდგარი, ვანომ სალაპარაკოდ რომ მიიხმო.
- ვერონიკა, რას აპირებთ ამ ახალ წლებზე? - მამაკაცმა ქვემოდან ამოხედა.
- რა ვიცი. რასაც მიბრძანებთ, იმას გავაკეთებ, ბატონო ვანო, - შეიშმუშნა.
- არა, მაგას არ გეკითხებით. სადმე გასვლას ხომ არ აპირებთ - ახლობლებთან, ნათესავებთან… სად გინდათ, ახალ წელს შეხვდეთ?
- მ...…მ... მე... არსად, - აილანძა ქალი.
- იცით, რატომ გეუბნებით? თამთას ჩემი ცოლეურები წაიყვანენ რამდენიმე დღით. მეც ალბათ ძმაკაცებთან ერთად შევხვდები სადმე. უბრალოდ, არ მინდა მარტო დარჩეთ შინ. გამიგეთ?
- თუ თქვენთვის პრობლემა არ იქნება, დავრჩები თქვენის ნებართვით. მე წასასვლელი არსად მაქვს, სიმართლე რომ გითხრათ, - მუხლები მოეკვეთა ვერიკოს. ცოტაც და, ჩაიკეცებოდა.
- ახლა ისე ნუ გამიგებთ, თითქოს სახლიდან გაგდებდეთ. თქვენთვის როგორც ჯობს, ისე გააკეთეთ. უბრალოდ, მინდა იცოდეთ, რომ სრულ თავისუფლებას გაძლევთ. სადაც გსურთ, იქ დარჩით.
- გმადლობთ, მე აქ მირჩევნია. სახლსაც მივხედავ, - მუდარით სავსე თვალები მიანათა ქალმა “პატრონს”.
- ო-ო-ო! ღმერთო ჩემო, ვეღარ ვუძლებ თქვენს მზერას! რამ შეგაშინათ ასე, მე მეგონა, კარგ საქმეს ვაკეთებდი. ქალს ერთი კვირით დავასვენებ, თავის გემოზე გაატარებს დღესასწაულის დღეებს-მეთქი. თქვენ კი სახე ჩამოგტირით. ლამისაა, ღრიალი დაიწყოთ, - ვანომ გაცინება სცადა.
ვერიკოს ნიკაპი აუკანკალდა. თვალები ცრემლით აევსო.
- ძალიან გთხოვთ, ცრემლი არ დამანახვოთ. ეგრე იყოს. რადგან, როგორც ვხედავ, თქვენი “მამა და მარჩენალი” მე ვარ, ვკისრულობ ამ ვალდებულებას, - ახლა კი ვეღარ შეიკავა სიცილი მამაკაცმა, - რა ვქნა, პრემიით ხომ არ დაგაჯილდოოთ საიანვროდ?
- რას ამბობთ! თქვენ ისედაც მეტს მიხდით, არ არის საჭირო, ძალიან გთხოვთ. უხერხულ სიტუაციაში მაგდებთ.
- “მეცამეტე ხელფასი” არ გინდათ?
- არა, არა, “მეთორმეტეც” საკმარისია. ისედაც დავალებული ვარ თქვენგან.
- ძალიან რომ მოვინდომო?
- რა? - ვერ მიუხვდა ვერიკო.
- მე ხომ სამი სურვილი მაქვს მოგებული. “ინტიმური თხოვნის” უფლება არა მაქვს. “ფინანსური თხოვნა” კონტრაქტში ნახსენები არ ყოფილა. ასე რომ… - აღარ გააგრძელა.
- არა, მაგ სურვილს არ შეგისრულებთ, - კატეგორიულად იუარა ვერიკომ.
- მაშინ მე ორი სურვილი კიდევ დამემატება. ასე არ არის? - ეშმაკურად გაიღიმა ვანომ.
ვერიკოს პასუხი არ გაუცია. “არ დავიწყებია თურმე! მაგრამ რაში ყრის ეს კაცი ამდენ ფულს! აძალებს ვინმე? მე ხომ არაფერს ვითხოვ, არც უკმაყოფილების მეტყობა რამე”, - გაიფიქრა.
- იცით, რაც დრო გადის, უფრო სევდიანი მეჩვენებით. სულ მგონია, რომ ეს სევდა თქვენს ჰონორართანაა დაკავშირებული, - ვანო უკან გადაიხარა და სავარძლის საზურგეს მიეყრდნო.
- არა, რა სისულელეა. რა მეტყობა სამაგისო, - მხრები აიჩეჩა ქალმა.
- კარგი, რახან ასეა, რა გაეწყობა. აღარ დაგაძალებთ. ორი სურვილი კიდევ დამემატა. თუმცა, არა, არ მინდა. ჩემთვის სამიც საკმარისია. არ მინდა თავი დათრგუნვილად იგრძნოთ. ერთი სიტყვით, ხვალ დილიდან გაამზადეთ თამთა თავის ბარგიანად. ჩემი სიდედრი გამოივლის და წაიყვანს.
