ონლაინრომანი "დაქირავებული დიასახლისი"
ავტორი: სვეტა კვარაცხელია
VIII ნაწილი (იხილეთ დასაწყისი)
ვერიკოს იმღამეს ტკბილად ეძინა… ვანოსაც…
მთელი დღე არ დაუსვენია. იმდენად გაანერვიულა თამთასთან დროებით განშორებამ, ეგონა, გაგიჟდებოდა. ახლაც ყურში ჩაესმოდა ბავშვის გულამოსკვნილი ტირილი, “ველიკო მინა”, “ველიკო მინა”… ვანოს სიდედრი ისე თბილად შეხვდა, გაუკვირდა კიდევაც. ალბათ ისიც ვერ ხედავს მასში ქალს, მით უმეტეს - საშიშ ქალს. ნუთუ ასე ცუდად გამოიყურება? ნუთუ როგორც ქალი, ასე “ძნელად აღსაქმელია?” რა ქნას, დაიწყოს “გაპრანჭვა”? არა, არ ღირს. “წამო ველიკო, წამო-ო-ო”, - ისევ თამთას ხმა აგონდებოდა. როგორ შეეჩვია ამ ბოლო დროს. საქმის კეთების საშუალებას არ აძლევს. სულ კუდში დასდევს. საკმარისია, რაღაცას მოჰკიდოს ხელი, დაბარებულივით გვერდში დაუდგება და თვითონაც შიგნით ჰყოფს თავის ბუნჩულა ხელებს. ვერიკოც არ უშლის. მიეჩვიოს, რაც მთავარია, არაფერს აფუჭებს.
ნელ-ნელა “გამოასწორა” პატარა თამარი. პამპერსს გადააჩვია, საწოვარასაც, ახლა კოვზის “ათვისებაც” დააწყებინა. ისე მოხერხებულად დაიჭერს ხოლმე და სვამს ჩაის, დიდსაც კი შეშურდება.
ასეთ დღეშია ვერონიკა. ჯერ სულ რამდენიმე საათი გავიდა თამთას წასვლიდან, მას კი უკვე ენატრება. ხანდახან ხმაც კი ჩაესმის, თითქოს ეძახის. მთელი დღე იტრიალა. დააკრიალა ყველაფერი, მაგრამ მაინც ვერ გადაერთო. გამუდმებით ბავშვზე ფიქრობდა. ამის გამო ვანო არც გახსენებია.
გვიან მორჩა საქმეს. ცოტა ხანს სკამზე ჩამოჯდა, დაისვენა. მერე სარკესთან მივიდა. კარგა ხანს უყურა თავის ორეულს. ქვედაბოლო აიწია, მუხლები გამოაჩინა, მერე კიდევ უფრო აწია კაბა. აბა, ქალი ამისთანა ფეხებს უნდა მალავდეს? ახლა პულოვერი შემოიტმასნა ტანზე. აი, როგორი წვრილი წელი აქვს. ერთი დაანახვა ვანოს ან ვილის, ამ “ფრიალა კაბის” შიგნით რა ქალი იმალება და მერე ნახავენ!
შესცივდა. ახლაღა გაახსენდა, რომ მთელი დღის განმავლობაში გათბობის ჩართვა არც გახსენებია. ახლა კი უმოძრაოდ რომ იყო, იგრძნო სიცივე. ყველაფერს აჯობებს, ცხელ აბაზანაში ჩაწვეს და მერე ლოგინში ჩაგორდეს. ისე დაიქანცა, იქნებ ჩაეძინოს. ვანიკო ან მოვა დღეს და ან არა. მოცდა არ ღირს. არც აქვს აზრი.
ასეც მოიქცა. როგორც კი თავი ბალიშზე მიდო, მაშინვე ჩაეძინა…
ნაბიჯების ხმამ გააღვიძა. ალბათ, ძალიან გვიან იყო. ოდნავ წამოიწია საწოლში. კორიდორში ვანო დადიოდა. უცებ ფეხის ხმა შეწყდა, თან ზედ ვერიკოს კართან. სუნთქვა შეეკრა. მოეჩვენა, თითქოს მამაკაცი მის ოთახში შემოსვლას ლამობდა. ასე რომ მოხდეს, რა უნდა ქნას? არ იცოდა, რა გაეთამაშებინა. მის შეხებაზე ვითომ უცებ “გამოღვიძებოდა” და “შეშინებული” წამომხტარიყო, თუ გაეგრძელებინა “ღრმა ძილი”?