- კი ბატონო, როგორც მეტყვით, - ჩრდილმა გადაურბინა ვერიკოს სახეზე.
- ახლა კი შეგიძლიათ მიბრძანდეთ და თქვენს აღსაზრდელს მიუწვეთ გვერდით. გვიანაა უკვე, - ვანო სავარძლიდან წამოდგა და ხელები შარვლის ჯიბეებში ჩაიწყო.
ვერიკომ მორჩილად დაუქნია თავი და კარისკენ გაემართა.
- თამთას ხომ არ სცივა ღამით? - მოულოდნელად იკითხა ვანომ.
- არა, რა სცივა.
- თქვენ?
ქალს შეაკანკალა. ეს ორაზროვანი შეკითხვაა თუ “ერთაზროვანი”?
- არც მე. ისეთი გათბობაა, ძალიანაც რომ გინდოდეს, არ შეგცივდება ადამიანს, - ეშმაკურად გაიღიმა.
- ძალიანაც კარგი. ჰო, მართლა, თქვენი დაბადების დღე როდის არის?
ვერიკოს გული შეუტოკდა. შეყოყმანდა.
- ოღონდ არ მომატყუოთ! - თითი დაუქნია მამაკაცმა.
- იყო უკვე, - ძლივს ამოილუღლუღა.
- იყო? როდის? - წარბები შეკრა პატრონმა.
- … ოთხი დღის წინ, - თვალები დახარა ქალმა.
- მართლა? რა საოცარია! ჩემი ხვალ არის. ესე იგი, ჩვენ ორივე “თხის რქა” ვყოფილვართ, - გაიღიმა ვანომ.
- ასე გამოდის.
- რატომ არ მითხარით?
- რა საჭირო იყო.
- მოგილოცავდით.
- ...
- თუმცა, არც ახლაა გვიან, არა?
- ახლა ნამდვილად გვიანაა, - შეშფოთდა ვერიკო, სუფრის გაშლა არ მომთხოვოს ამ შუაღამესო.
- ჰა-ჰა-ჰა-ჰა! ეშმაკი ქალი ხართ, ვერონიკა, ეშმაკი. კარგი, რადგან ასე გაწყობთ, ასე იყოს, მაგრამ საჩუქარს მაინც ვერ ასცდებით.
- მაშინ მეც უნდა გაჩუქოთ რამე, - ვერიკომ თამამად შეხედა.
- აჰა, ხომ გითხარით, ეშმაკი ქალი ხართ-მეთქი. არ შევმცდარვარ. საინტერესოა, რა უნდა მაჩუქოთ!
- რა ვიცი. რამეს მოვიფიქრებ. ისე, შემიძლია შეკვეთაც მივიღო, - მაცდურად შეღიმა მამაკაცს.
- მაშინ ჯერ თქვენ შემიკვეთეთ და მერე მეც მოგბაძავთ, - ოჯახის უფროსი შევაჭრების ხასიათზე დადგა.
ვერიკომ თავი გადააქნია.
- მითხარით. ხომ იცით, რომ არ მოგეშვებით, - მოჩვენებითად შეკრა ვანომ წარბები და მზერა მისი მკერდისკენ გააპარა.
“რას მიყურებს, ლიფის ყიდვას ხომ არ აპირებს?” - უნებურად გაიფიქრა ვერიკომ და ოდნავ გაეღიმა.
- ჰა, რა გადაწყვიტეთ? - არ ეშვებოდა იგი.
- რა ვიცი, სულერთია. ერთი ცხვირსახოცი მაჩუქეთ და მორჩება.
- ცხვირსახოცი-ი-ი? - შეიცხადა ვანომ, - გინდათ, რომ ერთმანეთი შეგვძულდეს?
- არა, რატომ? - ვერიკოს ალმურმა გადაუარა სახეზე.
- ცხვირსახოცი ხომ შეძულებას ნიშნავს! - არ ცხრებოდა პატრონი.
- ეს უბრალოდ, ცრურწმენაა და მეტი არაფერი.
- მერე რა, ცრურწმენები მართლდება ხოლმე.
- თქვენ გჯერათ მსგავსი რამეების?
- ზოგის მჯერა. მაგალითად, შავი კატა რომ გადაგირბენს, მარცხენა ხელისგული რომ გექავება, ძაღლი რომ გზას გადაგიჭრის, ცხვირი რომ გექავება და რა ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო… ყველა მათგანი საკუთარ თავზე გამომიცდია. თქვენ არა? - მომნუსხველად გაუღიმა კაცმა.
- კი, სხვათა შორის, მეც ბევრი რამ მაქვს დაცდილი. განსაკუთრებით 13 რიცხვი.
- ცუდად თუ კარგად?
- ცუდად. ცამეტში ყოველთვის ვფრთხილობ ხოლმე.
- რას უფრთხილდებით, საკუთარ სიცოცხლეს?