ისევ “ღრმა ძილი” ამჯობინა, წამოხტომას ყოველთვის მოასწრებდა, თუმცა… არაფრის გათამაშება არ დასჭირდა. კვლავ გაისმა ვანოს ფეხის ხმა, მერე მამაკაცის საძინებლის კარი გაიღო და დაიხურა.
ნელ-ნელა დაუწყნარდა აფორიაქებული გული, მაგრამ გრძნობდა, რომ აშკარად იმედგაცრუებული დარჩა. მოლოდინმა არ გაუმართლა.
დილაადრიან ფეხზე წამოხტა, ჩაიცვა, თმა სწრაფად გადაივარცხნა და ის იყო, კარი გამოაღო, რომ ადგილზე გაშეშდა. კორიდორში, ზუსტად მისი ოთახის წინ, გრძელ ინდურ ლარნაკში აგურისფერი ვარდების თაიგული იდო… სახტად დარჩა. აი, თურმე რატომ შეჩერდა მის კართან წუხელ. ვერიკომ კი რა არ გაიფიქრა! რა ოხერია ქალი. მაინცდამაინც მზაკვრული აზრი უნდა მოუვიდეს თავში.
დაიბნა. “ჩემი სიკვდილი. მე რაღა ვაჩუქო?” - სასიამოვნო მოულოდნელობისგან აფორიაქებულმა ეგღა გაიფიქრა. ასეთივე ორიგინალური რომ მოაფიქრა რამე, კარგი იქნებოდა. მაგრამ რა? უცებ, მიხვდა, რაც უნდა მოემოქმედებინა. ჯერ დაბლა ჩავიდა, მერე სააბაზანოში შეირბინა ხელ-პირის დასაბანად, ბოლოს ისევ მაღლა ავიდა და პირდაპირ მისაღები ოთახისკენ აიღო გეზი. ეს იყო ყველაზე დიდი, ყველაზე ლამაზი და ნათელი ოთახი მთელ სახლში. პიანინოსთან მივიდა. თავი ახადა. სათუთად გადაუსვა კლავიშებს ხელი. ახლა დაჯდება და დაუკრავს. სიურპრიზს მოუმზადებს “ბატონ ვანოს”, ნახოს, ერთი რა გოგოა და ვისთან აქვს საქმე. ვაითუ, არ უყვარს კლასიკური მუსიკა, მაშინ? არ უყვარს და ნუ უყვარს. ვერიკოს სულაც არ ედარდება მისი სიყვარულ-სიძულვილი. თუ ჰკითხავს, რამ მოგაფიქრა დაკვრაო, ეტყვის, რომ თამთა ენატრება და სევდა მოეძალა. ესეც კარგად მოიფიქრა. მაშ ასე, კარგად მოკალათდეს! თითები აათამაშა ჰაერში და ფრთხილად შეეხო კლავიშებს… მდუმარე სახლის მყუდროება მოცარტის მელოდიამ დაარღვია. ვერიკოს ნელ-ნელა სითამამე მოემატა. უფრო და უფრო ხმამაღლა, გატაცებით უკრავდა. აჰა, ესეც ბოლო აკორდი! როგორც იქნა, დაამთავრა.
თვალები დახუჭა. უცებ იგრძნო, როგორ შეეხო ვიღაც მის ხელს. მიხვდა, ვანო იქნებოდა. ცოტა არ იყოს, დარცხვენით შეხედა.
- ხომ არ გაგაღვიძეთ? - მორიდებით ჰკითხა.
მამაკაცმა მისი ხელი ტუჩებთან მიიტანა და მოწიწებით ეამბორა.
- თურმე რამდენი რამ სცოდნია ამ თითებს, მე კი ბაიბურშიც არ ვიყავი. საიდან ასეთი დაკვრა? - ღიმილით დაეკითხა იგი.
- კონსერვატორიიდან.
- კონსერვატორიიდან? თქვენ გინდათ თქვათ, რომ კონსერვატორიაში სწავლობდით?
- დავამთავრე.
- და ასეთი ქალი ძიძად მუშაობთ?
- დღეს ძიძად პროფესორებიც კი მუშაობენ. რატომ გიკვირთ?.. - ცალი მხარი აიჩეჩა ვერიკომ და წამოდგა.
- არ ადგეთ, ძალიან გთხოვთ.
- ეს ჩემი საჩუქარი იყო ვარდების სანაცვლოდ.
- ვარდების სანაცვლოდ? რატომ სანაცვლოდ?
- უფრო სწორად, თქვენი დაბადების დღისადმი მოძღვნილი.
- ეს სხვა საქმეა, - მომაჯადოებლად გაუღიმა მამაკაცმა.
- თქვენ არ უკრავთ? - შეეკითხა ვერიკო.
- მე და დაკვრა? ძალიან შორს ვართ ერთმანეთისგან. ერთი თითით ვიცი რომელი სიმღერა, იცით? საახალწლო, სანტა-კლაუსის.
- მე მგონი, არა უშავს, - “დაიტრაბახა” ვანომ, - აი, ნახეთ, - და საჩვენებელი თითით მელოდია დაუკრა.
- გინდათ, ერთად ვცადოთ? მე ბანს მოგცემთ.
- ერთად? რომ შემეშალოს?
- თქვენ მე ნუ მომაქცევთ ყურადღებას, ახლა როგორც უკრავდით, ისე დაუკარით. მე კი აგყვებით. ვცადოთ?
- ვცადოთ! - რიხიანად თქვა მამაკაცმა და სკამი ხრიგინით მიაჩოჩა პიანინოსთან.
- ერთი, ორი, სამი, - დათვალა ვერიკომ და დაკვრა დაიწყეს…
მშვენივრად გამოუვიდათ. ქალი ცდილობდა, მამაკაცის რიტმს აჰყოლოდა. ვანოც დიდი მონდომებით უკაკუნებდა თითს პიანინოს კლავიშებს.
- მაგრები ვართ! - კმაყოფილებისაგან სახეგაბადრულმა წამოიძახა ვანომ, - პირდაპირ აღმოჩენა ხართ! აი, ეს მესმის! აქამდე რატომ დამიმალეთ, დაკვრა თუ იცოდით?
- რა ვიცი, თქვენ არ დაინტერესებულხართ ჩემი ცოდნა-არცოდნით. უბრალოდ, არ გიკითხავთ… - თავი ჩაღუნა ვერიკომ.
- მდაა… კიდევ რა შეუძლია ამ ლამაზ თითებს ისეთი, რაც მე არ ვიცი? - ვანომ მრავლისმეტყველი მზერა ესროლა.
ვერიკოს ღიმილი სახეზე შეეყინა. ასეთ შეკითხვას ნამდვილად არ ელოდა.
- ჰა? - ახლა მკერდს “მიადგა” ვანოს თვალები.
- განსაკუთრებული არაფერი, - ძლივსგასაგონად ჩაიჩურჩულა ვერიკომ და წამოდგა.
- ვერონიკა… - მამაკაცმა პაუზა გაწელა, - როგორ ფიქრობთ, რა არის სიყვარული?
უარესად შეშფოთდა ქალი. ახლა რომ ხელი დაავლოს და საძინებელში გააქანოს! რას იზამს? ალბათ, არაფერს. ბატკანივით დაჰყვება მის სურვილს.
- არ გინდათ მიპასუხოთ, თუ… - მაჯაში წაავლო ხელი ვანომ და დაბლა დაქაჩა.
ისიც დაჯდა.
- სიყვარული ალბათ, ტანჯვის ერთ-ერთი სახეობაა, ოღონდ სასიამოვნო ტანჯვის, - ამოთქვა, როგორც იქნა.
- ასეთი ტანჯვაც არსებობს? - ვანო ხელს არ უშვებდა.
- ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის შემთხვევაში, არსებობს.
- და რაში გამოიხატება ეს ტანჯვა? რაღაც საინტერესო თეორიას ავითარებთ, ვერონიკა.
- რაში და იმაში, რომ… რომ მამაკაცს ქალი კი არ უყვარს, არამედ ის ბედნიერება, რომელსაც ქალი მას თავისი სიყვარულით ანიჭებს. თავის მხრივ, ქალიც ტკბება იმით, რომ შეუძლია სიყვარულის გაცემა და ამ გრძნობით ვიღაცის დაჯილდოება. მისთვის მთავარია, მამაკაცმა დაინახოს “სიყვარულშეწირვის” ეს რიტუალი და სათანადო სიტყვიერი შეფასება მისცეს მას. ქალს მეტი არაფერი უნდა. მას მონობა გარანტირებული აქვს, ამიტომაც იტანჯება, მაგრამ სასიამოვნო ტანჯვით.
- ამაში არ გეთანხმებით. ქალებს უყვართ, როცა ჩვენზე მბრძანებლობენ და მონად სულაც არ გრძნობენ თავს.
- არ არის მართალი. ყველა ქალს ერთ ტაფაში ნუ მოაქცევთ.