- არა, ეს რა შუაშია. უბრალოდ, მეშინია, რამე საწყენი არ შემხვდეს ან ძალაუნებურად სხვა არ გავანაწყენო ჩემი დაუფიქრებლობით.
- საინტერესო თემაა. იმედია, ოდესმე მომიყვებით 13 რიცხვის დაუვიწყარ ამბებს, არა?
- კი ბატონო, შეიძლება. გამოდის, ხვალ შინ არ გაათენებთ, არა?
- როგორ არ გავათენებ! აუცილებლად მოვალ, ოღონდ გვიან ალბათ, ძალიან გვიან.
- გასაგებია. მაშინ წინასწარ გილოცავთ დაბადების დღეს.
- გაიხარეთ, გაიხარეთ, თქვენთვისაც მომელოცოს, - თვითონვე გაეცინა თავისსავე ნათქვამზე.
- თუ საიდუმლო არ არის, რამდენი წლის ხდებით?
- ნუ მკითხავთ, - ვანომ ისეთი სახე მიიღო, თითქოს ასაკის გამჟღავნების რცხვენოდა.
- არ იქნებით მაგდენის, - ვერიკო ხუმრობის ხასიათზე დადგა.
- ორმოცის გავხდი, ორმოცის, - ოთხი თითი გაშალა ვანომ.
- მერე? გადახდას აპირებთ? ორმოცი წლის იუბილეს არ იხდიან, ხომ იცით.
- ეს უბრალოდ, ცრურწმენაა და მეტი არაფერი, - სიტყვასიტყვით გაიმეორა ვანომ ვერიკოს ნათქვამი ფრაზა და ნიშნის მოგებით გაუღიმა.
ვერიკოსაც გაეცინა.
- მე ოცდაათი შემისრულდა, - გასცა ქალური საიდუმლო.
- და მაგიტომაც არ გადაიხადეთ, არა? - ვანოს ხმამაღლა გაეცინა.
- არა, მაგის გამო ნამდვილად არა. უბრალოდ, არ მედაბადებისდღეებოდა. ვინ უნდა მომეწვია?
- რა ვიცი. მეგობრები, კლასელები, ნათესავები, ან თუნდაც მე, - ისევ გაიცინა.
- სხვის სახლში? როგორ გეკადრებათ. მაგდენი კი მესმის! თანაც… უკვე აღარა ვარ იმ ასაკში, დაბადების დღეები რომ უხარიათ.
- აბა, აბა, თქვენი ხნის ქვა აღარ დაგორავს, - გაიხუმრა “პატრონმა”.
- და ყვავიც აღარ დაფრინავს, - ვერიკომ კეკლუცად აზიდა წარბები.
- სამაგიეროდ, ბულბულები სტვენენ გალიაში, - ცალი თვალი მოჭუტა კაცმა და ქალს ქვემოდან ახედა.
სახეაჭარხლებულმა ვერიკომ არ იცოდა, რა ეპასუხა, ამიტომ მხრები აიჩეჩა მხოლოდ.
- წავალ, ბავშვს მივხედავ. ღამე მშვიდობისა, - დაემშვიდობა ბოლოს და მომხიბვლელი ღიმილით გაშორდა.
მამაკაცს თითქოს არ გაუგონია მისი სიტყვები. როგორც კი ქალმა კარი გაიხურა, კვლავ სავარძელში ჩაჯდა, თავი ხელებში ჩარგო და გაირინდა. ცოტა ხნის შემდეგ, თითქოს რაღაც გაახსენდაო, მობილურს დაავლო ხელი და მესიჯი დაადევნა: “ღამე მშვიდობისა, დიასახლისო”…
ვანოს გამოგზავნილი ტექსტით სახეგაბადრული ვერიკო დიდხანს დაჰყურებდა მძინარე თამთას. “შემოგევლოს ჩემი სიცოცხლე”, - ჩაიჩურჩულა ბოლოს, ბავშვს ფრთხილად აკოცა ლოყაზე, შუქი ჩააქრო და დაწვა.
კარგა ხანს არ დაეძინა. ვანოზე ფიქრობდა. მის ყველა სიტყვას აანალიზებდა. ეძებდა, იმედის მომცემ ნაპერწკალს ეძებდა. იქნებ… იქნებ… ეს “იქნებ” გონებიდან არ შორდებოდა. არა, რაღაცით მაინც ხომ დაინტერესდა! დაბადების დღე როდის გაქვსო… რა გაჩუქოო… მეცამეტე ხელფასიო… ეს ხომ ისე არ ხდება? ამის უკან “რამე” ხომ უნდა იმალებოდეს? ჰოდა, სწორედ მესიჯი იყო ის “რამე”. აბა, რა საჭირო იყო ამგვარი ტექსტი? პირისპირ იდგნენ, ხომ შეეძლო იქვე ეთქვა? რაში დასჭირდა გამომშვიდობების ასეთი რომანტიკული ფორმის გამოყენება? იყო კი რომანტიკული? როგორ უნდოდა ასე ყოფილიყო… ვინ იცის, იქნებ იყო კიდევაც?..