- უმეტესობა დღეს ასეთია. ისინი სულ იმას ცდილობენ, მამაკაცები მათზე იყონ დამოკიდებულნი. მე, მაგალითად, არ შემხვედრია ქალი, ჩემთან სხვანაირად მოქცეულიყო. სიმართლე გითხრათ, ბევრთან მქონია ურთიერთობა, რა თქმა უნდა, ცოლის მოყვანამდე. ყოფილა სიტუაციები, როცა რაღაც ძალიან დამჭირვებია. თითს არ გააქნევდნენ, სანამ უკიდურეს მდგომარეობამდე არ მივიდოდა საქმე. აუცილებლად უნდა შევხვეწებოდი - იცი რა, შენი დახმარება მჭირდება და რაღაც ამდაგვარი პრელუდიები უნდა დამეწყო. აი, ეს სიამოვნებდათ. ვითომ თავიანთი სიძლიერის ხაზგასმა სურდათ. ჩემი უსუსურობით ტკბებოდნენ. შე კაი ადამიანო, რად გინდა ჩემი თქმა, ხომ ხედავ, მიჭირს. როცა შეგიძლია ჩემი შველა, რაღას მახვეწნინებ? ჩემი მტერი მოხვდა თქვენს კლანჭებში.
- არ ვიცი. მე არ ვიცნობდი იმ ქალებს… - ვერიკომ გადაწყვიტა, კამათი არ გაეგრძელებინა, რადგან ამით საკუთარი კაიქალობის დამტკიცება გამოუვიდოდა.
ერთხანს სიჩუმე ჩამოვარდა. ქალმა ამით ისარგებლა და ვანოს ხელი გააშვებინა.
- ესე იგი, თქვენი აზრით, სიყვარული სასიამოვნო ტანჯვაა? - კვლავ პირვანდელ თემას დაუბრუნდა პატრონი.
- ეს ჩემი აზრია, თავს არავის ვახვევ.
- მე კი იცით, რა მგონია სიყვარული? აი ეს, - თქვა და თითი პიანინოსკენ გაიშვირა.
- ე-ეს? - გაოცება ვერ დამალა ვერიკომ.
- ჰო, ის, რაც ახლახან გავაკეთეთ მე და თქვენ, ორმა, სრულიად განსხვავებულმა და ერთმანეთისთვის თითქმის უცხო ადამიანმა. შეხმატკბილებულად, ყოველგვარი რეპეტიციის გარეშე, უშეცდომოდ დავუკარით ერთი მშვენიერი მელოდია… მეტი კი არაფერია სიყვარული. სულ ეს არის.
- ჰო მაგრამ… მელოდიის დაკვრა მხოლოდ თითების თამაშია, სიყვარული კი… ცოტა უფრო სერიოზული რამეა, ვიდრე “შეხმატკბილებულად დაკვრა”, - არ დაეთანხმა ვერიკო.
- ცოტა უფრო სერიოზული რამე რომ არის, მეც არ უარვყოფ, მაგრამ “დამკვრელებსაც” ხომ აქვს მნიშვნელობა? პროფესიონალები ადვილად უღებენ ალღოს მათთვის ნაცნობ საქმეს და დილეტანტებსაც ადვილად აკვალიანებენ. სიყვარულშიც პროფესიონალური მიდგომაა საჭირო. თქვენ არ ხართ ამ “დარგში” პროფესიონალი?
- არა, მე “მოყვარული” ვარ, - თქვა ვერიკომ და გაეცინა.
ვანომაც ვერ შეიკავა სიცილი.
- სხვათა შორის, მოყვარულები უფრო გატაცებით აკეთებენ თავიანთ საქმეს, ვიდრე პროფესიონალები.
- რატომ გგონიათ?
- პროფესიონალმა უკვე იმდენად ზეპირად იცის თავისი საქმე, ყელში აქვს ამოსული და ეზარება კიდეც, მოყვარულისთვის კი საქმე გატაცებაა და მეტი მონდომებით ასრულებს მას, რათა პროფესიონალის დონეზე დაეუფლოს. ასე არ არის?
- ალბათ. ამაზე არასდროს დავფიქრებულვარ.
- რატომ ხართ ასე მოწყენილი? მეჩვენება თუ მართლა ცხვირ-პირი ჩამოგტირით?
- თამარი მენატრება, - დარცხვენით თქვა.
ვანოს წარბი შეუტოკდა. გამომცდელად შეხედა ვერიკოს, თქმით კი არაფერი თქვა.
- რამდენ ხანს დარჩება იქით? - გაბედა კითხვა.
- სადღაც ერთი კვირა, ალბათ. ჰა-ჰა, ათი დღე, თუმცა მეეჭვება. ეგენი დიდხანს ვერ ძლებენ ბავშვთან. მოვლით დიდად არ იწუხებენ თავს. თამთას არ ასწავლით დაკვრას? - გაუღიმა ვანომ.
- რა თქმა უნდა, მაგრამ ჯერ პატარაა, ცოტა წამოიზარდოს.
- ასე დიდხანს აპირებთ ჩემთან დარჩენას?
ვერიკოს ღაწვები აეწვა, მაგრამ არ დაიბნა.
- ვნახოთ, სანამ ვიქნები საჭირო. თუ არადა, სხვა დროს მუსიკის მასწავლებლად მომიწვიეთ და ეგ იქნება.
- კიდევ რა შეგიძლიათ ასწავლოთ?
- რა ვიცი, რაც შემეძლება, ყველაფერს ვასწავლი. ყოველ შემთხვევაში, იმას მაინც, რაც მე ვიცი.
- ხეზე ასვლასაც? - გაუღიმა.
ვერიკომ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
- თქვენ იცით ხეზე ასვლა? - არ მოეშვა ვანო.
- კი, მაგრამ ვერაფერში ვიყენებ, - ჩაიცინა ქალმა.
- რატომ?
- იმიტომ, რომ მე არავინ გამომეკიდება, - ორაზროვანი ნათქვამი გამოუვიდა.
- დარწმუნებული ხართ?
ქალმა კითხვა უპასუხოდ დატოვა. მხრები აიჩეჩა მხოლოდ.
***
დილანდელი საუბრის შემდეგ ვერიკო კარგ ხასიათზე დადგა. სამაგიეროდ, ვანო “ბრძანდებოდა” უგუნებოდ. ნაბახუსევი არ შორდებოდა. “ბორჯომი” კი დალია, მაგრამ არ უშველა. მერე ლუდიც მიაყოლა. ამაოდ… ნაბახუსევს თავის ტკივილი აწუხებდა. იმდენად ცუდად იყო, შინიდან გასვლის სურვილიც არ ჰქონდა. ბოლოს ვეღარ მოითმინა და ვიღაცებს დაურეკა, მიშველეთ რამე, ცუდად ვარ და ახლავე ჩემთან გაჩნდითო. ვერიკო რომ არ შეეწუხებინა, მძღოლს ხინკალი და ქაბაბი მოატანინა. თან სამწვადეც მოაყოლა. ძმაკაცებმაც არ დააყოვნეს, რამდენიმე წუთში ვანოსთან გაჩნდნენ. ქალმა ერთი ამოიცნო. ეს ის ცისფერთვალება მამაკაცი იყო, სანდრო, მადლობა რომ გადაუხადა მასპინძლობისთვის და ვერიკოს ძალიან რომ მოეწონა. მეორეს პირველად ხედავდა. ვერიკომ სასადილო ოთახში გაშალა სუფრა. რეზომ ხორცი ჩააბასტურმა და სანამ მამაკაცები ხინკალს მიირთმევდნენ, ბუხარი ააგუზგუზა, მერე კი სამწვადის შამფურზე აცმას შეუდგა. მასპინძელ-სტუმრები არაყს სვამდნენ და ზედ ლუდს აყოლებდნენ.
ვერიკო თავის ოთახში შეყუჟულიყო და ყოველ წამს პატრონის დაძახებას უცდიდა. თან ერთი სული ჰქონდა, მალე წასულიყვნენ სტუმრები, რომ ვანოსთან მარტო დარჩენილიყო. იქნებ კიდევ ჩამოეგდო საუბარი სიყვარულზე.
მალე მწვადის სუნმა ვერიკოსთანაც შემოაღწია. მოულოდნელად კარზე კაკუნი გაისმა. შეკრთა.
- ვინ არის? - საწოლიდან ჩამოხტა.
- ვანო ვარ, ვერონიკა. ერთი წუთით გამომხედეთ!
კარი გააღო. მის წინ შამფურზე აცმული მწვადით ხელში ოჯახის უფროსი იდგა.
- ვიცი, რომ იმათთან გეუხერხულებათ გამოჩენა. ამიტომ გადავწყვიტე, ადგილზე მომერთმია. სანამ ცხელია, პირი ჩაიტკბარუნეთ. ლუდს ხომ არ დალევთ?
- არა, გმადლობთ, - აილეწა ქალი.
- პურს თქვენ თვითონ მიაგნებთ, არა? - გაუღიმა მამაკაცმა.
- როგორღაც მოვახერხებ, - გაეცინა ვერიკოს და შამფური ჩამოართვა.
მწვადი ნამდვილად უნდოდა. მით უმეტეს, შემწვარი ხორცის სასიამოვნო სურნელი კარგა ხანია, უღიტინებდა ცხვირში. როგორი ყურადღებიანი კაცია, ასეთი რამეები არ ეშლება. სხვა რომ ყოფილიყო, საცოდავი მოსამსახურე არც გაახსენდებოდა. თანაც რა გემრიელი გამოსულა! ნეტავ ვისი ნახელავია? რეზომ შეწვა ვითომ? ყოჩაღ, კარგი მემწვადე ყოფილა! პური სულაც არ არის საჭირო, მწვადის გემოს ასე უფრო შეიგრძნობს ადამიანი. ვერიკოს დაეზარა სამზარეულოში გასვლა და თავი ამით დაიმშვიდა. პურს თუ არ მიატანს, არც გასუქდება, თორემ ამ ბოლო ხანებში, როგორც ატყობს, ცოტა მოიმატა კიდეც. აბა რა იქნება, საჭმელი არ აკლია და სასმელი, ლუკმას არავინ უთვლის და ხელებშიც არავინ შეჰყურებს. ასე რომ, ისე გემრიელად მოულხენს ხოლმე, თქვენი მოწონებული.
დიდი ხანი არ გასულა, რომ სასადილო ოთახიდან ჩოჩქოლი მოისმა. მამაკაცები უკვე ხმამაღლა ლაპარაკობდნენ, შეიძლება კამათობდნენ კიდეც. როგორც ჩანდა, კარგად იყვნენ შეზარხოშებულები. ვერიკოს გული გადაუცივდა. შეეშინდა, ჩხუბი არ მოსვლოდათ ერთმანეთში. ფრთხილად გამოიხედა. მოშორებით მდგარ რეზოს მოჰკრა თვალი.
- რეზო, რა ხდება, მშვიდობაა? - ხმადაბლა დაუძახა.
მძღოლს პასუხი არ გაუცია, ხელი დაუქნია მხოლოდ - ყველაფერი კარგად არისო.
- ბიჭო, მე რომ მოვდივარ შენთან სახლში, შენს მოსამსახურეზე რამეს გეკითხები? რა გამიხურე საქმე, ბოლოს და ბოლოს! - ისმოდა ვანოს ხმა.
- მე არ მყავს ძმაო, მოსამსახურე და რა უნდა შემეკითხო. შენ კიდევ აგერ კაკაბივით ქალი დაგიდის ეზოში და ბაიბურშიც არა ხარ. რას იფიქრებს ის ქალი, “ვანეტო იმპოტენტოო”, არ იტყვის?
ვერიკოს სუდარის ფერი დაედო. გაფითრებულმა სასწრაფოდ მიიხურა კარი და ზურგით მიეყრდნო. რა საზიზღარი არიან ეს კაცები! რა გაუწყალეს გული ამ ვანოს, რატომ არ მოეშვებიან? მართლაც, შეიძლება ყველა მოსვლაზე თითოეული მათგანი მათი ურთიერთობით ინტერესდებოდეს? რა უნდათ? ალბათ, თავად რომ არ მიუწვდებათ ხელი, ჯავრს ვანოზე იყრიან. ის კი, ბუნებრივია, გულზე სკდება. ერთ მშვენიერ დღესაც, ალბათ, ვეღარ მოითმენს და… შეძახილით ხე გახმაო, იტყვიან. არა, ეს არ უნდა ვერიკოს. აბა რა უნდა? ჰგონია, რომ “პატრონი” ცოლად შეირთავს? არც იოცნებოს! უჰ, რას აიჩემა ეს სიტყვა. მისი სიძის აკვიატებული გამოთქმაა. ვერიკოს ძალზე მოსწონს მისი ლექსიკონი და იყენებს ხოლმე, ოღონდ მხოლოდ ფიქრებში…
გარეთ ხმაური ნელ-ნელა მიწყნარდა. ალბათ დაშოშმინდნენ. ვერიკო მაინც ეკლებზე იჯდა. როგორ უნდოდა მოქეიფეები დროზე დაშლილიყვნენ. თანაც, მერე ხომ უნდა მიელაგებინა იქაურობა.